(გიგი მესვეტე)
აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი.
რამდენიმე საათში საქართველოს მოსახლეობა 25 ათასით შემცირდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ფაქტებს კი ვერსად გაექცევი. გაიქცევი და წაიქცევი. ფაქტი კი ფაქტად დარჩება.
რამდენიმე საათში საქართველოს მოსახლეობა 25 ათასით შემცირდება.
სანამ ჭიქის აწევა შემიძლია, ყოველთვის ვიტყვი წასულების სადღეგრძელოს: “...ცოცხლად გაუმარჯოთ“.
ეჰ, რაღა ცოცხლად. წავიდნენ და გული დაგვწყვიტეს. იმასაც იტყვიან ხოლმე სადღეგრძელოში, ჩვენ ისღა შეგვიძლია, რომ მათ სახელზე ჭიქა ავწიოთო.
ტყუილია - კიდევ რაღაც-რაღაცეები შეგვიძლია. მაგალითად, სანთლის დანთება ეკლესიაში და ხის დარგვა უდაბნოში. ბევრი რამ შეგვიძლია.
მაგრამ, ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, როგორც განათლებული ხალხი ამბობს - ჩვეულებრივი მოკვდავნი და როგორც გაუნათლებლები ამბობენ - ჩვეულებრივი მომაკვდავები. ისე, პირიქითაც შეიძლებოდა.
ეგ არაფერი. პერსპექტიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ გული არ უნდა გავიტეხოთ. არაჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფმა, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და კიდევ რაღაცის სამინისტრომ, როგორც ამ ბოლო დროს ირკვევა, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის რაღაც აღმოაჩინა.
„არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“. საქმის ვითარება ასეთია:
ჩემი ცოცხალი ბებია (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) პენსიას თუ ღებულობს - მხოლოდ დაგვიანებით. ბაბუაჩემი კი (ღმერთმა აცხონოს), თურმე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სკურპულოზურად, კაპიკ-კაპიკ, ცენტ-ცენტ, პფენინგ - პფენინგ, თეთრ - თეთრ, პენსიასაც ღებულობდა და იქნებ ხანდახან (თუ დაიმსახურებდა) - პრემიასაც, ჰუმანიტარული დახმარების სახით.
აბა ბაბუაჩემი ფულს რაში დახარჯავდა?! ჰოდა, ალბათ, კარგა გვარიანი კაპიტალიც შეაკოწიწა.
შემდეგ, არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და ხმა, რა თქმა უნდა, იმ პარტიას მისცა, რომელმაც მისი გაკაპიტალისტება უზრუნველყო.
პარტიამ კი დაივიწყა ცხონებული ბაბუაჩემის პოლიტიკური ამაგი და საარჩევნო უფლების ჩამორთმევას უპირებს. სათათბირო ხმის უფლებასაც აღარ უტოვებენ. მაგას ვინ ჩივის, კაპიტალის ექსპროპრიაციაც კი გადაწყვიტეს.
ჩვენს მზიურ სამშობლოში, საქართველოში, ამგვარი კიდევ 25 ათასი ბებია და ბაბუაა.
უფრო სწორად, იყვნენ და რამდენიმე დღეში აღარ იქნებიან. პარტიამ და მთავრობამ მათი ხელმეორე გარდაცვალების ვერდიქტი გამოიტანა:
„მკვდარმა თავისი საქმე გააკეთა, მკვდარი უნდა წავიდეს“.
წასასვლელი მათ ერთი აქვთ - ჩვენი გულები, საიდანაც არასოდეს არსად არ წასულან. თვეში ერთხელ თუ გაიქცეოდნენ ხოლმე „სობესში“ პენსიის ასაღებად და ოთხ წელიწადში ერთხელ - საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად.
სოციალურად უზრუნველმყოფელებს და მათ უსტაბაშს რაც შეეძლოთ გააკეთეს. მიცვალებულთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ბევრად აღემატება მსოფლიოს ანალოგიურ საერთო მაჩვენებელს.
როგორც ჩანს თავისი დასასრული ყველაფერს აქვს და კადრების გადახალისების პროცესი მკვდარ სულებშიც იწყება. სტრუქტურული ცვლილებების სიო მათაც შეეხოთ.
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა 25 ათასი კაცით შემცირდება. ზოგიერთი იმქვეყნიური წყაროს ცნობით, ისინი „გარდაცვლილ მოქალაქეთა კავშირი“ ჩამოყალიბებას აპირებენ.
ბაბუაჩემს, როგორც პენსიონერს და როგორც ამომრჩეველს საბოლოოდ უნდა დავემშვიდობო.
არადა, როგორ უნდოდა, ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება...