"ხელისუფლების ტონიდან გამომდინარეობს ერთადერთი რამ: სურთ, როგორმე მეორე მხარემაც ისეთივე რიტორიკით უპასუხოს და ვითარება დაიძაბოს. თუმცა ჯერჯერობით მეორე მხარე დიდ მოთმინებას იჩენს, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობას იძლევა, ოღონდ თუ ამომრჩეველი აქტიური იქნება. დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე", - აცხადებს დევნილი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მერაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან თვითონ გაქრება უსახელოდ და უკვალოდ" / "რუსთავი 2"-ის შეძენა მთხოვა ე.წ. "ველიკალეპნაია ტროიკამ" ადეიშვილ-მერაბიშვილ-ოქრუაშვილის შემადგენლობით".
"ჩვენი ამოცანაა, გაქრეს კლასი, რომელიც ქვეყნის უკან დაბრუნებას ცდილობს" - ეს უხამსი და შეურაცხმყოფელი რიტორიკა მხოლოდ ხელისუფლების ინტელექტის დაბალი დონის მაჩვენებელია. სხვათა შორის, მერაბიშვილი ნამდვილად არის გაქრობის სპეციალისტი, ხშირად გაიძახიან, ვაშენებთო, თუმცა პარალელურად, მერაბიშვილი აქრობს თავისუფალ აზრს, მოაზროვნე ადამიანებს, ქუჩაში ხოცავს ახალგაზრდებს, ახლა უკვე მთელი კლასის გაქრობით იმუქრება, რაც აღარ გამოუვა. ჩემი აზრით, მერაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან ცოტა ხანში თვითონ გაქრება უსახელოდ და უკვალოდ. ამგვარი რიტორიკით ხელისუფლება საზოგადოებას ვერ გაიყოლიებს, გაიყოლიებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი ანაზღაურების საფასურად ქვებით აიარაღებენ ხოლმე და ქუჩაში გამოჰყავთ. სააკაშვილს გაჰყვებიან მხოლოდ უნამუსო და უინტელექტო ადამიანები, რომლებსაც არაფრის ნიჭი არ აქვთ და მხოლოდ ამ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული მათი წარმატება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქიბარ ხალვაში.
"ჩემს ბიზნესს კი ის დამართეს, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილის ქონებას, მხოლოდ მასშტაბი იყო მცირე. როგორმე მოვახერხებდი ქონების ნაწილის გადარჩენას, მაგრამ ვიფიქრე, რომ ადამიანობის ნატამალი მაინც შერჩებოდათ და ხელს არ მახლებდნენ იმ პატივისცემის ნიშნად მაინც, რაც მე მაგათთვის მქონდა გაკეთებული. ვიცოდი, მისმენდნენ, მაკვირდებოდნენ. მშვენივრად იცოდნენ, პოლიტიკისგან შორს რომ ვიყავი და არც ერთი მხარის პოზიცია არ მეჭირა, მაგრამ თავიანთი თეორიების გასამყარებლად გამომაცხადეს კრიმინალად, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ამის შემდეგ ულტიმატუმის გზით სცადეს ჩემთან დალაპარაკება, ითხოვდნენ დათმობაზე წავსულიყავი, რაღაცები გამეკეთებინა მათ სასარგებლოდ, სანაცვლოდ კი დავრჩენილიყავი ქვეყანაში და განმეგრძო ბიზნესსაქმიანობა. უღირს საქციელად მივიჩნიე გარიგება ხალხთან, ვინც ულტიმატუმის ენით მელაპარაკებოდა. შედეგად დავკარგე ყველაფერი, მაგრამ მთავარია, შევინარჩუნე ადამიანობა", - განმარტავს რესპონდენტი.
"არ ვიცი, პრეზიდენტს რა როლი ჰქონდა ამ პროცესში. მე როგორც იმჟამად მითხრეს, ეროსი კიწმარიშვილი თავისი აქციების გასხვისებას აპირებდა და მთხოვეს, მეყიდა, ისეთ ადამიანებს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა. რუსთავი 2-ის შეძენა მთხოვა ე.წ. "ველიკალეპნაია ტროიკამ", ადეიშვილ-მერაბიშვილ-ოქრუაშვილის შემადგენლობით. თავდაპირველად უარზე ვიყავი, მაგრამ მიხსნიდნენ, რომ ამას პოლიტიკასთან კავშირი არ ექნებოდა. მეც დავთანხმდი, რაც ჩემი დიდი შეცდომა იყო. ვეცდები, ეს შეცდომა გამოვასწორო. როგორც კი ნორმალური სასამართლო გვექნება, აუცილებლად დავიბრუნებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს და ის ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგება", - ამბობს ქიბარ ხალვაში.
"საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, მთავარია, ჩემს შვილებს სამშობლო ჰქონდეთ, მთავარია, მანდ ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი მოვლენები არ განვითარდეს, ისეთი, ქართველობის რომ შეგვრცხვეს. მინდა, საქართველოში არასდროს აღარ იყოს ხელისუფლება, რომელიც ვიღაცას თავისი სახლიდან უსამართლოდ გააგდებს, ისე, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. სიმართლე ისეთი რამეა, რაც არ დაიმალება. თუ ჩვენი საზოგადოება მხარს დაუჭერს სამართლიანობას, თუ მოვახერხებთ ამის მსოფლიოსთვის ჩვენებას, ყველაფერი რიგზე იქნება. ამისთვის საჭიროა, ეს საარჩევნო პროცესები წარიმართოს ღიად და არა ისე, როგორც ეს მოხდა 2008 წლის არჩევნებზე, როდესაც გივი თარგამაძემ ჩამოიყვანა საერთაშორისო დამკვირვებლები უკრაინიდან, ლატვიიდან, ბელარუსიდან და ა.შ. რომლებიც აქეიფეს, დააწერინეს ის, რაც სურდათ და გაუშვეს. ასე აღარ უნდა მოხდეს. პროცესს უნდა დააკვირდნენ ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც სიმართლეს არ დამალავენ. ვიმედოვნებ, ეს მალე დამთავრდება", - დასძენს ქიბარ ხალვაში.