აფინანსებს თუ არა «ქართველ მუსულმანთა საზოგადოებას» თურქეთი

აფინანსებს თუ არა «ქართველ მუსულმანთა საზოგადოებას» თურქეთი

ბათუმის ცენტრალური მეჩეთის _ ორთა ჯამეს ეზოში შეკრებილი მუსულმანი ქართველი მამაკაცები მეუბნებიან, პარასკევობით ლოცვებზე ქალებიც დადიანო... ჯამეს ერთი მხიდან ქუთაისის ქუჩა მიუყვება, რომელიც მთლიანად თურქების საკუთრებაა _ რესტორნები, კაფეები და ჩაიხანები თურქი მამაკაცებითაა სავსე... ამ ქუჩაზე ქართველები კანტი-კუნტად დადიან... ერთი ახალი დიდი ჯამე გვჭირდებაო, _ მეუბნებიან ქართველი მუსულმანები... ამ ფონზე, ბუნებრივია, ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: ბათუმში აზიზეის მეჩეთის აშენება ქართველ მუსულმანთა დაკვეთაა თუ სახელმწიფო პოლიტიკა? «ქართული სიტყვა» სრულიად საქართველოს მუფთს, «ქართველ მუსულმანთა საზოგადოების» თავმჯდომარე ჯემალ პაქსაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ჯემალ, აჭარაში, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად, დიდი რაოდენობით თურქული კაპიტალიც შემოდის. აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ აჭარაში თურქეთიდან ანტისეკურალური ისლამის იმპორტირება მოხდეს, რაც ისლამისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. ამ ფონზე, რეალურია თუ არა ისლამური ავტოკეფალია?
_ 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ მიიღო კანონი და ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი გავხდით. ამ კანონის მიღებით, მთავრობამ საქართველოში მცხოვრები სუნიტი და შიიტი მუსლიმების თხოვნა გაითვალისწინა და მეჩეთების აღწერა და მათი ქონების გადასახადისგან გათავისუფლება დაიწყო. სრულიად საქართველოს მუსლიმთა  სამმართველოში ორივე მიმდინარეობაა გაერთიანებული. მართალია, მსოფლიო მუსულმანურ სამყაროსთან ვიმეგობრებთ, მაგრამ საკუთარ პრობლემებს ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ.

_ ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ქართველი მუსლიმი უცხოეთიდან არ უნდა იმართებოდეს?
_ ქართველი მუსლიმები უცხოელებთან უნდა მეგობრობდნენ, მაგრამ საჭირბოროტო საკითხებს საქართველოს სამუფთო წყვეტს, რომელიც 30 წევრისგან შედგება.

_ არსებობს «კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლობა», რომლის ცენტრალური ოფისიც ბაქოშია. კავკასიის შეიხმა, ალაჰ შუქურ ფაშაზადემ თქვენს სამმართველოს ,,დიდი სომხეთის გეგმის ნაწილი“ უწოდა...
_ ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. შეიხთან ორი წლის წინ ვიყავი სტუმრად და ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებს _ ერთმანეთს დღესასწაულებს ვულოცავთ. საქმიანი ურთიერთობებიც გვაქვს. «კავკასიის სამმართველოს» შეიხი განაგებს, მაგრამ ყველამ _ აზერბაიჯანმა, ჩეჩნეთმა _ საკუთარი სამუფთო გააკეთა და კავკასიის სამმართველოში გაერთიანდა...

_ ორგანიზაციის _ ,,საქართველო ჩემი სამშობლოა“ ხელმძღვანელი ალი ბაბაევი კი ფიქრობს, რომ ამ სამმართველოს შექმნა მუსლიმანურ კლანებს შორის განხეთქილებას წარმოშობს.
_ საქართველოში ერთი სამმართველო უნდა იყოს, რომელიც, ქვეყნის კანონმდებლობითა და შეირათის კანონებით, ერთ ღმერთს უნდა ემსახურებოდეს და სამშობლოს სიყვარულს თესავდეს. თუ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს და არ უნდა, ეს არ გვაინტერესებს. ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა და გვინდა, ქვეყანაში მუსულმანები თავს თავისუფლად გრძნობდნენ.

 _ სხვათა შორის, ბატონო ჯემალ, ბრალს ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებაში და ამით, მუსლიმთა ინტერესების დაზარალებაში გდებენ. სიმართლე მითხარით, ხელისუფლება საარჩევნოდ თქვენს გამოყენებას ხომ არ ცდილობს?
_ არა, აპოლიტიკური ვარ და ერისა და სამშობლოს სიყვარულს ვქადაგებ.

_ თქვენი ორგანიზაციის პრეზენტაციას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, ირაკლი ნადირაძე ესწრებოდა და სიტყვითაც გამოვიდა. ხომ არ გაფინანსებთ სახელმწიფო, ან თქვენი ორგანიზაცია შეფარვით ქართველ მუსლიმთა დიასპორად ხომ არ ითვლება?
_ სამმართველოს პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, მეცნიერები, აღმოსავლეთმცოდნეები და სხვადასხვა პარტიის, მაგალითად, «ქრისტიან-დემოკრატების» წარმომადგენლები. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძეს, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ნეტავ, ვინმე დაგვაფინანსებდეს. იცით, ჩვენი წინამძღვრების ხელფასი რამდენია? _ 100 ლარამდე, მხოლოდ შემოწირულობებით ვარსებობთ, ეს მეჩეთსაც ეტყობა და ჩემს სამუშაო კაბინეტსაც. ყველა მუსულმანის ვალია, გასცეს. გასული თვე დიდი მარხვის თვე იყო. ჩვენი რელიგიის მიხედვით, ვინც ერთ გაჭირვებულს დაეხმარება, 60 წლის ლოცვა «დაეწერება». გურიაში, სოფელ ზოტში, 75 წლის ქალს ორი ფსიქიური ავადმყოფი შვილი ჰყავს და დავეხმარეთ. სახელწიფოსთან კი, მხოლოდ იურიდიულ საკითხებში ვთანამშრომლობთ, ისევე, როგორც სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები. როცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გაღიარებენ, რაღა დიასპორაზეა ლაპარაკი?!

_ თქვენი მონაცემებით, როგორია სტატისტიკა _ მუსლიმთა რიცხვი იზრდება?
_ დიახ, იზრდება. წლების განმავლობაში მუსულმანი თურქსა და თათართან ასოცირდებოდა. დღეს კი, მადლობა ღმერთს, საზოგადოებამ იცის, რომ მუსულმანი და მაჰმადიანი უცხოელთან არ უნდა იყოს გაიგივებული. შიდა ლოცვები, მთელ მსოფლიოში, არაბულ ენაზე იკითხება, თუმცა ქადაგებები, მონანიება და სხვა ლოცვები საქართველოში ქართულ ენაზეა.

_ რა საქმიანობას ეწევიან საქველმოქმედო ფონდები _ ,,სინათლე“ და ,,მადლი“ და ვისგან ფინანსდებიან? ამბობენ, ეს ფონდები თურქეთში ქართველი ახალგაზრდების სწავლა-განათლებას აფინანსებენო...
_ ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება განათლებას, საქართველოში ოცამდე პანსიონი გვაქვს, სადაც ბავშვი ცხოვრობს, იკვებება, სკოლაში დადის, გაკვეთილებს სწავლობს და დღეში ერთ საათს უთმობს მუსულმანური რელიგიის შესწავლას _ ლოცულობს, ითვისებს მისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. პანსიონები მეჩეთის დახმარებითა და შემოწირულობებით არსებობენ, მაგრამ ყველას გასაგონად ვაცხადებ: ეს არ არის მედრესე, სადაც მხოლოდ ხოჯა ასწავლის ბავშვებს. საქართველოში არც ერთი მედრესე არ ფუნქციონირებს. ზაქათის წესის მიხედვით, მორწმუნე ვალდებულია, ყველას ისე დაეხმაროს, როგორც შეძლებს.

_ ბატონო ჯემალ, როგორც ვიცი, სალაფიას ისლამური სექტა, ანუ ვაჰაბიზმი საქართველოს მეზობელ მუსულმანურ ქვეყნებში სწრაფად ვრცელდება. ამ მხრივ საქართველოში რა ხდება?
_ სიფხიზლე გვმართებს და ამიტომ, ამ საკითხზე ვმუშაობთ. კერძოდ, ქართულ ენაზე ვთარგმნეთ და მალე მორწმუნეებს ყურანის წაკითხვა ქართულად შეეძლებათ. მუსულმანური რელიგიის მიხედვით, ერთი კაცის მოკვლა კაცობრიობის განადგურების ტოლფასია, ერთის სიცოცხლის გადარჩენა კი, მთელი კაცობრიობის გადარჩენაა. მაჰმადიანობა კაცთმოყვარეობას ქადაგებს და ამის გაგება ყველა მსურველს ქართულ ენაზე შეეძლება. ყურანში, ასევე, სიტყვა-სიტყვით წერია, რომ პატივი უნდა სცე მშობელს, მეზობელს, მოყვასს. ქადაგებებში სულ ვამბობ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც რელიგიური დაპირისპირება და შუღლი არასდროს ყოფილა. ვცდილობთ, ფუნდამენტური, აგრესიული მუსულმანობა არ დამკვიდრდეს ქვეყანაში. აღიზარდოს მშვიდობისმოყვარე, ერუდირებული, თავისუფალი აზროვნების მუსულმანი მოქალაქე.

_ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა შეჩერდა?
_ ეს იყო ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების გადაწყვეტილება, ჩვენ ამ საქმეში არ ჩავრეულვართ. იმას, რომ საქართველოში, 6 თვის განმავლობაში, ძალიან სამარცხვინო, მუსლიმების მისამართით ზედმეტად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა ტელევიზიებიდან, ნამდვილად ვერ აიტანენ ქართველი მუსლიმები. საიდან ამდენი გესლი საქართველოში?

 _ აზიზიეს მეჩეთის თემა შემოგდებულია?
_ არ ვიცი... ბათუმს რომ მეჩეთი სჭირდება, ამას მიხვდებით, თუ დაესწრებით პარასკევის ლოცვას _ 500-600 ადამიანი, ქუჩაში დაჩოქილი წვიმაში, თოვლში ლოცულობს და კითხულობს, როდის უნდა აშენდეს მეჩეთიო? დამერწმუნეთ, რომ თურქები რელიგიით დაინტერესებულნი არ არიან. არანაირი თურქების მითითება, ჩვენ არ ვიბრძოლებთ სხვისი იდეოლოგიით, ეს აბსურდია. გამოდიან ტელევიზიით და გვიამბობენ ისტორიიდან, თუ როგორ კვეთდნენ თავებს ქართველებს მუსულმანი დამპყრობლები და როგორ აწითლებდნენ მდინარეებს სისხლით, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. მე ჩემი მუსულმანი ქართველის ბედი მაღელვებს.

_ მეჩეთის ეზოში ერთ ახალგაზრდას ვესაუბრე და იმან მითხრა, ჩვენ სად გვაქვს ფული, თურქეთი უნდა დაგვეხმაროსო...
_ საქართველოში 800 ათასი მუსულმანია აღრიცხული, ყველამ რომ თითო ლარი დადოს, მეტი არც გვინდა. ბათუმის მეჩეთი ქართული წყაროთი გარემონტდა, აზიზიეს მეჩეთიც ასე უნდა აშენდეს.

ბევრი მართლმადიდებელი მეგობარი მყავს და ისინი მეუბნებიან, გახსენი ანგარიში, ოღონდ მეჩეთი აშენდეს ქართული არქიტექტურით, ქართული ორნამენტებით და ჩვენ დაგეხმარებითო.

P.შ. ბათუმში ერთმა მუსულმანმა ქართველმა მითხრა: ,,ნაციონალური მოძრაობის» დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ბარამიძე იყო მოსული და ახალი მეჩეთის აშენების საკითხში დახმარება ვთხოვეთ  და ასე გვიპასუხა, რა ვქნა, ხალხი წინააღმდეგიაო. არ გვაინტერესებს, ვისი სახელობის იქნება ახალი მეჩეთი, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სახელობის იყოს და არა _ აზიზიეს; არც თურქეთის დახმარება გვინდა, მეჩეთს ჩვენი ძალებითა და თანხებით ავაშენებთ და ვინც ამაში დაგვეხმარება, ის იქნება ბათუმის ხელმწიფე!»