"გორში, ახალდაბის ტყეში ჯარის მობილიზება შეინიშნება - ამის შესახებ ცნობები "რეზონანსს" ადგილობრივებმა მოაწოდეს, რომლებიც ამ ფაქტის გამო შეშფოთებულები არიან: "ტყეში ჯარია მობილიზებული, რა რაოდენობით არიან, არ ვიცი, მაგრამ ჯარი ტყეში რომ არის, ზუსტად ვიცი, რამდენიმე ჯარიკაცი სოფელშიც იყო ჩამოსული. თუ საფრთხე გველოდება, დროულად გაგვაგებინონ, რათა ჩვენს თავს ჩვენვე მივხედოთ. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ ისევ ბედის ანაბარა არ დაგვტოვონ, როგორც ეს 2008 წელს მოხდა", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უსაფრთხოების გამო უარი თქვა. თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გორელების ცნობით, ტყეში ჯარის მობილიზება ხდება / გიორგი თავდგირიძე: "არ გამოვრიცხავ, რომ ლოპოტას ინციდენტი აქაც განმეორდეს".
"ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ შესაძლოა სამხედრო წვრთნებთან გვქონდეს საქმე, ზოგიერთი კი ლოპოტას ინციდენტის გამეორებას არც ახალდაბის ტყეში გამორიცხავს. "რეზონანსის" სხვა წყაროს ვნობით, საჯარისო ნაწილები დასავლეთ საქართველოდან გორისკენ და ახალციხისკენ გაემართნენ. კიდევ ერთი ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაც შეინიშნებოდა. ჩვენი ანონიმური წყაროს ცნობით 2 სექტემბერს ტექნიკით დატვირთული მატარებლის ვაგონები ქუთაისში, სადგურ "რიონში" იყო გაჩერებული და აღმოსავლეთისკენ მოემართებოდა. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თვლის, რომ საჯარისო ნაწილის ტყეში ყოფნა განგაშის საბაბი არ უნდა გახდეს, მით უფრო, როდესაც ეს გორში ხდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"რაღაც ქვედანაყოფების გადაყვანა გორში შეიძლება მოხდეს, მაგრამ საომარი ან საგანგებო მდგომარეობების დროს ჯარის მობილიზება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდება. ჯარების მობილიზება რომ ხდებოდეს, რამდენიმე წყარო გახდებოდა ხელმისაწვდომი. შესაძლებელია გორში ან ახალციხეში ჩამოყვანილი იყოს ქვედანაყოფები, მაგრამ აქ ჯარის ნაწილების მობილიზება საგანგაშო არ არის, რადგან გორში არის აკადემია და შესაძლოა სწავლებები მიმდინარეობს. ახალციხეშიც არის პოლიგონი და შესაძლოა, დასავლეთ საქართველოდან ჯარის გამოყვანა რამე წვრთნებისთვუის მოხდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.
"არ გამოვრიცხავ, რომ ლოპოტას ინციდენტი აქაც განმეორდეს. მით უმეტეს, რომ ეს ტყე ცხინვალის საზღვართან საკმაოდ ახლოსაა. გამორიცხული არ არის, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ტყეების გეგმური დათვალიერება მიმდინარეობდეს", - დასძენს ექსპერტი. მისივე შეფასებით. ჩრდილო კავკასიაში დაძაბული ვითარებაა და შეიძლება ამ პროვოკაციების მსხვერპლი საქართველოც გახდეს. თავდგირიძე ამბობს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან პოლიტიკურად დაპირისპირებულმა მხარეებმა ბრძოლის მთავარ მეთოდად არჩევნების გზა აირჩიეს და არა რევოლუციის. მისივე თქმით, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის. მათ შორის იმისთვისაც, რომ შიდა დაპირიპირებებით ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა არ ისარგებლოს", - დასძენს გამოცემა.
"სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურის თქმით კი გორთან ახლოს თუ რამ სწავლებები მიმდინარეობს, ამაში საგანგაშო და განსაკუთრებული არაფერია. "- საველე წვრთნები ჩვენ არანაირად არ შეგვიძკლია შევაფასოთ როგორც ომის მზადების ღონისძიებები. ხომ არ შეიძლება საჯარისო ნაწილი მუდმოვად ყაზარმაში იყოს. თუ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება, ამ დროს რა მნიშვნელობა აქვს ესა თუ ის ქვედანაყოფი იმ მომენტში სად იქნება? ქვედანაყოფის მობილიზება ყაზარმაში ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე ტყეში" - აცხადებს სამხედრო ექსპერტი. მისივე თქმით, გასაკვირი არც იმაში არაფერია, თუ სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთისკენ მოემართება. მელითაურის განმართებით "კეთილმოსურნე" ჩრდილოელი მეზობლები გვყავს დს სახელმწიფო მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე ვითარებაა", - წერს სტატიის ავტორი.