პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაში ეჭვმიტანილ კოტე ციხისთავს პატიმრობამ მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს მოუწია. ეს ის პერიოდია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.
პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაში ეჭვმიტანილ კოტე ციხისთავს, ჯერ კიდევ გასამართლებამდე, ღამის ორ საათზე საკანში დაუპატიჟებელი სტუმრები, იუსტიციის მინისტრ მიხეილ სააკაშვილის მოადგილეები ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი არველაძე, ასევე პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი ესტუმრნენ. ირაკლი ოქრუაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი პატიმარს სასტიკად გაუსწორდნენ. პატიმარს სცემდა გიორგი არველაძეც. დოკუმენტში ვკითხულობთ: "შემოვიდა ოპერატიული შეტყობინება, რომ პარლამენტარმა პეტრე ცისკარიშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა - ირაკლი ოქრუაშვილმა და გიორგი არველაძემ შუაღამისას საკნიდან გამოიყვანეს პატიმარი კოტე ციხისთავი და მთელი სისასტიკით სცემეს". მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მოძალადეებს პატიმრის საკნის კარი გაუღო ირაკლი ოქრუაშვილის ბიძამ, რომელიც იმხანად ციხის თანამშრომელი იყო. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ციხისთავს მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მოტეხილობები და სისხლჩაქცევები. პატიმარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული, შევარდნაძის ხელისუფლების სამართალდამცველებმა, იმხანად ახალგაზრდა რეფორმატორებად ცნობილი პირების დასჯა ვერ შეძლეს და მომხდარ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. საქმის მოკვლევაც, მტკიცებულებათა უქონლობის მოტივით, მალევე შეწყდა.
P.S. დღეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთშია გადახვეწილი, პეტრე ცისკარიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში საპატიო N2 ადგილი უკავია, გიორგი არველაძე კი ტელეკომპანია "იმედის" ერთ-ერთი მფლობელი და ხელმძღვანელია.