სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კოორდინაციით მომზადდა და რეგლამენტის სრული დაცვით, 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე (2016 წლის 31 იანვარი) 2016 წლის 16 ნოემბერს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტს (CPT) გაეგზავნა საქართველოს მთავრობის პასუხი ანგარიშზე. იმავე წერილით, კომიტეტს ეთხოვა ანგარიშისა და საქართველოს მთავრობის პასუხის გასაჯაროება. კომიტეტის გადაწყვეტილებით ანგარიში და საქართველოს მთავრობის პასუხები 15 დეკემბერს გამოქვეყნდა კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე.
ანგარიში მოიცავს როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ისე საქართველოს პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ანგარიშში გაერთიანდა აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2012 წელს საქართველოში განხორცილებული ვიზიტის შემდეგ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ძირეული რეფორმები განახორციელა რათა შიშსა და არაადამიანურ მოპყრობაზე დამყარებული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად გარდაექმნა. კერძოდ, აღმოიფხვრა პატიმართა წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემა; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, ბრალდებულთათვის მინიმალური ფართი გაიზარდა 4 კვ.მ-მდე; გაიზარდა პაემნების რაოდენობა და გაფართოვდა გარესამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა; ორჯერ გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი. შედეგად, პატიმართა სიკვდილიანობა 144 შემთხვევიდან (2011წ.) 12 შემთხვევამდე შემცირდა (2015). შთამბეჭდავი შედეგებია ტუბერკულოზის მკურნალობის მხრივ, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში 601 შემთხვევიდან (2012წ.) 49 შემთხვევამდე შემცირდა (2015წლის ოქტომბერი); C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 90%-ზე მაღალია; მნიშვნელოვნად გაიზარდა ფსიქო-სოციალური და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობა; გაუმჯობესებულია გარე და შიდა მონიტორინგის სისტემა; სამინისტრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მართვის სისტემაზეა გადასული.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი
(CPT) ახორციელებს პერიოდულ (ჩვეულებრივ, 4 წელიწადში ერთხელ, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება დამატებითი საგანგებო ვიზიტები) ვიზიტებს თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის დაწესებულებებში, კომიტეტის დელეგაციის წევრები სარგებლობენ დაწესებულებებში შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით. ისინი პირადად ესაუბრებიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს და, ასევე, თავისუფლად უკავშირდებიან ნებისმიერ პირს, ვისაც შეუძლია ინფორმაციის მიწოდება. ვიზიტის შემდგომ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს, რომელშიც მოცემულია კომიტეტის მიერ მოპოვებული მონაცემები, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები და მოთხოვნები და მოითხოვს, ასევე, დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე.