ლერი ხაბელოვი: ჩემი ”დანაშაული”

ლერი ხაბელოვი: ჩემი ”დანაშაული”

ქარელში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად ლერი ხაბელოვის დასახელებას გარკვეული დროის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული შეფასება მოჰყვა, - ქარელში კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც საქართველოს დროშის ქვეშ არ გამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აზრით, ქართველები მძინარე ცხინვალს დაესხნენ თავსო. დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გაიმეორა: ლერი ხაბელოვმა უარი თქვა პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს დროშით გამოსულიყო, რადგან საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს რუსეთის მარიონეტებზე თავდასხმაშიო. რას პასუხობს ”ქართული ოცნების” ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი ლერი ხაბელოვი ოპონენტებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ამ ხელისუფლებასთან ჩემი დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც სპორტის დეპარტამენტში ვმუშაობდი და იქიდან წამოვედი. მერე იყო ოლიმპიური კომიტეტი და ბადრი პატარკაციშვილი. ვერ მაპატიეს ბადრისთვის მხარდაჭერა. ეგონათ, იოლად მმართავდნენ, მაგრამ მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი და ეს სწყინდათ. ამიტომაც ცდილობდნენ ჩემს შეზღუდვას ჯერ ოლიმპიურ კომიტეტში, ახლა კი ქარელის რაიონში. მათთვის მიუღებელია, რომ დეპუტატობის კანდიდატი ვარ. ყველანაირად ცდილობენ, პარლამენტში არ მოვხვდე. თუ მათთან ხარ, კარგი ხარ, თუ არა და - მტერი ხარ.

რას ნიშნავს მიშას ნათქვამი, საქართველოს დროშის ქვეშ არ დადგაო?! ბევრი ამას კარგად ვერ გაიგებს დაG განგებ ამბობენ, იქნებ საზოგადოება შეაცდინონ, ჩვენი მტერიაო. კვარცხლბეკზე ავედი, ჩემპიონი გავხდი, თუ როგორ უნდა დავმდგარიყავი ქართული დროშის ქვეშ?

- რა მოხდა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე?

- მე ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ვიყავი. როდესაც სააკაშვილმა თქვა, ქართული დროშის ქვეშ არ დადგაო, ალბათ, ის იგულისხმა, რომ ოლიმპიურ აღლუმზე არ გამოვედი. აღლუმზე გამოსვლა ოლიმპიური ქარტიის თანახმად ნებაყოფლობითია და არ ვიყავი ვალდებული, გამოვსულიყავი. ხშირად სპორტსმენების ნახევარი არ გამოდის აღლუმზე. ამის გამო პეკინში პრობლემა არ შემქმნია. ჩემ გვერდით იყვნენ მაშინ სააკაშვილის თანაგუნდელები, მთავრობის წევრები და ამას ყველა ნორმალურად შეხვდა, მაგრამ ახლა, არჩევნების წინ, როდესაც კენჭს ვიყრი, გაახსენდათ, პეკინის ოლიმპიადაზე ”დიდი დანაშაული” რომ ჩავიდინე. თუ მოღალატე ვიყავი, მაშინვე გამოეცხადებინათ, რატომ ამბობენ ახლა, როდესაც ხელში ”ქართული ოცნებისა” და სახელმწიფო დროშა მიჭირავს?!

განაწყენებული პრეზიდენტი ტალახს მესვრის, ოლიმპიადის თემა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა. თუ 1992 წლამდე საქართველოს დროშით გამოვდიოდი, დღეს რა მეხი დამეცა?! ოთხმოცდაათიან წლებში ბევრად ცუდი დრო იყო. მაშინ ისინი (ოსები) მაცხადებდნენ მოღალატედ, ახლა კი სააკაშვილი, მაგრამ ვიცი, რომ მაშინაც სწორი მიმართულება მქონდა და ახლაც. ჩემი ყველა დიდი გამარჯვება საქართველოს სახელით მაქვს მოპოვებული. 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რომ გავხდი, კვარცხლბეკზე არ ავედი, რადგან დსთ-ისა და რუსეთის დროშები აღმართეს. მოვითხოვე, მე იმ ქვეყნის სახელით გამოვდივარ, სადაც დავიბადე და სანამ საქართველოს დროშას არ აღმართავენ, არ ავალ-მეთქი. ნახევარი საათი მოუნდნენ დროშის შეცვლას, სანამ საქართველოს დროშა არ აღმართეს და ჩვენი ჰიმნი არ გააჟღერეს, კვარცხლბეკზე არ ავსულვარ. მაშინ რუსეთის პირველ არხს ასეთი რამ ვუთხარი, გამარჯვებას ქართველ და ოს ძმებს ვუძღვნი. შერიგების დრო დადგა და ჩემი ოქროს მედალი შერიგების დასაწყისი გამხდარიყოს-მეთქი...

სააკაშვილი თავისი ლაპარაკითა და საქციელით ამტკიცებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა. ის ისედაც ქართველი ხალხის ოპოზიციაშია და მალე ოფიციალურად მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა, რადგან ჩვენ მოვალთ მთავრობაში.

- პეკინის ოლიმპიადაზე სპორტსმენებს მოსთხოვეს პროტესტის ნიშნად ოლიმპიადის დატოვება, მაგრამ თქვენ უარი თქვით.

- სანდრა რულოვსი მოვიდა დიდი დელეგაციით. გვითხრეს, რადგან საქართველოში ასეთი რამ ხდება, პროტესტის ნიშნად ოლიმპიური თამაშები დავტოვოთო. ვერ გავიგე, პროტესტს მსოფლიოს უცხადებდნენ, ოლიმპიურ მოძრაობას თუ რუსეთს. სპორტსმენები 4 წელი ემზადებოდნენ ამ ოლიმპიადისთვის და ეს რომ გაიგეს, ლამის ატირდნენ, უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. გუნდში 4 ბრაზილიელი გვყავდა, პლაჟის ფრენბურთელები, თქვეს, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ ოლიმპიურ თამაშებსო. იგივე თქვა ორმა ჩვენმა თანაგუნდელმა ოსმა ძალოსანმაც. ჩვენი ბიჭები საშინელი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ზოგი დაითანხმეს, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, ზოგიც ჭოჭმანობდა. რაკი ძალოსნები და ფრენბურთელები ოლიმპიადის დატოვებაზე უარს ამბობდნენ, ვთქვი, სანამ ერთი ჩვენი სპორტსმენი დარჩება პეკინში, მანამ მის გვერდით ვიქნები-მეთქი. როდესაც გაიგეს, რომ ოლიმპიადას არ ვტოვებდი, 5-6 საათის განმავლობაში რამდენჯერმე დაურეკეს სააკაშვილს. თბილისიდან თვითმფრინავი პეკინში გამოსაფრენად მზად იყო, მაგრამ მერე თქვეს, - პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სპორტსმენებმა ბოლომდე იბრძოლონო. გოგი თოფაძეს, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ჩვენი ოლიმპიური გუნდი სასჯელს გადაურჩა - ოლიმპიადა რომ დაგვეტოვებინა, საქართველოს გუნდს ორ ოლიმპიურ თამაშზე აეკრძალებოდა მონაწილეობა. როცა მე ვიყავი მისიის ხელმძღვანელი, ყველაზე დიდი შედეგი ჰქონდა ჩვენს გუნდს - სამი ოქრო და სამი ბრინჯაო. ეტყობა, ეს არის ჩემი ”დანაშაული”.


ლერი ხაბელოვი

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში.
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (100 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის.
XXIV ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1988, სეული).
XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა).
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93).
ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92).
სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88).
მსოფლიოს თასის მფლობელი (1991).
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.