არჩევნები 2012 სულ უფრო ახლოვდება და ამასთან იზრდება ეჭვი, რამდენად დემოკრატიულად, სამართლიანად და გაუყალბებლად ჩაივლის ეს პროცესი. გაყალბების უამრავი მექანიზმი არსებობს, რისი მაგალითებიც ახლო წარსულში მრავლად მოგვეპოვება, თუმცა დღესაც აქტუალურია...
გაყალბება #1
გავრცელებული ინფორმაციით, გვარს არ დავასახელებთ და კოლმეურნეობის თავმჯდომარის პარტიის ”დაქირავებულები” ათასგვარი მეთოდით ცდილობენ ამომრჩევლის მოზიდვას - ფუჭი დაპირებებით, ნათელი მომავლის პერსპექტივითა თუ ფოჩიანი კანფეტებით, ხშირად მუქარასაც არ ერიდებიან - ზოგს სამსახურებიდან გამოყრით აშინებენ, ზოგს - დაჭერით, ზოგსაც - ოჯახის აწიოკებით. მოკლედ, შეშინებულ ამომრჩეველს ბრმა მორჩილების გარდა სხვა შანსს აღარ უტოვებენ და ”ნაციონალური მოძრაობის” ხელოვნურად შევსებული მომხრეების სიაში ”საპატიო” ადგილსაც უძებნიან. ჰოდა, ასე დამუშავებული, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი იძულებულია ”პატრონს” საქმე 5-იანზე ჩააბაროს, ანუ შემოხაზოს ”დამკვეთისთვის” სასურველი ნომერი, მოიმარჯვოს მობილური ტელეფონი და ფოტო გადაუღოს, 5-იან შემოხაზულ ბიულეტენს, რათა შემდეგ პირნათლად წარდგეს ”დამკვეთის” წინაშე და მტკიცებულებაც წარუდგინოს.
ჩვენ კი ასეთ ამომრჩეველს ვთავაზობთ ”საარჩევნო ხაფანგიდან” თავის დაღწევის ორიგინალურ მეთოდს...
ამისთვის ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაიცვათ თავი გაყალბებისგან მაშინაც კი, როცა შიში ოხერია.
მაშ ასე, როდესაც საარჩევნო კაბინაში მოხვდებით, თან იქონიეთ წინასწარ გამზადებული რგოლის ფორმის, მავთული ან სულაც ძაფი (სასურველია მუქი ფერის). შემდეგ მოაქციეთ ამ რგოლში ”შეკვეთილი” ნომერი და გადაუღეთ ფოტო 20-25 სანტიმეტრის სიმაღლიდან, რათა ნაკლებად შესამჩნევი იყოს, რომ ეს არ არის კალმით შემოხაზული ნომერი. ამის შემდეგ კი მშვიდად შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ციფრი. ასე რომ, ”მოძალადეს” თუ ძალისმიერი მეთოდებით არა, ჭკუით შეგიძლიათ აჯობოთ!
გაყალბება #2
მოგეხსენებათ, ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ჩვენს ”გამყალბებლებს” კიდევ ერთი გენიალური იდეა მოუვიდათ თავში: ”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორების მიერ დამუშავებულმა ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინაში უბანზე გადაცემულ ცარიელ ბიულეტენთან ერთად უნდა შეიტანოს ”დამკვეთებისგან” წინასწარ მიღებული, 5-იან შემოხაზული ბიულეტენი. ჩააგდოს ეს ბიულეტენი საარჩევნო ყუთში, სუფთა კი უკან გამოიტანოს და ”პატრონს” მიართვას... შემდეგ მას ისევ შემოხაზავენ და მომდევნო ამომრჩეველს გადასცემენ იმავეს გასამეორებლად.
თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს თავდაცვის მექანიზმი - ბიულეტენზე უკვე მითითებული ნომრის გარდა შემოხაზეთ სხვა ნებისმიერი ნომერი, ასეთ შემთხვევაში ვერ შეგპირდებით, რომ თქვენი ხმა არ დაიკარგება, რადგან ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, მაგრამ იძულებით ხმის მიცემას თქვენთვის არასასურველი კანდიდატისთვის, ნამდვილად გადარჩებით.
მოახლოებული არჩევნების თემა იმდენად აქტუალურია, რომ სოციალურ ქსელში კომენტარებით ბრძოლაც კი გაჩაღდა. მოქალაქეები არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობენ. აი, ერთ-ერთი მათგანი:
”თუ 5-იან შემოხაზული ბიულეტენი გაგატანეს, შეგიძლიათ შემოხაზოთ ყველა ნომერი და გადაუსვათ X (კრესტიკი), გარდა იმ ნომრისა, ვისაც ხმას აძლევთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ხმა არ დაიკარგება!”
შევეცადეთ ეს ვარიანტი საარჩევნო კომისიაში გადაგვემოწმებინა. მათ კი პასუხად საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლი წარმოგვიდგინეს:
მუხლი 69. ხმის დათვლა
დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;
დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;
ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
ამ მუხლის ბ პუნქტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზემოთ ხსენებული ბიულეტენი ბათილად არ უნდა ჩაითვალოს! საარჩევნო კომისიაში ისიც გვითხრეს, რომ ეს საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის და ასეთი ბიულეტენების ნამდვილობას ხმების დათვლისას საუბნო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.
მაშ, დავიცვათ ჩვენი ხმები! არ მივცეთ საშუალება ”მოძალადეებს” ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გამოგვიყენონ და მათ შემოგდებულ ”ვირუსებს” ”ანტივირუსებით” შევეგებოთ! არჩევნებიც უფრო გამჭვირვალედ და ნაკლები გაყალბებით ჩატარდება.