“მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის, პრეზიდენტ შევარდნაძის ამერიკაში ვიზიტის მიუხედავად, მმართველი პარტიის სია კვლავ „დახვეწის“ სტადიაშია. თუმცა ორი სიახლე უკვე ცნობილი გახდა.
„მე ვაკეში გავეპარე პრეზიდენტს, ზურაბ ჟვანია კი საბურთალოზე“, - ხუმრობს სააკაშვილი.
ვაკის დეპუტატობის კანდიდატი საკმაოდ თვითდაჯერებულად გამოიყურება და მოქკავშირის პოლიტიკურ პოდიუმზე რამდენიმე ახალი ვარსკვლავი გამოყავს.
საარჩევნო სიაზე მუშაობისას ღამეების თევაში შეჩვეულმა მოქკავშირლებმა, ერთ-ერთი „თეთრი ღამის“ დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი „შეაგულიანეს“, რომ დამოუკიდებლად ვაკის რაიონში იყაროს კენჭი. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ, თავად სააკაშვილი აცხადებდა, რომ კენჭს საბურთალოს რაიონში იყრიდა.
„გულდამშვიდებით მივდივარ ვაკეში, რადგან საბურთალოს რაიონი უკვე დავაბინავე, იქ საკმაოდ ძლიერი კანდიდატი წარდგება,“ - აცხადებს სააკაშვილი.
მოუთმენელ მას-მედიას სააკაშვილმა „უცნობი“ კანდიდატის ვინაობა არ გაუმხილა - „სარიშვილი 15 წუთი გასმენინებთ იმ უბედურებას და ერთი დღე ვეღარ მოგიცდიათ“. სააკაშვილი გვპირდება, რომ ამ სენსაციას დღეს თავად კანდიდატი წარმოადგენს.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, სენსაციის ავტორი - პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იქნება. მასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ჟვანიას ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა იგი კენჭს საბურთალოზე დამოუკიდებელ კანდიდატად.
თავად სააკაშვილი კი აცხადებს, რომ გუშინ, დილის 4 საათზე, ყველაფერი საბოლოოდ შეთანხმდა - მოქკავშირმა სააკაშვილი ვაკეში, ხოლო ის „უცნობი“, რომელზეც „რეფორმის მამა“ საუბრობს, საბურთალოზე „გაამწესა.“
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის სამ რაიონში - საბურთალოზე, ვაკეში და დიდუბეში მოქალაქეთა კავშირის მაჟორიტარებმა აუცილებლად უნდა მოიგონ.
სააკაშვილს ვაკეში გამარჯვების იმედი განსაკუთრებით აქვს. მისი მტკიცებით, ეს რაიონი თბილისის სამეცნიერო - კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრია და მათ სწორედ რომ სააკაშვილისნაირი დეპუტატი სჭირდებათ.
ვაკის რაიონში სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე, საგადასახადო სამსახურის ყოფილი შეფი და ასევე ყოფილი ომბუდსმენი დავით სალარიძეა. სააკაშვილს მისი არ ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, მისი პარტია სწორედ სალარიძის კანდიდატურას უმაგრებდა ზურგს.
რა მოხდა ისეთი, რომ მოქკავშირმა სალარიძეს სააკაშვილი „დაატაკა“. ერთ-ერთი ვერსიით, „შავი კატის“ ფუნქცია თავად სალარიძის სიტყვებმა შეასრულა. საინფორმაციო საშუალებებით მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე სალარიძე გაცილებით მეტს გააკეთებს.
სხვათა შორის, სალარიძე თითქმის ყველა პოლიტიკური ძალისთვის მეტნაკლებად მისაღებია. კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ იგი, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარდგეს.
სააკაშვილი სალარიძესთან რაიმე დაპირისპირებას და ამ ვერსიას გამორიცხავს. იგი აცხადებს, რომ თუ უმრავლესობაში „მოქალაქეები“ მოვლენ, პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ ჟვანიას აირჩევენ. მაგრამ თუ სხვა ძალებმა იმარჯვეს, მაშინ, მისი აზრით, მათ სალარიძეზე უფრო ეგზოტიკური პარლამენტის თავმჯდომარე ეყოლებათ.
რაც შეეხება „მოქალაქეების“ საპარლამენტო სიას, მას მმართველი პარტია მომდევნო ორ დღეში ახდის „ფარდას“. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილი ნამდვილ ვარსკვლავთცვენას გვპირდება. ასე რომ, მმართველი პარტიის სიის შემყურე ვარსკვლავებმა ცაში დარჩენა შესაძლოა, აღარ ისურვონ. ერთ-ერთი ვარსკვლავი, სააკაშვილის თქმით, პირდაპირ პარიზიდან გვეწვევა. კერძოდ, ლაპარაკია თამუნა ნინოშვილზე.
„მოქალაქეებს“ ათეულში ჰყავთ გია მეფარიშვილი, 50-ე ნომერს კი იუსტიციის საბჭოს წევრი დათო მუმლაძე ამშვენებს.
ახალ სახელებში სააკაშვილი დასავლეთში განსწავლულ დათო კოღუაშვილს, მოსამართლეების და პოლიციელების „რისხვას“ კობა დავითაშვილს გულისხმობს.
რეფორმის მამამ ასევე დაასახელა სხვა სახელებიც - პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დათო კირვალიძე, დათო მაღრაძე.
თუმცა „მოქალაქეების“ საარჩევნო სიაშიც და მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილ კანდიდატებში აუცილებლად აღმოაჩენთ, კომუნისტების დროს მოკიაფე, ახლა კი ჩამქრალ „ვარსკვლავებს“ - ანზორ ბურჯანაძეს, ოთარ ფაცაციას, სსრკ-ს დროინდელ ერთ-ერთ მინისტრ მოვსესიანს, პეტრე ბერაიას, სოსო ხარატიშვილს და სხვებს.