ვინ ატარებს

ვინ ატარებს "ინსტრუქტაჟს ბერას ფანების "ძვლებში გადასამტვრევად"

დღეს, ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს 8 საათზე, ბერა ივანიშვილი სოლო კონცერტს გამართავს. სცენის აწყობა უკვე დაწყებულია.

სანამ კონცერტის ორგანიზატორები ბოლო დეტალებს აგვარებენ, ხელისუფლება დროს უქმად არ კარგავს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუშინ და გუშინწინ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდა აქტივისტებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონცერტის დასასრულს.

წყაროს თქმით, ახალგაზრდა "ნაციონალებმა"' კონცერტის დასასრულს, იქ, სადაც კამერები არ იქნება, "ოცნების" აქტივისტები უნდა სცემონ, უფრო დაზუსტებით კი, "ძვლებში გადაამტვრიონ".

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ინსტრუქტაჟი სიტყვასიტყვით ამგვარი იყო: _ ბერას მომხრეებმა ლამის მიკროფონები ჩაგჩარეს პირში და თქვენ აქ ძველი ბიჭებივით ჩაცუცქულხართ. მითხარით, რას აკეთებთ, ან რაში გაძლევთ ფულს?! კეთილი ინებეთ და ტრ...ი გაანძრიეთ. იქ სადაც კამერები არ იქნება, დასცხეთ, დედა მოუტ....ით და ძვლებში გადაამტვრიეთ, _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, უთქვამს გუშინ, "ნაციონალების" ჩოხატაურის ოფისში, ვინმე მიშა კვესაძეს, რომელიც მმართველი პარტიის დასახმარებლად თბილისიდან არის მივლინებული.

კვესაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება: _ ვინ გითხრათ, რა სისულელეა, ტო, არანაირი მსგავსი საუბარი არ ყოფილა, _ აღნიშნა კვესაძემ ჩვენთან საუბრისას.

ვინ არის მიხეილ კვესაძე? იგი საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსი და საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრი იყო.

საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მიხეილ კვესაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსია. ხოლო, საქართველოს მთავრობის 342-ე დადგენილებით, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგიას განსაზღვრავს, იგი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრი გახდა.

რა საარჩევნო გამოცდილება აქვს მიხეილ კვესაძეს? იგი 2005 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლად დაინიშნა, უფლებებიც მიეცა და სათანადო სახელფასო ანაზღაურება.

2008 წლის არჩევნების დროს, მიხეილ კვესაძე, მუქარისა და გრძელვადიან დამკვირვებელზე ზეწოლის გამო, საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდა. იგი მაშინ, "ნაცმოძრაობის" ბათუმის საარჩევნო შტაბში იყო "მივლინებული": "დაფიქსირდა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის მიერ ზეწოლის ფაქტი “სამართლიანი არჩევნების” ხელვაჩაურის რაიონის გრძელვადიან დამკვირვებელზე. როგორც “სამართლიან არჩევნებს” აცნობეს, აღნიშნული პიროვნება, მიხეილ კვესაძე, ჩართული იყო ნაციონალური მოძრაობის ბათუმის შტაბის წინასაარჩევნო კამპანიაში და ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა შვებულებაში, როგორც სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელი.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ეცნობათ აღნიშნული ზეწოლის ფაქტის შესახებ და როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, ბატონ კვესაძეს ჩამოაშორებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას. ამასთანავე, ბათუმში გაიმართა “სამართლიანი არჩევნებისა” და “საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ერთობლივი პრეს-კონფერენცია, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა საჯაროდ დაგმო და ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო", _ ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" საბოლოო ანგარიშში.

ჩვენ ეს ინფორმაცია თავად კვესაძესთან გადავამოწმეთ.

კვესაძე ადასტურებს, რომ 2008 წელს მთავრობის კანცელარიაში, ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობდა.

მუშაობდა.

_ სამართლიანმა არჩევნებმა რომ საარჩევნო კამპანიას ჩამოგაცილათ ბათუმში და მათ ანგარიშშიც ხართ შესული, ამ ფაქტს როგორ გაიხსენებდით?

_ რა პრობლემაა!

_ არ არის პრობლემა? ზეწოლას ახდენდით დამკვირვებლებზე და ამის გამო, არჩევნების კამპანიას ჩამოგაცილეს. ეს არაფერს ნიშნავს?

_ როგორც ტრენინგები ჩაატარეს ჩოხატაურში, ისე იყო ეგ ზეწოლაც.

_ გინდათ თქვათ, რომ ორივე შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია იყო?

_ თავისთავად ცხადია.

ახლახან, 2012 წლის ივნისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს, რომელიც სულ ცოტა ხანში ოზურგეთის მაჟორიტარ კანდიდატად ნაცმოძრაობამ დაასახელა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ აკეთისა და აცანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, სწორედ მიხეილ კვესაძე ახლდა. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ შეხვედრის შესახებ ვკითხულობთ: "რამაზ ნიკოლაიშვილმა ისაუბრა მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, კერძოდ კი: წყალმომარაგებაზე, გაზმომარაგებაზე. მოსახლეობამ მინისტრს პრობლემები გააცნო, რომელიც შეეხებოდა შუხუთი-აკეთისა და შუხუთი-აცანის გზის რეაბილიტაციას, შიდა გზების მოწესრიგებას, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, წყალსაწრეტი არხების გაწმენდას და სხვა. იმავე დღეს მიხეილ კვესაძე, დავით სირაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მამათის მოსახლეობას მოუსმინა და მიმდინარე საკითხები განიხილეს. რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, გამოიკვეთა ცალკეულ სოფლებში არსებული პრობლემები და დაისახა მათი გადაჭრის გზები".

როგორც ჩანს, "საარჩევნო საქმეებს" იუსტიციის მინისტრის თქმით "ჩამოშორებული" და "ბოდიშმოხდილი"კვესაძე, ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბში მუშაობას, ამჯერად გურიაში განაგრძობს.