არცთუ დიდი ხანია, ჩვენი პოლიტიკოსები საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე ზრუნვას უცხოელ იმიჯმეიკერებს ანდობენ. საქართველოში შემოსული იმიჯმეიკერული ფირმებიდან სულ თითზე ჩამოსათვლელი ფირმებია ცნობილი. „იმიჯკონტაქტი“ ცნობილი რუსული ფირმაა სიტნიკოვის ხელმძღვანელობით. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე მისი საქართველოში ჩამოყვანა მამალაძემ ჟვანია-სააკაშვილის სახელებს დაუკავშირა.
„იმიჯკონტაქტს“ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ფირმად მოიაზრებენ. ამიტომ სააკაშვილი დღესაც მონაჩმახს უწოდებს „იმიჯკონტაქტან“ დაკავშირებულ ისტორიას.
- ეს რუსი კონსულტანტები ვნახე შევარდნაძესთან, ისინი ღიად იძლეოდნენ კონსულტაციებს მისი თანდასწრებით. ისინი შევარდნაძეს მოუყვანეს. უბრალოდ, სმკ-ს იმ თათბირს მეც ვესწრებოდი. საერთოდ, რუსული ფირმები ცუდი არ არის. ფინანსური საშუალება რომ მქონდეს, ვინმეს ჩამოვიყვანდი თუნდაც რუსეთიდან, თუმცა, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმიჯმეიკერი უშველის, ძალიან ცდება. მე ვაპირებ მთელი საქართველოს ფეხით შემოვლას. ამიტომ ჩემი იმიჯმეიკერები ჩემი ფეხებია.
დარჩება თუ არა სააკაშვილი საკუთარი ფეხების იმედად ბოლომდე? რომც დარჩეს, ძნელია ჟვანია მისი ფეხების იმედად იყოს.
ახლა ამერიკელი იმიჯმეიკერების მომსახურებაა მოდაში და რაღა სააკაშვილს მოუნდა რუსულ ფირმასთან მუშაობა? თუ გაერთიანებულ ოპოზიციაში პატიაშვილი და ჭაჭია აღმოჩნდებიან, არ არის გამორიცხული, ისევ რუსებმა იზრუნონ ოპოზიციის პოლიტიკურ იმიჯზე. საინტერესოა, რომ „გაერთიანებული დემოკრატების“ პოლიტიკურ მდივან გოკა გაბაშვილს უფრო ამერიკელების მომსახურება ურჩევნია:
- ამერიკელები ამ საქმეში ყველაზე გაწაფული არიან. მათი საქართველოში ჩამოყვანა საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომ, მოვიქცევით ისე, როგორც ფინანსური საშუალება გვიკარნახებს. ამერიკიდან გავლენიანი ჯგუფის ჩამოყვანა კატასტროფულ თანხებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ ჩეხ ან უკრაინელ იმიჯმეიკერებზეც. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით სამზადისს დავიწყებთ არჩევნებამდე 3 თვით ადრე. კონსულტანტი შეიძლება მხოლოდ მცირე ხნით ჩამოვიყვანოთ.
თბილისში კიდევ ერთი იმიჯმეიკერული ფირმაა - „ნიკოლო ემი“. მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ეგოროვა ხშირად მართავს პრეზენტაციებს და ხვდება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების ლიდერებს. გადამოწმებული ინფორმაციით, ლევან მამალაძის თანაგუნდელებსაც ჰქონდათ ეგოროვასთან შეხვედრა. რუსმა ქალბატონმა სცადა ქვემო ქართლის გუბერნატორის „შებმა“, მაგრამ ვერ მოახერხა. ასე და ამგვარად, ეგოროვას მომსახურება ქვემო ქართლში უარყვეს.
მამალაძის „სასტავი“ ახლა „აბრეშუმის გზის“ საარჩევნო სიაში „გაიჩითა“ და ამერიკელი იმიჯმეიკერების მომსახურებაც მოუნდა. მგონი, ისე დაემართათ - „კუმ ფეხი გამოყო - მეც ნახირ-ნახირო.“ ვითომ რუსი იმიჯმეიკერები მამალაძეს, რჩეულიშვილს ან აკაკი ჩხაიძეს ყელზე დაადგებოდათ? „ალიას“ მამალაძის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა გაუმხილა: „ამ საარჩევნო ბლოკს ამერიკელი იმიჯმეიკერები ეყოლება, იმ ძალის რჩევით, ვინც აშშ-ში შევარდნაძეს უჭერს მხარს.“
პრეზიდენტის „მხარდამჭერ“ გუნდს ჰგონია, „ბაბუ“ გაუკვალავს ამერიკისკენ გზას თავისი არხებით. მაგრამ - სულ ტყუილად. ესეც რომ არა, „ახლებმა“ „ბაბუს“ ბუშის მხარდამჭერი იმიჯმეიკერები „დააწერეს“. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია „ალიამ“ მოიპოვა.
„ახლების“ საარჩევნო კამპანიას ადრე ბალტიისპირელი კონსულტანტი აუდრუს ბუტკიავიჩუსი ემსახურებოდა. „ალიამ“ სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა. „ახლებს“ იმიჯმეიკერთა ის ჯგუფი ჩამოჰყავთ, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ემსახურებოდა საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში.
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი „ანდერსონ-მერფი-პიტსი“ მჭიდრო კავშირში იმყოფება აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტის ოჯახთან. ეს ფირმა აშშ-ს რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკონსულტაციო ფირმაა. ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელია ბუშების ოჯახთან დაახლოებული მაიკ მერფი. იგი ფირმის სახეს და წამყვან ფიგურას წარმოადგენს. მას მოგებული აქვს 25 საშტატო დონის არჩევნები აშშ-ში, 1988 და 1992 წელს, მაიკ მერფი ჯორჯ ბუშ-უფროსის პოლიტიკური კონსულტანტი და ერთ-ერთი სტრატეგი იყო. ბუშების ოჯახთან ახლო ურთიერთობები იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ მაიკ მერფი ჯორჯ ბუშ-უმცროსის ძმის, ჯებ ბუშის არჩევნებს ორჯერ მეთაურობდა ფლორიდის შტატის გუბერნატორის არჩევნებში. ორივეჯერ არჩევნების შედეგი ჯებ ბუშის სასარგებლოდ გადაწყდა.
მერფის კონსულტაციით სარგებლობს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი მაკკეინი. ყველა რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი მერფიზე ამყარებს იმედს 2008 წლისათვის. ცნობილია, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ბუშების წრესთან დაახლოებულ იმიჯმეიკერს მოწვევები ჰქონდა უკრაინიდან და გერმანიიდან, მაგრამ მერფიმ უარი განაცხადა.
როგორ მოხდა, რომ იგი საქართველოში ჩამოდის? ეტყობა, „ახლები“ ფინანსებს ნამდვილად არ იშურებენ. საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბედი საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უკავშირდება. ამიტომ მერფი დავით გამყრელიძის პოლიტიკურ იმიჯზე განსაკუთრებით იზრუნებს. დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ურთიერთობა გააიშვიათა, ეტყობა, იგი პრეზიდენტობისთვის მზადებას ასე იწყებს. მასთან დაკავშირება თითქმის ვერ ხერხდება. „ალია“ ფიქრია ჩიხრაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მერფისთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა:
- ეს ადამიანები უახლოეს ხანში ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენ ვართ მემარჯვენე პოლიტიკური ძალა. მემარჯვენე იდეოლოგია ძალიან რთული იდეოლოგიაა ყველა ქვეყანაში. ვიმუშავებთ საარჩევნო სტრატეგიის და პროგრამის ისე ჩამოყალიბებაზე, რომ იგი განსხვავებული იყოს სხვა ძალისგან.
რა გიჯდებათ ბუშებთან დაახლოებული იმიჯმეიკერების ჩამოყვანა?
- წინასწარ შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ არაფერი დამალული არ იქნება. მოვახდენთ ყველა ხარჯის აფიშირებას. უბრალოდ, ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. ელემენტარულად, თანხების დათვლა შეიძლება იმის მიხედვით, როდის ჩამოვლენ, რამდენ ხანს დარჩებიან და ა. შ. ჩვენ ავანაზღაურებთ მხოლოდ მათ საქართველოში ჩამოყვანას და ამ ადამიანების აქ ცხოვრებას. კიდევ ბევრ დეტალზე ვიქნებით შესათანხმებელი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ძალიან სერიოზულ ჯგუფს გაუჩნდეს საქართველოში მოღვაწეობის სურვილი. ეს არ არის ის ჯგუფი, რომელიც ყოველ დაძახებაზე სადმე მიდის.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი იმიჯმეიკერები არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან რუსეთიდან ან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან. აქ, ალბათ, მოქმედებს დავით გამყრელიძის ფაქტორი. მას ურთიერთობები აქვს იმ გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსებთან, რომლებთანაც მერფია დაახლოებული. ვგულისხნობ ნეორესპუბლიკელებს.
ე. ი. დავით გამყრელიძე პრეზიდენტობისათვის ემზადება?
- ამაზე საუბარი ნაადრევია. ცოტა სულსწრაფებად მიმაჩნია ადამიანები, რომლებიც სტარტს იღებენ არჩევნებისთვის დღევანდელი დღიდან.
კულუარებში ამბობენ, რომ გამყრელიძე ჯერჯერობით სახელმწიფო მინისტრის სავარძელს უმიზნებს...
- როგორც კი ვინმეს მიმართ პრეტენზიებს გამოვხატავთ, იმ წუთში ამუშავდება მანქანა, თითქოს „ახლებს“ რაღაცა თანამდებობა გვინდა. სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არანაირი სკამის ინტერესი არ გაგვაჩნია არჩევნებამდე. არჩევნებზე სასურველ წარმატებას თუ მივაღწევთ, მერე პასუხისმგებლობის აღებაზე უარს არ ვიტყვით.
ამერიკის პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული იმიჯმეიკერების ჩამოსვლა ჯერჯერობით შალვა ნათელაშვილმა გააპროტესტა. „მაგათ იმდენ ფულს უხდიან, რომ... მე რომ გადამიხადონ ეს ფული, ბიუჯეტშიც შევიტანდი და ჩემზე უკეთ ვერავინ გასწევდა იმიჯმეიკერობას. ჩემი თავის იმიჯმეიკერი მხოლოდ მე ვიქნები,“ - განაცხადა ლეიბორისტთა ლიდერმა.