გადასატანი ყუთი და 100 ათასზე მეტი გარანტირებული ხმა?!

გადასატანი ყუთი და 100 ათასზე მეტი გარანტირებული ხმა?!

"რამდენიმე დღის წინ შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში არცთუ ასაკოვან ქალბატონთან საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, რომ საარჩევნო უბანზე მოსვლით არ შეწუხდე, ყუთს სახლში მოგიტანთო. ამ ქალის ვინაობას არ ვასახელებთ, რადგან, შესაძლოა, მას პრობლემები შეექმნას. ის კი იმის გამო იყო აღშფოთებული, რომ ჩათვალა, გადასატანი ყუთის სახლში მიტანით ის მოხუცად მიიჩნიეს და სწორედ იმის გამო მოგვიყვა, რომ შემოეჩივლა, ასაკოვნად რატომ ჩამთვალესო... მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საარჩევნო კომისიის წევრს ამომრჩევლისთვის ამ შეთავაზების გაკეთების უფლება არ აქვს და ეს კანონდარღვევაა, რადგან "საარჩევნო კოდექსში" წერია, რომ გადასატანი ყუთის სახლში მიტანის თხოვნით კომისიას თავად ამომრჩეველმა უნდა მიმართოს!" - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გადასატანი ყუთი და 100 ათასზე მეტი გარანტირებული ხმა / საუბნო კომისიებს 30-35 ისეთი ამომრჩევლის შერჩევა დაევალათ, რომლებსაც საარჩევნო ყუთს სახლში მიუტანენ.

"საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ამომრჩეველმა გადასატანი ყუთით სარგებლობის თხოვნით კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრამდე ორი დღით ადრე. ამასთან, ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას, ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით. საბოლოოდ კი ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით, რომ კონკრეტული ადამიანი გადასატანი ყუთის სიაშია შეყვანილი. ამასთან, რამდენიმე თვის წინ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებით განისაზღვრა, რომ იმ პირთა რაოდენობა, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს, არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა 3 პროცენტს. ეს მოთხოვნები კანონით არის განსაზღვრული და, ცხადია, მისი დარღვევა კანონის დარღვევას ნიშნავს, რაც სათანადო წესით ისჯება", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, ყველა საუბნო კომისიას არაოფიციალური დავალება აქვს მიღებული, რომ უნდა შეაგროვონ თითო უბანზე 30-35 ამომრჩეველი, რომელსაც გადასატან ყუთს სახლში მიუტანენ და ხმის მიცემისას დაეხმარებიან, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი შემოხაზოს. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთში ერთ-ერთი კომისიის წევრმა ისაუბრა. ცხადია, მის ვინაობასაც გასაგები მიზეზების გამო ვერ ვაკონკრეტებთ. მისი თქმით, ეს დავალება ყველა საუბნო კომისიას აქვს მიღებული. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ გადასატანი ყუთით სარგებლობა შეუძლია უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის მაქსიმუმ 3%-ს, მარტივი გათვალებით გამოდის, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება, დაახლოებით, 100 ათასი ხმის მოპოვებას ცდილობს. საბოლოო მონაცემებით 2012 წლისთვის ამომრჩეველთა სია 3 621 256 ადამიანით განისაზღვრა. ამის სამი პროცენტი, დაახლოებით, 108 ათასი ხმაა, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ელემენტარულად, საარჩევნო ბარიერი 5%-ით არის განსაზღვრული, რაც, დაახლოებით, 180 ათასი ხმაა", - დასძენს გამოცემა.

"ეს ფაქტი ცალსახად კანონდარღვევაა და დადასტურების შემთხვევაში სათანადო პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამისთვის საჭიროა, რომ თავად იმ პირმა შეიტანოს საჩივარი, ვისაც მიმართეს ამ შეთავაზებით... ხელისუფლება რომ ამას გააკეთებს, ადვილი წარმოსადგენია. მთავარი ის არის, რომ ამის საშუალება მათ დამკვირვებლებმა არ მისცენ. გადასატან ყუთს თითო დამკვირვებელი მაინც რომ გაჰყვეს, ადვილი გასაკონტროლებელი იქნება ის, თუ ეს პროცედურა როგორ ჩატარდა და სათანადო შეფასებებიც გაკეთდება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი.

"ამის გაკონტროლების ერთადერთი საშუალება არის ის, რომ ოპოზიციამ შეამოწმოს გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი პირები და, თუკი აღმოაჩენს, რომ ისინი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, გააპროტესტოს. ამასთან, უკვე არჩევნების დღეს გადასატან საარჩევნო ყუთს უნდა გაჰყვეს კომისიის ორი წევრი, რომელიც კენჭისყრით განისაზღვრება და ადვილი შესაძლებელია, რომ მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს. მაგრამ, დამკვირვებლებს შეუძლიათ, რომ ამ ყუთს გაყვნენ და მათ უნდა გააკონტროლონ, რომ იქ არ მოხდეს ამომრჩევლის იძულება თუ შეშინება, რათა არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. თუ სათანადო კონტროლი არ იქნება, ცხადია, ხელისუფლება ამას გამოიყენებს, მაგრამ ეს კონტროლი გაკეთდება და "ქართულ ოცნებას" ამის საშუალება გააჩნია. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისი წარმომადგენლები ხომ ეყოლებათ და აუცილებელი იქნება, რომ მათი წარმომადგენლებიც გაჰყვნენ ამ ყუთებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე.