"ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა ამომრჩეველს ყურს ნამდვილად ჭრის - თვალშისაცემია, რომ ბოლო დღეებში არა მხოლოდ პრეზიდენტის რიტორიკა იყო აგრესიული, არამედ ბევრი იმ პოლიტიკოსისაც, რომლებიც აქამდე ასეთ აგრესიას არ ავლენდნენ. გადახედეთ მერაბიშვილის, უგულავას, ბაქრაძის ბოლო განცხადებებს, რომლებიც მაფიქრებინებს, რომ ეს აგრესიულობა შემთხვევითი არ არის და ამგვარი ტონით ლაპარაკს "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე სავალდებულო ხასიათი აქვს", - აცხადებს სოციოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პირველ ბოლშევიკებს და ჩვენს ხელისუფლებას ბევრი საერთო თვისება აქვთ" / "მაილსის კრიტიკული განცხადება აუცილებლად გამოხატავს აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური წრეების აზრს".
"ჩვენ თუ დემოკრატიულ განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია, უნდა ვიცოდეთ, რომ დემოკრატიას თავისი ენა და ეთიკა აქვს, რომელიც არ გულისხმობს იმის განადგურებას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. მერაბიშვილის განცხადება, რაღაც კლასი უნდა გაქრესო, აჩენს განცდას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიაზე არავინ ზრუნავს. არადა, ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ესაა, ეს არის აუცილებელი პირობა, რასაც ჩვენგან ჩვენი პარტნიორები ითხოვენ. მერაბიშვილმა ახსენა "კლასის გაქრობა" - ტერმინი "კლასობრივი მტერი", რომელიც უნდა გაქრეს, სწორედ საბჭოთა კავშირიდან გვახსოვს. იმ პირველ ბოლშევიკებს, რომლებიც დიდი აგრესიულობით ხასიათდებოდნენ, და ჩვენს ხელისუფლებას ბევრი საერთო თვისება აქვთ, კერძოდ, მართვაში გამოუცდელობა. მართვაში გამოუცდელ ადამიანს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტად შეაშინებს მეორეს, მით უფრო იოლად მართავს მას. მოკლედ, შიშით მართვა უფრო ეადვილებათ, ვიდრე სიკეთით მართვა. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირი საკუთარ მოსახლეობასთან ურთიერთობისას სულ იარაღზე იყურებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რანაზ საყვარელიძე.
"ამგვარი აგრესიული რიტორიკა საზოგადოების რაღაც ნაწილზე ყოველთვის მოქმედებს - იმ ნაწილზე, რომელსაც შიში სჩვევია. სამწუხაროდ, საკმაოდ მკაცრი ფიზიკური ანგარიშსწორების მოწმენი ადრეც ვყოფილვართ, ახლაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადღაც მზადდება სადამსჯელო რაზმები. ასე რომ, სავარაუდოა, ხელისუფლება მხოლოდ სიტყვით არ გვაშინებდეს და ემზადებოდეს იმისთვის, რომ რეალურად უფრო საშიში გახდეს. თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომლის გაუთვალისწინებლობაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ამ სტრატეგიის ავტორებს: შიშს აქვს თავისი საზღვარი, თუ ადამიანი მივიდა უკიდურესობამდე, თუ დასაკარგი აღარაფერი აქვს, მაშინ შიში ქრება. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მეტად ეცდები მის დაშინებას, მით მეტად აგრესიულ პასუხს მიიღებ. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა მისულია იმ ზღვრამდე, როდესაც შიშის განცდა ქრება", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ეს აგრესიულობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა იმ საპასუხო ღონისძიების შემდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თელავში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობიდან მეორე დღეს გამართა. ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა იყო ხაზგასმით მშვიდობიანი და საქმიანი. ეს მშვიდობიანობა უფრო მკვეთრად აჩენს ხელისუფლების აგრესიულობას. რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" ყრილობას, ეს იყო კარგად ორგანიზებული ღონისძიება, ვფიქრობ, მოახერხეს მასშტაბურობის და სიძლიერის დემონსტრირება, თუმცა, ჩემი აზრით, ცოტა ნაადრევად ჩაატარეს - საპასუხოდ მეტოქეს ბევრი დრო აქვს. "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დასკვნით, გრანდიოზულ თავყრილობას სექტემბრის ბოლოსთვის გეგმავს, ადამიანის მეხსიერებაში, როგორც წესი, უკეთესად რჩება ის ამბები, რაც დასასრულს ხდება", - ამბობს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "ამერიკის ყოფილი ელჩის, რიჩარდ მაილსის შეფასებით, თუ არჩევნები ცუდად ჩატარდა, "ეს იქნება დიდი იმედგაცრუება და შეაფერხებს დასავლეთთან და სხვა ერებთან საქართველოს ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესს". თუ არჩევნების შედეგები მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, დასავლეთი რა პოზიციას დაიკავებს?" - პასუხობს:
""ეს კითხვა ბოლო ხანს ხშირად ისმის. მაილსის განცხადების კონტექსტში კი საკითხი კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. მაილსის კრიტიკული განცხადება, არა მგონია, ერთი კონკრეტული ადამიანის განწყობა იყოს, ის აუცილებლად გამოხატავს აშშის გარკვეული პოლიტიკური წრეების აზრს. ჩემთვის ცხადი ხდება, რომ დასავლეთი არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ სხვა მოტივების გამოც შეიძლება აღარ უჭერდეს მხარს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. საქმე ის არის, რომ "ვარდების რევოლუციის" დროს, ანუ "მაილსის ეპოქაში", ამერიკას ჰქონდა გეგმა, ხავერდოვანი რევოლუციებით გადაელახა კონტინენტი და მიეღწია ნავთობითა და ტერორიზმით მდიდარ რეგიონებამდე. ეს გარკვევით გვითხრა ბუშმა თბილისში ყოფნისას. მერე ეს გეგმა ჩავარდა, რატომ - ეს სხვა თემაა, ამიტომ გამოცხადდა სააკაშვილი "დემოკრატიის შუქურად".
"დღეს პარადიგმა შეცვლილია. თუკი ობამამ განაგრძო აშშ-ის მართვა, იგი კვლავაც შეეცდება, ყველა მეტოქესთან შეარბილოს ურთიერთობის სტილი და სწორედ ამ პოლიტიკით მოახერხოს თავისი ინტერესების გატარება. თუ რესპუბლიკელები აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში, მაშინ ამერიკა შეიძლება ისევ დაპირისპირების რეჟიმს დაუბრუნდეს, განსაკუთრებით - რუსეთთან, თუ ობამას მართვის სტილიდან გამომდინარე, შევხედავთ პოლი-ტიკურ პროცესებს, ის აგრესიულობა და დაპირისპირება, რითაც ხასიათდება სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან, ხელს უნდა უშლიდეს ობამას რუსეთთან ურთი-ერთობის დაწყობაში. ამიტომაც რაღაცა უნდა შეიცვალოს, ჩვენ არაერთხელ გვთხოვეს - შეცვალეთ რიტორიკა და ეცადეთ გამოძებნოთ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზებიო, მაგრამ არაფერი შეცვლილა, რიტორიკა იგივეა, მეტიც, სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებსაც რუსეთის სახელით ებრძვის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამერიკა სააკაშვი-ლის ხელისუფლების მხარდასაჭერად ნაკლებად მოტივირებულია", - განმარტავს პოლიტოლოგი.
"სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე ამერიკის საწინააღმდეგოდ გადადგა საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი, ობამა უკვე პრეზიდენტი იყო, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ განაწყენებულმა სააკაშვილმა დასავლეთის ჯიბრით ირანთან უვიზო რეჟიმი დააწესა. ვფიქრობ, მას ამასაც გაუხსენებენ, მით უფრო, რომ დღეს ირანთან ურთიერთობა ამერიკისთვის ურთულესი საკითხია. მოკლედ, პრაქტიკულად არ ჩანს მოტივი იმისა, რატომ მოისურვებს ამერიკა სააკაშვილის მხარდაჭერას. ვფიქრობ, რომ დამოკიდებულება შეიცვალა. ამერიკაში დღეს უკვე სერიოზულად არიან დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილით", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.