«ჩვენი ამოცანაა, გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვს, დააბრუნოს ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში, რომელიც არსებობდა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ისევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება სურთ», _ ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა 8 სექტემბერს სპორტის სასახლეში «ნაციონალური მოძრაობის» თავყრილობაზე გააკეთა. გიხაროდენ! როგორც ჩანს, მარქსიზმ-ლენინიზმის მსგავსად, მიშიზმ-ვანოიზმს მალე საკუთარი კლასობრივი თეორია ექნება.
ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, დაუყოვნებლივ ურჩიოს ვანო მერაბიშვილს ორი აგურის ნაცვლად ხელში კარლ მარქსისა და მაქს ვებერის ტომეულები აიღოს და არადანიშნულებისამებრ გამოიყენოს. მაგრამ ვინ იცის, იქნებ სოციალური სტრატიფიკაციის ამ მორიდებულმა ტიტანმა, სოფელ უდედან, მოახერხა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა ყველა პოსტვებერისეული თეორია ერთად აღებული; ზოგიერთი ნიუანსი ხომ სწორედ ამაზე მიანიშნებს.
ეს პირველი შემთხვევაა მრავლისმნახველი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ის, თუ რა კლასს მიეკუთვნება ადამიანი, განისაზღვრება იმის მიხედვით, რა წარმოსახვით სურვილებს მიაწერენ მას. საკუთრებას, შემოსავლებს, სტატუსს და ათას სხვა კრიტერიუმს გვიანდელი მიშიზმ-ვანოიზმის თეორეტიკოსები, როგორც ჩანს, სათვალავში არ აგდებენ, სრულად შლიან საზღვრებს კლასებს შორის და მათ საკუთარი შეხედულებისამებრ ხელახლა ავლებენ. მარტივად რომ ვთქვათ, გასაქრობი კლასის წარმომადგენელი გახდება ის, ვისაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ასეთად ჩათვლიან.
ასეთ თვალუწვდენელ სიმაღლეზე ლევ ტროცკის ბობოქარ სულსაც კი არ უფრენია, პოლ პოტმა კი სცადა, თუმცა ამდენი ვერ გაქაჩა. კამპუჩიის ჯალათმა ქვეყნის მოსახლეობა სამ ნაწილად დაყო: პირველი მათგანს «ძირითადი ხალხი» უწოდა და მასში სოფლების მცხოვრებლები შეიყვანა. მეორე, «ახალი ხალხის» ჯგუფში, ქალაქების მოსახლეობა და ის გლეხები მოხვდნენ, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათ მიმართ «ხელახალი აღზრდის» პოლიტიკა ხორციელდებოდა. ეს, საუკეთესო შემთხვევაში, გადასახლებას გულისხმობდა, სადაც გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. მესამე ჯგუფში პოლ პოტმა ინტელიგენცია, სასულიერო პირების დიდი ნაწილი და ძველი რეჟიმის წარმომადგენლები შეიყვანა; მათ უმრავლესობას, უბრალოდ, ანადგურებდნენ. პოლ პოტის მმართველობის წლებში 3 მილიონამდე ადამიანი მოკლეს. მართალია, მოსახლეობის დაყოფისა და რეპრესიების გამართლების დროს რეჟიმი ხშირად იყენებდა კლასობრივი თეორიის თავისებურ ინტერპრეტაციებს, მაგრამ პოლ პოტიც კი ვერ მივიდა იმ იდეამდე, რომ გასაქრობი კლასი შეიძლება ცარიელ ადგილას «შექმნა» და მასში ფორმალური ნიშან-თვისებების დაფიქსირების გარეშე შეიყვანო ის, ვინც მოგეხასიათება. მას, სავარაუდოდ, მერაბიშვილისგან განსხვავებით, ამისთვის ინტელექტუალური გასაქანი არ ეყო; ცოტაღა დააკლდა, კაცმა რომ თქვას.
არც ერთ ადამიანს საქართველოში არცოდეს არ დაუფიქსირებია სურვილი «დააბრუნოს ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში», მამხილებელი მასალები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და ნაკლებად სავარაუდოა, ნორმალურმა ადამიანმა ასეთი რამ თქვას. ისმის ბუნებრივი კითხვა: როგორ დადგინდება, გაივლო თუ არა ვინმემ აზრად ქვეყნის უშუქობაში დაბრუნება და, შესაბამისად, კლასობრივი მტერი გახდა? ალბათ, იგულისხმება, რომ ქართულ კანონმდებლობაში, ჯორჯ ორუელის «1984»-დან ნასესხები «აზრდანაშაულის» ცნება შევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალეულობის დამტკიცება შეუძლებელი გახდება. კონტროლისა და სამართლებრივი პროცედურების გარეშე არაფერი გამოვა, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეიძლება ერთმანეთის მხილებასა და «გაქრობაში» ჩაეფლონ.
სპეციალური «აზრების პოლიცია» შეაგროვებს მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ მოქალაქეს გულის სიღრმეში უშუქობა და, ღმერთმა დაიფაროს, «სხვა გაჭირვება» მოსწყურდა. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, ორუელმა უკვე ყველაფერი გაწერა. თუმცა მთელი ეს ბიუროკრატია მომქანცველი თვალთვალითა და მტკიცებულებების შეგროვებით დამატებით პრობლემებს შექმნის. ამიტომ ადგილობრივი რეფორმატორები ამ სისტემას, სავარაუდოდ, სრულყოფენ და ბრალეულობის დადასტურება მოხდება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში, ნუგზარ წიკლაურის შინაგანი შეგრძნებებისა და გონივრული ეჭვების საფუძველზე.
სხვათა შორის, მერაბიშვილის სიტყვების უკან, შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, უფრო ამაზრზენი რეჟიმის კონტურების დანახვა შეიძლება, ვიდრე ჯორჯ ორუელის მიერ აღწერილ ტოტალიტარულ ოკეანიაში ჩამოყალიბდა. იმ ჯოჯოხეთში გარკვეული თამაშის წესები მაინც არსებობდა, ხოლო საქართველოში გაუგებარია, როგორ უნდა დაიზღვიო თავი «გასაქრობი კლასის» რიგებში მოხვედრისგან, რადგან წესები დაფიქსირებული არსად არის, არამედ მხოლოდ ნაგულისხმებია. ჩვენ აქ ვხუმრობთ, არადა, მერაბიშვილის ეს პასაჟი შეიძლება ირიბად მიანიშნებდეს იმაზე, რომ მმართველი ჯგუფი ამზადებს ნიადაგს ტოტალური რეპრესიებისთვის, თანაც ისე, რომ არც ერთმა, თუნდაც ფორმალური ხასიათის ნორმამ არ შეზღუდოს; წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ (პრინციპში, ამ შემთხვევაშიც გაუჭირდებათ, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ იციან).
ცხადია, პრემიერ-მინისტრს შეუძლია თქვას, რომ «გაქრობა» არ გულისხმობდა არანაირ ძალადობას, არამედ მხოლოდ იმას, რომ მის მიერ გამოგონილი «კლასი» თავისით, იმ ობიექტური პროცესების შედეგად გაქრება, რომელთა ინიციატორი «ნაციონალური მოძრაობა» იქნება. თუმცა ის პრაქტიკა, რომელსაც რეჟიმი მთელი ამ წლების განმავლობაში მიმართავდა, საზოგადოებას, სავარაუდოდ, უბიძგებს, შედარებით ნეგატიურ ინტერპრეტაციას მიემხროს.
დროებით ჩავთვალოთ, რომ მერაბიშვილმა, უბრალოდ, არ იცის, რას ნიშნავს «კლასი», სად და როდის უნდა გამოიყენოს ეს სიტყვა, და იმედი გამოვთქვათ, რომ ამერიკელი პარტნიორები რამე ილუსტრირებულ ბროშურას (თუნდაც კომიქსს) გამოუგზავნიან, რათა საკითხში უკეთ გაერკვეს. ისიც დავუშვათ, რომ სიტყვა «გაქრობა» ექსტრაორდინალურს არაფერს აღნიშნავდა, ისევე, როგორც «წაშლა» მერაბიშვილის კიდევ ერთი ფრაზიდან, რომელიც იქვე, სპორტის სასახლეში წარმოთქვა: «ჩვენი მიზანია, პოლიტიკური არეალიდან წავშალოთ 90-იანი წლების «დინოზავრები».
იდეაში, ამ წინადადებაზე მთელი დისერტაციის დაწერა შეიძლება, თანაც ისეთის, ცხონებულ ფროიდს რომ შეშურდებოდა, თუმცა ამასაც დავანებოთ თავი და მხოლოდ «წაშლასა» და «გაქრობაზე» ვისაუბროთ, დასაწყისისთვის იმ მსუბუქი და არალეტალური მნიშვნელობით, რომელიც სისხლიან რეპრესიებს არ გულისხმობს.
სულ უფრო მეტი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ «ნაციონალური მოძრაობა» არ შეეგუება პოლიტიკურ არენაზე მისგან დამოუკიდებელი, ძლიერი ოპოზიციური ძალის არსებობას, თუნდაც სასწაული მოხდეს და ეს უკანასკნელი, არჩევნების გაყალბების გაპროტესტების გარეშე, პარლამენტში უმცირესობით შესვლას დათანხმდეს. ის მუდამ იქნება ორიენტირებული ასეთი ოპოზიციის ამოშლაზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რაც კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს და, დიდი ალბათობით, მაინც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს. ან როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს თანამშრომლობას ოპოზიციასთან, როდესაც მას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: «იმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთანა მნგრეველებს და მღრღნელებს გადავაბაროთ!» (10 სექტემბერი, გამოსვლა მარნეულში; «ინტერპრესნიუსი»).
ასეთი გულწრფელი, მართლაც რომ ზოოლოგიური სიძულვილი, როგორც წესი, საკუთარი უძლურების გაცნობიერებიდან მოდის, მაგრამ აქ სხვა რამ არის მთავარი: სახელისუფლო პარტია უკვე აშკარად ახდენს საკუთარი მხარდამჭერების ორიენტაციას მოწინააღმდეგის სრულ, ლამის რიტუალურ განადგურებაზე და მის მიმართ სიძულვილს მიზანმიმართულად უნერგავს.
ეს პრაქტიკა არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიის სულისკვეთებას, მეტიც, ფსიქიკურად ჯანმრთელი, წინდახედული დიქტატორებიც კი ერიდებიან მსგავსი განცხადებების გაკეთებას; კლასების გაქრობაზე, დიდი ხანია, არც ერთი მათგანი აღარ საუბრობს. რაც შეეხება მღრღნელებს, კერძოდ კი ვირთხებს, უკანასკნელი დიქტატორი, რომელიც ოპონენტებს ასე მიმართავდა, მუამარ კადაფი იყო. საინტერესოა, აცნობიერებს თუ არა სააკაშვილი, ვის სიტყვებს იმეორებს და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ რეპლიკებმა?
კომენტატორები სულ უფრო ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ დიალოგი და თანამშრომლობა «ნაციონალურ მოძრაობასთან», უბრალოდ, გამორიცხულია, რაც ეჭვქვეშ აყენებს სცენარს, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების შემდეგ ერთგვარი გარდამავალი პერიოდის დაწყებას, პარლამენტში «ნაციონალური მოძრაობის» და «ქართული ოცნების» დაახლოებით თანაბარი ძალის მქონე ფრაქციების თანაარსებობით, სააკაშვილის ერთმმართველობის თანდათანობითი შეზღუდვითა და რეჟიმის დროში გაწელილი, ხავერდოვანი დემონტაჟით. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» ამისთვის მზად არ არიან და მომავალშიც ისევე უხეშად დაარღვევენ თამაშის წესებს, როგორც ამას დღეს აკეთებენ. უფრო სწორად კი თვითონ გამოიგონებენ თამაშსაც და წესებსაც, რომლებიც მხოლოდ მათ ეცოდინებათ, როგორც ეს ვანო მერაბიშვილმა კლასობრივ ბრძოლასთან დაკავშირებით გააკეთა.
ჩვენ საინტერესო პრობლემას მივუახლოვდით, რომელზეც ხმამაღალი საუბარი მიღებული არ არის. არ შეიძლება «ვარდების რევოლუციის» გამოცდილების გადმოტანა დღევანდელ სიტუაციაზე, რადგან მაშინ საქმე ხელისუფლების კონტროლირებად გადაცემასთან და მასთან დაკავშირებულ სპექტაკლთან გვქონდა. ოპოზიციური საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს რატომღაც მიაჩნია, რომ რეჟიმის აღსასრული ამჯერადაც ისეთივე უმტკივნეულო და სახალისო იქნება, როგორც 2003-ში იყო. არადა, საქმე რეალურად შეიძლება მიდგეს «გასაქრობი კლასის» წარმომადგენელთა მასობრივ დაპატიმრებაზე, წამებასა და ლიკვიდაციაზე, ყოველგვარი იურიდიული პროცედურების გარეშე.
ბევრი ადამიანი მსგავს ვარაუდებს პარანოიდალურ ბოდვად მიიჩნევს და თვლის, რომ «მსოფლიო ამას არ დაუშვებს», მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა მსოფლიომ უარესი რამ არაერთგზის დაუშვა. სხვა საქმეა, რომ სააკაშვილის ჯგუფს არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ ჰიპოთეტური სისხლიანი რეჟიმი დიდხანს შეინარჩუნოს. მაგრამ ის, რაც «დიდი ისტორიის» გადასახედიდან ხანმოკლე პერიოდია, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ამ სცენარის ფარგლებში რეპრესიების ქვეშ მოექცევა, შეიძლება მთელ საუკუნედ, დაუსრულებელ კოშმარად აღიქვას. მზად არის თუ არა ჩვენი საზოგადოება იმისთვის, რომ თუნდაც ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში დიდ ტკივილს გაუძლოს და გადაიტანოს ის, რაც თავის დროზე თუნდაც ნიკარაგუისა და სალვადორის «გასაქრობმა კლასმა» გადაიტანა? როგორც ჩანს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სწორედ ამ გზით მივყავართ; სხვა დასკვნების გამოტანა მათი კაცთმოძულე გამოსვლებიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. პასუხი დასმულ კითხვაზე კი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, და საკუთარ თავში ჩახედვას მოითხოვს.