საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო ბევრი კითხვა ჩნდება. რა აზრის არის მოსალოდნელ არჩევნებზე, რა შედეგებს უწინასწარმეტყველებს პოლიტიკურ პარტიებს და გამორიცხავს თუ არა არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართვას, ამ და სხვა საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს პარლამენტის წევრს პეტრე მამრაძეს ესაუბრა
- ბატონო პეტრე, თქვენი შეფასებით, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი და როგორია ამ დროისთვის ვითარება?
- დღეს ვითარება მძიმეა. საქმე გვაქვს ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელიც საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედებს და არა კანონის ჩარჩოებში. ამ რეჟიმს მთლიანად ხელში აქვს აღებული ქვეყნის ყველა რესურსი - ადმინისტრაციული რესურსი, რეპრესიული მანქანის ჩათვლით, ფინანსური რესურსები, ეკონომიკური რესურსები, ბუნებრივი რესურსები და საერთოდ ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ ეუთომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მაშინდელი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გამოიტანა დასკვნა, რომ წაშლილია საზღვარი ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიასა და ქვეყანას შორის. კიდევ უფრო მწვავე განაჩენი გამოიტანა სასამართლომ სტრასბურგში, რომ საქართველოში დამოუკიდებელი შტოები აღარ არსებობს. ამ პირობებში სრულიად უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს. შარშან,ოქტომბერში, რეჟიმს თავისი საქმეები უკვე მოგვარებული ჰქონდა, არ არსებობდა საქართველოში არც ერთი მცხოვრები ბიზნესმენი, ვინც გაბედავდა და დააფინანსებდა თუნდაც ხუთი ლარით რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ისინი მხოლოდ იმ "დეკორატიულ" ოპოზიციას დააფინანსებდნენ, რომელზედაც რეჟიმის თავკაცებისაგან მითითებას მიიღებდნენ. სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედია. ეს ადამიანი მეორეა იმ სიაში, ვინც საქართველოს დახმარება გაუწია. პირველი არის ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ადგილას კი ივანიშვილია. მან ყველაზე დიდი საქველმოქმედო ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ნამდვილ ოპოზიციას დახმარებოდა. შეიკრა კოალიცია, რომელშიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური წარსულისა და პრესტიჟის ადამიანები, მაგრამ ძალიან კარგი მოღვაწეები არიან, მათ შორის არასამთავრობო სექტორიდან. მიუხედავად რეჟიმის მიერ გამოყენებული ყველა რესურსისა და რეპრესიისა, კოალიციას მაინც ზღვა მხარდამჭერი გაუჩნდა. არსებულ რეჟიმს სხვა აღარაფერი დარჩენია, რომ წავიდნენ ყველაფერზე და შეინარჩუნონ ხელისუფლება. ძალიან კარგად იციან: უკვე იმდენი შეცდომა აქვთ დაშვებული, რომ ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ პირდაპირ ციხეებში მიდიან. იმდენი მტკიცებულებაა, რომ ყველაზე ლმობიერი და ობიექტური სასამართლოც კი ამ განაჩენს გამოიტანს. ამ ყველაფრის ფონზე კი საარჩევნოდ უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს.
_ რა შეცდომებზე შეგიძლიათ ისაუბროთ "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების" მხრიდან ამ წინასაარჩევნო პერიოდში?
_ რა თქმა უნდა, შეცდომები ორივე მხარესაა - როგორც "ნაციონალური მოძრაობის, ასევე "ქართული ოცნების". "ნაციონალურ მოძრაობას" მარტო შეცდომები კი არ მოსდის, არამედ დანაშაულს სჩადის. თუნდაც ის, თუ როგორ შეხვდნენ თვდაპირველად ბიძინა ივანიშვილის განცახდებას, შემდეგ "ქართუ ბანკის" მანქანის დაყაჩაღება და ა.შ.. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მაშინვე ვთქვი, რომ კამო ტერ-პეტროსიანის მიერ ჩატარებული ბანკის დაყაჩაღების შემდეგ გავიდა ერთი საუკუნე და ზუსტად იმავე ადგილას ნაციონალებმაც იგივე რამ გააკეთეს-მეთქი. შემდეგ კი დაუბრუნეს ფული, მაგრამ ფაქტი მართლაც სამარცხვინოდ დარჩა. ივანიშვილსა და მის გარემოცვას რუსეთის აგენტობას აბრალებენ, მეხუთე კოლონას ეძახიან. ამ ყველაფერზე ისინი პასუხს აგებენ. თუმცა მაკკეინი საქართველოში რომ იყო ჩამოსული, თქვა, რომ ივანიშვილის უკან არანაირი რუსული ძალები არ დგას. რა თქმა უნდა, კოალიციის მხრიდანაც იყო შეცდომა. ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლა სპონტანურად და მოუმზადებელმა გადაწყვიტა. ამის შემდეგ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ ივანიშვილი ქართველია და მოქალაქე უნდა იყოსო. ასევე ამერიკელები სააკაშვილს უწყვეტ რეჟიმში ეუბნებიან, რომ მოქალაქეობა დაუბრუნონ. მან კი, ყველამ კარგად იცით, ამის საპასუხოდ რაც გააკეთა: მივიდა ჰილარი კლინტონთან, ქართული პასპორტი საჯაროდ მიუგდო და უთხრა, შენ მიიღე არჩევნებში მონაწილეობაო. ვისაც საქართველოს გადარჩენა უნდა, მოვუწოდებ, რომ კოალიციის შეცდომები კი არ დათვალოს, არამედ იმაზე იფიქრონ, რომ მოხდეს მთელი საქართველოს მობილიზება და საქართველოს მოსახლეობამ მართებული არჩევანი გააკეთოს.
- თქვენ რა პროგნოზები გაქვთ - რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები და როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ?
- რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ხელისუფლებას. თავიდან იყო ასეთი ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებას" 20 პროცენტზე მეტს არ მისცემდნენ, თუნდაც 80 პროცენტი აიღოსო. ახლა კი, რომ დაინახეს, როგორი მხარდაჭერა აქვს კოალიციას ხალხისგან, 35 პროცენტზე ავიდნენ. რაც არ უნდა მაღალი პროცენტი აიღოს ივანიშვილის პარტიამ, ხელისუფლება ამას ცოცხალი თავით არ გამოაცხადებს. აი, მერეა საინტერესო, რა პროცესები დაიწყება. მე მომდის ინფორმაცია - ნაციონალები შუამავლების მეშვეობით ეუბნებიან "ქართულ ოცნებას", რომ 35 პროცენტზე მეტს მაინც არ დაგიწერთ და მერე თუ გააპროტესტებთ, სისხლისღვრასაც მიიღებთო. მოდის ხმები, რომ მომზადებულია სპეცდანიშნულების რაზმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში. ასევე ზონდერბრიგადებია მომზადებული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ნებისმიერ ფასად ეცდება უკანონო ხელისუფლების შენარჩუნებას.
- არჩევნების ჩატარების შემდეგ საპროტესტო აქციები გარდაუვალია?
- გარდაუვალია, მაგრამ მე, როგორც ადამიანი, რომელიც ოცი წელია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვარ ჩართული, ვინატრებდი, რომ ყველაფერმა სისხლისღვრისა და დაპირისპირების გარეშე ჩაიაროს. ჩაუშესკუს ტიპის სცენარის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
- გარდა "ქართული ოცნებისა", სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ არჩევნებზე რა შანსები აქვთ?
- ზღვარის გადალახვის რეალური შანსი არც ერთს არ აქვს, მაგრამ ნაციონალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ ზღვარი გადალახონ და პარლამენტში შევიდნენ. საერთოდ ამ პარტიებს არავინ აკითხებს, მაჟორიტარულ თუ პარტიულ სიებში ვის შეიყვანენ. რასაც რეჟიმი წინ დაუდებს, იმას იზიარებენ. ნაციონალებს სიკვდილივით არ უნდათ, პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" მარტოები დარჩნენ. ამიტომაც ურჩევნიათ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც გაიყვანონ.
- ოპოზიციის გაერთიანებაზე ბევრს საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ ერთიანი ძალებით უფრო გაუადვილდებოდათ ბრძოლა. ეს რომ მომხდარიყო, არჩევნების შედეგებზე რამდენად აისახებოდა?
- დადებითად აისახებოდა და ამ ავტორიტარულ რეჟიმს მეტი ძალით შეუტევდნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მინდა ყველას შევახსენო: 2009 წლის აპრილში, როდესაც ოპოზიციამ დაიწყო გამოსვლები, ეს ყველაფერი უცებ გადაგვარდა დესტრუქციულ მოქმედებად. ოპოზიციამ კარვებითა და საკნებით რუსთაველი რომ გადაკეტა, მე ამას "არაჩვეულებრივი პოლიტიკური გამოფენა" ვუწოდე. მახსოვს, მაშინ ჩვენი დასავლელი მეგობრები როგორ გაწბილდნენ, როცა ოპოზიციურ ლიდერებს ელაპარაკებოდნენ და მიხვდნენ, რომ ამ ადამიანებს არც პროგრამა ჰქონდათ და არც არაფერი, გარდა დაუოკებელი ამბიციისა. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულიყო. ამას აღნიშნავდნენ უცხოელებიც. რომ არა ეს პირადი ამბიციები, ამის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მეტად არ გამტკიცდებოდა. იგივე მოხდა შარშან, 25 მაისს, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა ხალხი არ დაშალეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდნენ, აქციას არასანქცირებული სახე მიეცემოდა და დაარბევდნენ. ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო ისე, როგორც საჭირო იყო, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ყველაფერი დამთავრდებოდა.
- რა გეგმები გაქვთ პირადად თქვენ, მას შემდეგ რაც არჩევნები ჩაივლის?
- მე ჯერ კიდევ 2010 წელს გადავწყვიტე, რომ ამ პარლამენტში კენჭი არ მეყარა. თუმცა აქტიურად ვეხმარები და მხარს ვუჭერ "ქართულ ოცნებას". ასევე "მწვანეთა პარტიაში" ჩემი წევრობა აღვადგინე იმისთვის, რომ ამ პარტიას ჰქონოდა საშუალება არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა. ამის შემდეგ ჩვენი გამსვლელი სია არჩევნებიდან მოვხსენით და მოვუწოდეთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, პირდაპირ "ქართულ ოცნებას" მისცენ ხმა. არჩევნების შემდეგ, ვფიქრობ, არასამათავრობო სექტორში აქტიურად ვიმუშავებ.