"არც არასამთავრობოები და არც თავად პარტიები კვლევის ჩატარებას არ აპირებენ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარ ალტერნატიულ ეგზიტპოლს 5 ტელევიზია შემოგვთავაზებს. "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" საერთაშორისო კვლევით კომპანიასთან PAL-სთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება, დანარჩენი ნაციონალური არხები - "რუსთავი 2" და "იმედი" უახლოეს დღეებში საკუთარ საინფორმაციო საშუალებებში გაასაჯაროვებენ დეტალებს. "მაესტროსა" და "მე-9 არხში" ამბობენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო ფირმასთან და შეთანხმების შემდეგ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, საჯაროს გახდიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით არჩევნების დღეს 5 პარალელური ეგზიტპოლი ჩატარდება.
"პოლიტიკური პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის გამოქვეყნებას არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს. მისი დამაჯერებლობა ნულს უდრის. ამიტომ ეგზიტპოლები უნდა გააკეთონ სატელევიზიო არხებმა, ისე, როგორც უცხოეთშია და მაშინ არის ის საინტერესო", - აცხადებს "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ "ეგზიტპოლებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და საერთოდ ყველასთვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ოღონდ, თუკი სხვადასხვა ეგზიტპოლების მიერ გამოქვეყნებული შედეგები დაშორდა ერთმანეთს, ცხადია, მათ მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება და ამან შეიძლება გარკვეულწილად ხელი შეუწყოს სამოქალაქო დაპირისპირებას. ამიტომაც ეგზიტპოლების გაყალბება დანაშაულია". სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ მერაბ ფაჩულიას განცხადებით, არ შეიძლება ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები დაიდოს და ეს დაუშვებელი რამეა", - აღნიშნავს გამოცემა.
"როცა არის საუბრები იმაზე, რომ განსხვავებული შედეგები დაიდება, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ სხვაგან ვართ. ეგზიტპოლების შედეგები არ შეიძლება განსხვავებული იყოს. თუ ერთისთვის მუშაობს დიდი ციფრების კანონი, მეორისთვისაც მუშაობს. რეჟიმს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რაც დღეს ხდება, ეს სხვა რამეა და ამიტომაც არ მინდა კომენტარი გავაკეთო... ერთია, რა უნდა ხდებოდეს, მაგრამ მეორეა, რაც ხდება", - განმარტავს მერაბ ფაჩულია. აღსანიშნავია ის, რომ წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ქვეყნდებოდა ეგზიტპოლების კვლევის მონაცემები, 1 ოქტომბერს გამოკითხვის შედეგები საღამოს 8 საათამდე ცნობილი არ გახდება. შედეგების გამოქვეყნება არჩევნების შესახებ კანონის ახალი შესწორებით აკრძალულია. არჩევნების დღეს, 20 საათამდე, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ეგზიტპოლს ჩაატარებს, შეუძლია მხოლოდ ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. წინასწარი შედეგების განსაჯაროვება კი მხოლოდ საღამოს 8 საათიდან არის შესაძლებელი", - განაგრძობს გამოცემა.
"ეგზიტპოლის ჩატარებაზე მზადყოფნა პირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა. კონტრაქტის მიხედვით, გერმანული კვლევითი ორგანიზაცია PAL არჩევნების დღეს ეგზიტპოლს, ხოლო სექტემბერში - ორ სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებს. არჩევნების დღეს გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და ეგზიტპოლის ფარგლებში 25 000 რესპონდენტი გამოიკითხება. კონტრაქტის ღირებულება 230-250 ათასი დოლარია. მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია ამბობს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპული კვლევების ლიდერი კომპანია აირჩია. მანვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით უკვე მესამე ეგზიტპოლი ტარდება, თუმცა, PAL-ის შესრულებით - მეორე", - დასძენს გამოცემა.
"შერჩევა განპირობებული იყო იმ ძალიან მაღალი სიზუსტით, რომელიც ჩვენ 2010 წელს მივიღეთ ეგზიტპოლებით, ცდომილება 2%-ს არ აღემატებოდა. ამ კოპანიის სახელის, პრესტიჟის, წარმომადგენლობის მიხედვით, ჩვენ გვაქვს აზრი, რომ ეგზიტპოლი იქნება მაქსიმალურად ზუსტი და ცდომილება 3%-ს არ გადააჭარბებს," - განაცხადა ჭანტურიამ. ეგზიტპოლების ჩატარებაზე მზადყოფნას აცხადებს და დეტალურ ინფორმაციას დღეს გაასაჯაროვებენ "იმედის" საინფორმაციო გამოშვებაში. "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, რომ ეგზიტპოლი მათაც ექნებათ. "ეგზიტპოლი გვექნება, ამას ვადასტურებ. დეტალები - რა პროექტით და როგორ, ამის შესახ უახლოეს დღეებში "კურიერში" სიუჟეტი იქნება და მაყურებლის ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - აცხადებს ლაფერაშვილი. "მაესტროს" გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე კი ამბობს, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ ეგზიტპოლი შეუკვეთონ, მაგრამ კონკრეტულად რომელ კომპანიას, ამაზე მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს. "მეცხრე არხის" გენდირქტორი კახა ბექაური აცხადებს, რომ მათი სურვილია ობიექტური ეგზიტპოლი ჩატარდეს", - წერს სტატიის ავტორი.
"ჩვენ იმაზე არ ვმუშაობთ, რომ რადგანაც სხვა ტელევიზიები აკეთებენ, ჩვენ ალტერნატიული უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვინდა, რომ სერიოზული ეგზიტპოლი ჩატარდეს და ის ობიექტური იყოს - ამ საკითზე ვმუშაობთ. მოძიებისა და შერჩევის სტადიაში ვართ. ვნახოთ. თუ გადავწყვიტეთ და ავტორიტეტული ორგანიზაცია დავითანხმეთ ეგზიტპოლის გაკეთებაზე, აუცილებლად გავაკეთებთ", - განმარტავს ბექაური. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი ობიექტური იქნება - "თუ ეს გამოკითხვა პროფესიული სტანდარტების დაცვით ჩატარდება, მაშინ დასაშვები ცდომილება 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. გააჩნია შერჩევა რამხელაა, რამდენ უბანს და ამომრჩეველს მოიცავენ. გარდა ამისა, გააჩნია მეთოდოლოგიასაც. თუ მომრჩეველს მიეცემა შესაძლებლობა თავად შემოხაზოს კითხვარი და ინტერვიუერისაგან ფარულად ჩააგდოს ყუთში, მაშინ მისი გულწრფელობა დიდია. თუ მან ღიად უნდა უპასუხოს ინტერვიუერის შეკითხვას, მაშინ გულწრფელობის ხარისხი დაბალი იქნება", - აცხადებს კაჭკაჭიშვილი, რომლის თქმით, "არაპოლიტიკურად ანგაჟირებული ეგზიტპოლები საქართველოში არ ახსოვს", - განაგრძობს სტატიის ავტორი
"ეგზიტპოლები იყო არჩევნების ლეგიტიმაციის საფუძველი, არჩევნების ლეგიტიმაციის მიმართ ნდობა არ იყო მაღალი საზოგადოებაში. თუკი იგივე სცენარი გამეორდება, საზოგადოებაში უნდობლობა ისევ იქნება. "რუსთავი 2"-ისგან არაფერ პოზიტიურს და ობიექტურს არ ველოდები. მაინცდამაინც ოპტიმისტურად არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლის მიმართ ვარ განწყობილი, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, ის არ იქნება ისეთივე არაადეკვატური, როგორიც "რუსთავი 2"-ის. იმის მოლოდინი კი არ მაქვს, რომ "მაესტრო" გააყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს და ოპოზიციურ შედეგს დადებს. ასეთ სიტუაციაში რთული სათქმელია რას იტყვიან საერთაშორისო დამკვირვებლები. თუმცა ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ევროსტრუქტურები, ეუთო და ასე შემდეგ, ცოტა სხვანაირად იქცევიან და ხელისუფლებისთვის სასიამოვნო განცხადებებს არ აკეთებენ. ეს კრიტიკული დამოკიდებულება გაყვება თუ არა ბოლომდე და დაუკავშირდბა თუ რა ეგზიტპოლებს, ამის თქმა მიჭირს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.