“გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ბერნარ კუშნერმა ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „გლობალური ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები.
“დღეს პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა, საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია” - ითქვა კონფერენციაზე.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელმა ნატო ბერიშვილმა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი უწოდა, დადებითად შეაფასა „გლობალური აიანსის“ ძალისხმება და ჩართულობა და აღნიშნა: „ზოგადად ჯანდაცვის სისტემა ფაქიზი და პრობლემატური სფეროა. პრობლემები ყველგან არის, თუმცა, ზუსტად ამისთვის არის დასახული მიზნად, რომ ,,გლობალური ალიანსის“ დახმარებით აღმოფხვრილი იქნას ხარვეზები და დარეგულირდეს შექმნილი პრობლემები. მთავარი და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ბერნარდ კუშნერი ევროპული მოდელის კოპირებას ქართულ რეალობას პირდაპირ არ აპირებს. გათვალისწინებულია საქართველოში არსებული მდგომარეობა. ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიმბიოზური დამოკიდებულება და კონსულტაციები ჩვენს რეალობას მოერგება. მხოლოდ, ბატონი კუშნერი ვერ დაიწყებს ასეთ რეფორმაზე მუშაობას, თუ ქართულ ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ზედმიწევნით კარგად არ ეცოდინებოდა. საკმაოდ ბევრი შეხვედრების გვაქვს მასთან და ცდილობს გაგვიწიოს კონსულტაციები, გარკვეულია რეალობაში და სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ პირველადი ჯანდაცვის მიამრთულებით საკმაოდ კარგი რეკომენდაციები გაგვიწია“.
„საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც მნიშვნელოვანი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყოდა ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა ექსპერტმა პიტერ მაკარამ და მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, ამასთან, მიაჩნია, რომ მისი სწორად და მიზანმიმართულად განხორციელება აუციელებელია და მის სირთულეზეც მიანიშნა: „ჩვენი შემოთავაზება ასეთია, საავადმყოფოები და პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს ერთად.ეს არის ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი. ზოგადად დიდი რეფორმის, დიდი ცვლილების განხოციელება ძალიან რთულია. ასეთია საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკოსების სტრატეგიები. ჩვენ მათ უნდა დავუმტკიცოთ ეფექტიანობა იმ დახარჯული თანხებისა, რაც ამ პროცესების დალაგებასა და დარეგულირებაში დაიხარჯება. სასურველია, დაავადებების პრევენციაში უფრო მეტი თანხა იქნეს მობილიზებული. სწორედ, პროცესების სწორად დარეგულირებაში “გლობალური ალიანსისგან“ საჭირო და დროულ რეკომენდაციებს მიიღებთ“.
დასასრულს, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და "გლობალური ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული მომზადებული პროექტები წარადგინეს.