„საქართველოს მწვანეთა პარტია“ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი სახელწოდებით, ამასთან პოლიტიკური გაერთიანების შემადგენლობაში გამოვა.
„მწვანეების“ ლიდერის, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ცოტა ხნის წინ გამართულ პარტიის მეშვიდე ყრილობაზე, რომლის მუშაობაშიც ათას დელეგატზე მეტი მონაწილეობდა, პარტიისათვის სახელის შეცვლა გადაწყდა, რომელსაც „საქართველოს მწვანეთა პარტია - გიორგი გაჩეჩილაძის გუნდი“ დაერქვა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პარტიაში განიხილება საკითხი, თუ კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად გამოვლენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. მან აღნიშნა, რომ „მწვანეები“ ალიანსში ისეთ პარტიასთან შევლენ, რომლის იდეოლოგიური პრინციპები მისაღები იქნება და რომლის სახელი საზოგადოებაში დისკრედიტებული არაა.
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, უფრო სავარაუდოა, რომ არჩევანი მემარცხენე ორიენტაციის ორგანიზაციაზე შეჩერდეს, რაც მეტნაკლებად მისაღები ვარიანტია, ამასთან, მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
აგრეთვე, მისი განცხადებით, გარკვეული პერსპექტივებია „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ურთიერთობებში. მისი მტკიცებით „მწვანეთა პარტია“ უახლოეს მომავალში ისეთ ორგანიზაციებთან დაიწყებს კონსულტაციებს, რომლებთანაც შესაძლოა თანამშრომლობა დამყარდეს.
მოცემული მომენტისათვის, გაჩეჩილაძის ინფორმაციით, პარტია სამი ათასზე მეტ წევრს აერთიანებს.