"კოალიცია "ქართული ოცნება" პარტიათა შორის დადებულ ქცევის კოდექსს შეუერთდა. მათი მხრიდან წამოყენებული პირობების შემდეგ და დოკუმენტში ცვლილების შეტანით, ოცნება თანახმაა, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მანანა კობახიძის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების ობიექტურად ჩატარებას შეუწყობენ ხელს და თუ მათი მხრიდან იქნება შედეგები აღიარებული, კოალიციაც შეუერთდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" არჩევნებს კონსტიტუციური საშუალებების ამოწურვის შემდეგ აღიარებს / მანანა კობახიძე: "იმედი გვაქვს, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ობიექტურ დასკვნას დადებს".
"ჩვენ ქცევის კოდექსის წინააღმდეგნი ადრეც არ ვყოფილვართ, უბრალოდ, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ "ნაცმოძრაობა" ფაქტობრივად თავის პირობებს გვთავაზობდა, მაშინ როცა დამოუკიდებელი არასამთავრობოების მიერ შემუშავებული კოდექსი არსებობდა. აღნიშნულ დოკუმენტში ჩვენ მცირედი შესწორება შევიტანეთ, რომელიც გულისხმობდა შემდეგს - მხოლოდ ცესკოს, არასამთავროების და საერთაშორისო დამკვირებლების აღიარების შემთხვევაში კი არ ვაღიარებდით ჩვენც, არამედ კონსტიტუციური საშუალებების ამოწურვის შემდეგ, ანუ უფრო გავაფართოვეთ და ამას მოვაწერეთ ხელი. იმედი გვაქვს, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირებელი დადებს ობიექტურ დასკვნას და არჩევნების შედეგებს, სადაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გამარჯვებულები ვიქნებით ჩვენ და შესაბამისად არანაირი მანიფესტაციები და აქციები არ იქნება. ჩვენ არეულობებს არ ვგეგმავთ," - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.
"შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი, რომელიც წინასაარჩევნოდ პარტიათა ქცევას არეგულირებს, შეთანხმებაა და ის არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებს, შესაბამისად, აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი ქმედება არ დაიწყება. საიას იურისტ თათული თოდუას განმარტებით, "ამ შეთანხმებას რამე სახის სამართლებრივი ძალა არ აქვს, ესაა უბრალოდ ჯენტლმენური შეთანხმება, და შესაბამისად, თუ დაირღვევა რამე პუნქტი, ანუ გაიმართება აქციები, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რამე სახის სამართლებრივი ზომები ვერ იქნება მიღებული. უბრალოდ, ამას მიეცემა პოლიტიკური დატვირთვა, რომ მოაწერეს ხელი და ახლა თავიანთ შეთანხმებას და პირობას არღვევენ" - აღნიშნავს გამოცემა.
"კოალიციის მთავარი იმედი საერთაშორისო დამკვირებლები არიან, შესაბამისად ისინი მათ წინააღმდეგ ვერ წავლენ. სწორედ ამიტომ შეურთდნენ ამ ქცევის კოდექსს. რაც შეეხება თვითონ ამ დოკუმენტს, ეს არის ჯენტლმენური შეთანხმება, რომელიც ჯენტლმენებს შორის იდება. ჩვენს პარტიათა პასიანსში კი ძალიან ცოტა ჯენტლმენია. აქედან გამომდინარე მკითხველმა თვითონ გადაწყვიტოს, რა ფასი აქვს ქცევის კოდექსს. იმის გარანტია, რომ რადგან პარტიებმა ამ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს, აქციები და მანიფესტაციები არ გაიმართება, არ არსებობს. მსგავსი სახის შეთანხმებები და ფიცის დადება ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ საღამოს დადებული ფიცი დილით უკვე დავიწყნიათ," - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
"რაც შეეხება ამ დოკუმენტს, გარკვეულწილად ესაა კეთილი ნების შეთანხმება, რომელიც პარტიებს არანაირ ვალდებულებას არ ანიჭებს. გაპროტესტების უფლება ნებისმიერ ადამიანს და პოლიტიკურ ჯგუფს გააჩნია, ეს უფლება გამოხატვის თავისუფლებაში შედის. დესტრუქციული ქმედება კი ხელშეკრულების გარეშეც ყველას აკრძალული აქვს და კანონსაწინაამღდეგოა. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეს იქნება არჩევნების შემდეგი პროცესი, მთავარი აქცენტი კი კეთდება არჩევნების შედეგის მისაღწევად და შესაბამისად საიმიჯო მახასიათებლებზეც და რეიტინგზეც ყველაზე მეტად ახლა ზრუნავენ. არჩევნების შემდეგი პერიოდი საქართველოში ახალი ეპოქის მსგავსი პერიოდია, აქედან გამომდინარე, შემდგომი პერიოდი აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. შესაძლოა, მერე პარტიას არა საიმიჯო, არამედ სრულიად განსხვავებული ამოცანები ჰქონდეს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პიარტექნოლოგი არჩილ გამზარდია.