სტუდენტების პროტესტი: ”ჩვენ არ გვინდა შენობა, ჩვენ გვინდა უნივერსიტეტი!

სტუდენტების პროტესტი: ”ჩვენ არ გვინდა შენობა, ჩვენ გვინდა უნივერსიტეტი!

14 სექტემბერს სტუდენტური გაერთიანება “ლაბორატორია 1918”-ის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც მოგვიანებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციას წინ სოციალური ქსელით გავრცელებული მანიფესტი უძღოდა, რომელშიც სტუდენტები საკუთარი და ლექტორების უფლებების დაცვას მოითხოვდნენ. აქციამ უნივერსიტეტის ბაღიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გადაინაცვლა, სადაც სტუდენტებს რექტორთან შეხვედრა და საკუთარი მოთხოვნების გაცნობა სურდათ. ალექსანდრე კვიტაშვილი მათ ადგილზე არ დახვდათ, თუმცა სტუდენტები თავიანთ მთავარ მოთხოვნებს ჯერ უნივერსიტეტის ფოიეში, შემდეგ კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კაბინეტის წინ სკანდირებდნენ.

შენ!!! პირველკურსელო !!!
ვისაც იმედებს გინერგავენ და გეუბნებიან, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარე და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. მოიშორე იმედი და შეხედე რეალობას. შენ აუტანელი 4 წელი გელის წინ და არ დაიძინო, ეს შენი უნივერსიტეტია.
შენ !!! ლექტორო !!!
ვის თვალწინაც ამდენი უსამართლობა ხდება და ხმის ამოღების გეშინია, იმიტომ რომ სამსახურს დაკარგავ, გეშინია, იმიტომ რომ სულ მარტო ხარ. მე გეტყვი შენ - არ შეგეშინდეს. მე ვარ შენთან და მთელი სტუდენტობა. დადექი სიმართლის მხარეს.

ეს მცირე ამონარიდია სტუდენტური მანიფესტიდან, რომელიც “ლაბორატორია 1918”-ის წევრებმა ერთად დაწერეს, გაავრცელეს და სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა სალაპარაკოდ აქციაც დაგეგმეს. 14 სექტემბერს მათ არ მიუტანიათ უნივერსიტეტთან საპროტესტო პლაკატები, არც სიტყვით გამოსულან, მათ პირდაპირ უნივერსიტეტში შესვლა და რექტორთან დალაპარაკება მოითხოვეს:

- შეგვიშვით, რექტორის ნახვა გვინდა.
- ლექციები მიდის, ვერ შეგიშვებთ.
- ჯერ სწავლა არ დაწყებულა, ლექციები როგორ მიდის?
- მაგ მეგაფონით ვერ შეგიშვებთ
- დავტოვებთ და ისე შეგვიშვით. რა უფლებით არ გვიშვებთ, ეს ხომ ჩვენი უნივერსიტეტია!

მცირე ჩოჩქოლის შემდეგ, მას მერე, რაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიმიტრი ხუსკივაძე, შენობაში ფანჯრიდან გადაძვრა, დაცვამ სტუდენტები პირველ კორპუსში შეუშვა, სადაც მათ რექტორის მრჩეველი მარინა ლომოური ელოდათ, რომელმაც სტუდენტებს აუდიტორიაში თავმოყრა და პრობლემებზე საუბარი შესთავაზა, მაგრამ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მსგავს საუბრებს შედეგები არასოდეს მოუტანია.

მარინა ლომოური: რატომ გგონიათ, რომ საუბარს აზრი არა აქვს? მე თქვენგიცნობთ, სხვათა შორის…

სტუდენტი: მეც გიცნობთ, საუბარს კი აზრი იმიტომ არა აქვს, რომ თქვენთან ლაპარაკის შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ორი არაჩვეულებრივი ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტიდან.

- ჰკითხეთ ლექტორებს, სწორად იყო თუ არა წარმოდგენილი მათი საბუთები, გავიდნენ თუ არა კონკურსში… გამოიკითხეთ ეს დეტალები… იქნებ ასე გავაკეთოთ, წავიდეთ და დავსხდეთ რომელიმე აუდიტორიაში და ვილაპარაკოთ ყველაფერზე…

- საუბარი რომ არ შველის, ხომ იცით?! პირდაპირ გკითხავთ და გვიპასუხეთ. თუ იცით, რეგენტთა საბჭოს წევრებს რა თანამდებობები უკავიათ სახელმწიფო სტრუქტურებში? ყველა წევრი რომელიმე მინისტრის მოადგილეა. ეს არ უშლის ხელს უნივერსიტეტის ავტონომიურობას?


მარინა ლომოურს ამ კითხვაზე პასუხი აღარ გაუცია, სტუდენტები კი მთავარი მოთხოვნებით ადმინისტრაციის უფროსის კაბინეტისაკენ გაეშურნენ:
”გადადგეს ანდრო ბარნოვი, ხელისუფლების ჩინოვნიკი უნივერსიტეტში! გაგვიხსენით ბაზები და აგვარჩევინეთ ის საგნები, რაც გვინდა! დაიშალოს რეგენტთა საბჭო! ავტონომია უნივერსიტეტს!”

„ლაბორატორია 1918“ ამ აქციაზეც და თავის მანიფესტშიც ყველა იმ პრობლემის მოგვარებას მოითხოვდა, რომელიც სტუდენტებს წლებია აწუხებთ, თუმცა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს უმრავლესობა ერიდება. დიმიტრი ხუსკივაძე ამბობს, რომ სტუდენტებს აღარ სურთ დაპირებების მოსმენა, ამიტომ ისინი უნივერსიტეტს ულტიმატუმს უყენებენ:

”გაბერილი გადასახადები, მოუწესრიგებელი ბაზები, დარღვეული ავტონომიურობა... რეალურად აქ ვერაფერს სწავლობ, არც სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს, ლექტორებს ზრდის შესაძლებლობა არა აქვთ, ასევე სტუდენტებს, არა აქვთ სახელმძღვანელოები... ცოტა მიზეზია გასაბრაზებლად?”
უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე დანელია ამბობს, რომ პირველ კურსზევე ქრება იმის ილუზია, რომ უნივერსიტეტში ნამდვილ ცოდნას მიიღებ:

”ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვებია. როცა შენ იხდი ფულს იმაში, რაც არ არსებობს, ბუნებრივია, რომ ამის მიმართ პროტესტი გაგიჩნდეს. ოთხი წლის განმავლობაში აწყდები ერთსა და იმავე პრობლემას და ხვდები, რომ არავის აინტერესებ. მაგალითად, სოცპოლიტიკურ ფაკულტეტზე სულ გადატვირთულია ბაზები, საგნებს ვერ ვირჩევთ, თუ ვირჩევთ, დრო ერთმანეთს ემთხვევა, მივდივართ, ვეკითხებით ერთ ინსტანციას, გვაგზავნიან მეორეში, მეორეში მივდივართ, არც იქ იციან, რა უნდა ვქნათ. აი, ხვალ-ზეგ სწავლა იწყება და შვიდი სავალდებულო საგნიდან მხოლოდ ოთხის არჩევა შევძელი”..

სტუდენტების პროტესტი კვლავაც ეხებოდა უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გაშვების ფაქტებს. „ლაბორატორია 1918“-ის წევრი გიორგი გაბელია სწორედ ამაზე საუბრობს:

”ჩემთვის გაუგებარია, თუ უნივერსიტეტს აქვს ავტონომია და აგდებენ ისეთ ლექტორს, რომლის პოლიტიკური შეხედულებებიც არ მოსწონთ, რატომ მოჰყავთ დეკანის პოსტზე ანდრო ბარნოვი, რომელიც ამ მთავრობის კვერის დამკვრელად ითვლება, რომელიც იყო შს მინისტრის მოადგილე? თუ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და ათავისუფლებენ ლელა გაფრინდაშვილს ან მარინა მუსხელიშვილს, რატომ მოჰყავთ მეორე ადამიანი?”

 თსუ-ს სტუდენტებს 14 სექტემბერს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც შეუერთდა. ერთ-ერთი მათგანი, ვახტანგ ჯაჯანიძე, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათაც წაიკითხეს „ლაბორატორია 1918“-ის მანიფესტი და სასწავლებლებში არსებული პრობლემები თითქმის იდენტურია:

”დღეს ამ აქციას ვუერთდებით. ისედაც გვინდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც შევიკრიბოთ და ჩვენს პრობლემებზე ვილაპარაკოთ. არც ჩვენთან არის ის მატერიალური თუ ტექნიკური ბაზა, რასაც პირველ კურსზე ველოდით. პრობლემაა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, ცარიელია ჩვენი ბიბლიოთეკა, იშვიათია კვალიფიციური, ნორმალურად მოაზროვნე ლექტორები. ჩვენც გვგონია, რომ საჭიროა ეს გავაპროტესტოთ, რომ რაღაც შეიცვალოს.”

სტუდენტების ულტიმატუმი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისადმი უცვლელი რჩება. ნაწილმა უნივერსიტეტის ბაღში გვიანობამდე დარჩენა და ამ ფორმით აქციის გაგრძელება გადაწყვიტა. ორშაბათს სტუდენტები თავიანთ მოთხოვნებზე უნივერსიტეტის პასუხს ელიან, რისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც უფრო მასობრივი აქციის ჩატარებას გეგმავენ.

14 სექტემბერს გამართულ აქციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ტრადიციულად, განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც წერია:

”პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომელთა შორის თსუ-ს სტუდენტებიც იყვნენ, შენობაში მიუღებელი ფორმით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა პასუხისმგებელი პირები მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს ულტიმატუმი: დაიშალოს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ გათავისუფლებული ლექტორები, მიეცეთ საშუალება სტუდენტებს ისწავლონ თავისუფლად არჩეული საგნები და გადადგეს ანდრო ბარნოვი. შეხვედრის მსვლელობისას ისინი აგრესიული ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და აცხადებდნენ, რომ დიალოგისთვის არ არიან უნივერსიტეტში მოსული.

ადმინისტრაციული შენობის დარბევის და დაკავების შესახებ მოწოდებები გაისმოდა ხმის გამაძლიერებელი საშუალებებით აქციის მონაწილეების შენობაში შესვლამდეც. მოწოდებას თან ახლდა უცენზურო განცხადებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან დიალოგი მუდმივი პროცესია. გასულ სასწავლო წელს რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა სტუდენტთა ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, თუმცა „ლაბორატორია 1918“-ს არ გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ყოველთვის მზად არის სტუდენტების მიერ დაყენებული არგუმენტირებული საკითხების განსახილველად, თუკი ეს ცივილიზებული ფორმით მოხდება და მათი გადაჭრა უნივერსიტეტის უფლებამოსილებაა.”