"ოთხშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ე.წ. "მასთ ქერის" პრინციპი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ჟურნალისტებთან ამ საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ ამის განხორციელებისთვის სესიის ჩატარება იქნება საჭირო, რაც დღეს "ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელიაო". ტექნიკური თვალსაზრისით სხდომის გაუმართაობა, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ სხდომათა დარბაზი აღარ არსებობს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ხელისუფლებამ სხდომათა დარბაზის დანგრევის გადაწყვეტილება მაინცდამაინც არჩევნების წინ მიიღო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პარლამენტში "მოროდიორობა" დაიწყო / დავით ბაქრაძე: "სხდომა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ჩატარდა".
"პარლამენტის სასესიო დარბაზი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, აღარ არსებობს, მას მუშები ანგრევენ და მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარი ჩაკეტილია, მტვრევის ხმა გარეთ მაინც ისმის. დარბაზის ცენტრალურ კარს ლუქი ადევს, სხვა კარიც შიგნიდანაა ჩაკეტილი და დაშლის პროცესი ასეთ ვითარებაში მიმდინარეობს. სასესიო დარბაზიდან ტექნიკური აპარატურა, სავარძლები, ხალიჩები და სხვა ინვენტარი რამდენიმე დღის წინ გაიტანეს. როგორც ჩანს, ახლა დეპუტატების მაგიდებსა და პრეზიდიუმს ამტვრევენ, რადგან მუშებს გარეთ დამტვრეული ფიცრები გამოაქვთ. ორი კვირის წინ მთლიანად დაშალეს ორი დარბაზი და მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სხდომათა დარბაზის დემონტაჟი არ მოხდებაო, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. ამასთან, გუშინ მთლიანად დაცალეს პარლამენტის "ცე" კორპუსი, სადაც დეპუტატების ოთახები და კომიტეტების სამუშაო ოთახები იყო განლაგებული. გუშინ ოთახებიდან გამოტანილ ავეჯს მთელი დღის განმავლობაში სატვირთო მანქანებზე ტვირთავდნენ და სადღაც მიჰქონდათ", - აღნიშნავს გამოცემა.
"საინტერესო ის არის, ეს ავეჯი და აპარატურა სად მიაქვთ. ოფიციალური ვერსიით, ავეჯის ნაწილი ცესკოს უნდა მისცენ. ნაწილი კი ქუთაისის პარლამენტში გადაიტანონ. სხვა საკითხია, რაში სჭირდება ცესკოს ეს ავეჯი და, თუკი სჭირდებოდა, აქამდე ამის გარეშე როგორ ფუნქციობდა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ამ ავეჯს და აპარატურას სულ სხვა პატრონები გამოუჩნდა. გუშინ პარლამენტში უცხო ადამიანების რამდენიმე ჯგუფი იყო შემოსული, რომლებიც სხდომათა დარბაზიდან გამოტანილი გახმოვანების ძვირადღირებული აპარატურის წაღებას ცდილობდნენ და მათ ამის საშუალება პარლამენტში დარჩენილმა რამდენიმე თანამშრომელმა არ მისცა. მათი თქმით, ისინი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და დავალებული ჰქონიათ, რომ პარლამენტიდან აპარატურა და ავეჯი ფინანსთა სამინისტროში უნდა გადაეტანათ. მაგრამ მათ ამის დამადასტურებელი არც საბუთები გააჩნდათ და ვერც კონკრეტულად იმ პირების დასახელება შეძლეს, ვინც მათ ეს დავალება მისცა!" - დასძენს გამოცემა.
"რეზონანსმა" სცადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ფინანსთა სამინისტროდან მიეღო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ტელეფონს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა. პარლამენტში თანამშრომლები უკვე კარგა ხანია აღარ დადიან და ამიტომ უცხო ადამიანთა ჯგუფების შემოსვლა თვალში საცემი იყო და ისიც გასაგებია, რომ მათ ნებართვის გარეშე სახელმწიფო დაცვის სამსახური შენობაში არ შეუშვებდა. საინტერესო ის არის, ეს ადამიანები ვინ იყვნენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში იყვნენ და ზედამხედველობას უწევდნენ ავეჯის გატანას. შემდეგ სასმელი და საკვები მოიტანეს და პირდაპირ პარლამენტის დერეფნებში დაიწყეს ჭამა-სმა. ცოტა ხანში კი მათი ხმა სხვა სართულებზეც ისმოდა და ნასვამები უკვე იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ ეს ავეჯი და აპარატურა მათ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში და რამდენიმე რეგიონალურ ოფისში უნდა გადაეტანათ", - წერს სტატიის ავტორი.
"თუკი ეს ავეჯი მართლა მმართველი პარტიის ოფისში მიაქვთ, ცხადია, კანონის დარღვევაა. მაგრამ ამ საკითხზე განმარტება ვერც "ნაციონალური მოძრაობიდან" ვერ მივიღეთ. თუმცა გუშინ პარლამენტის შენობაში აშკარად ისეთი განცდა იყო, რომ ვიღაცას სადღაც ნაალაფარი მიჰქონდა. ამ ყველაფერს კი ისიც ამძაფრებს, რომ დღემდე არ გაკეთებულა კომენტარი, რატომ ანგრევენ პარლამენტის შენობას, მითუმეტეს არჩევნების წინ, როდესაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძელებელია, სხდომის ჩატარება გახდეს საჭირო. ქუთაისში პარლამენტი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა გადავიდეს. მანამდე კი რა მოხდება და რა საკითხის განხილვა იქნება საჭირო, არავინ იცის. ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ "მასთ ქერისთან" დაკავშირებით სხდომა ტექნიკური მიზეზით ვერ გაიმართებაო, ცხადი გახადა, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის ასე სწრაფად დანგრევის გადაწყვეტილება სწორედ იმ მიზეზით მიიღო, რომ სხდომები აღარ ჩატარდეს, რაც უნდა საჭირო იყოს", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.