ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ქართულ ოცნებას" ქცევის კოდექსზე ხელი მოწერილი აქვს".

"პარტიათა ქცევის კოდექსის ერთიანი ტექსტი, რომელსაც ყველა პოლიტიკურ ძალა აწერს ხელს, არ არსებობს", - აცხადებს საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. მისი განმარტებით, არასამთავრობოების მომზადებულ დოკუმენტს "ნაცმოძრაობამ" თავის მხრივ ოთხი პუნქტი დაამატა. ექვსი პუნქტი შეიტანა ასევე ტექსტში "ქართულმა ოცნებამ" და ჯამში კოდექსის რამდენიმე ვარიანტი შეიქმნა. ამან სრული გაუგებრობა წარმოქმნა, რადგან პარტიებმა მხოლოდ ქცევის კოდექსის საკუთარ ვერსიებს მოაწერეს ხელი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "ქართულ ოცნებას" ქცევის კოდექსზე ხელი მოწერილი აქვს.

"გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრა სურს, რის წინაპირობადაც ევროკომისარი კოალიციის ლიდერს პარტიათა ქცევის კოდექსზე ხელმოწერას უყენებს. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ფულეს სპიკერმა პეტერ სტანომ განაცხადა ივანიშვილის ფულესთან შეხვედრის სურვილზე. მისივე განმარტებით, ევროკომისარს ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი თავადაც აქვს, თუმცა ამისთვის განსაზღვრულ პირობებს აყენებს. "ბატონი ფულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ბატონი ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს" ქცევის კოდექსს", - აცხადებს სტანო "თავისუფლებასთან" საუბრისას. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად ბიძინა ივანიშვილი. მისი განცხადებით, პარტიათა ქცევის კოდექსზე კოალიციას ხელი მოწერილი აქვს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ კოალიცია დეკლარაციას მიერთებულია და ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი შეცდომაში განზრახ შეჰყავს", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ცნობილია, "ნაცმოძრაობამ" პარტიათა ქცევის წესები ზაფხულში შეიმუშავა და პარტიებს მასზე ხელის მოწერისკენ მოუწოდა. ბიძინა ივანიშვილი მაშინ იდეას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა შექმნილიყო. ნაციონალური მოძრაობის მიერ საარჩევნო ქცევის წესების შემუშავებიდან რამდენიმე კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამოუკიდებელი, 17-პუნქტიანი დეკლარაცია შექმნეს, რომელშიც აგვისტოს ბოლოს განსაზღვრული შესწორება შევიდა და მას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწერილი ქცევის წესებიც დაემატა. მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ ის მეოთხე პუნქტია, რომლის მიხედვითაც პარტიები "სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნეულ შედეგებს აღიარებენ". თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულება მხარეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრებათ, თუკი წინასაარჩევნო კამპანია დეკლარაციაში შემავალი ყველა პუნქტის დაცვით წარიმართება", - დასძენს გამოცემა.