"თუ დაიწყო ივანიშვილმა, დაამთავროს კიდეც"

"იმიტომ არსებობენ ჟურნალისტები, რომ ხალხს სიმართლე მიაწოდონ"

"ვაინახები საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას არ დააზარალებენ და არც ტერაქტებს მოაწყობენ"

ლოპოტის ხეობაში მომხდარზე სხვადასხვაგვარი ვერსია არსებობს. ვაშინგტონიდან ჩვენი თანამემამულე, ექიმი-ეპიდემიოლოგი ვაჟა აფშინაშვილი დამიკავშირდა და ლოპოტის ხეობაში მომხდარსა და მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარზე მიამბო. როგორც ამბობს, მისი წყარო ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციაა.

ვაჟა აფშინაშვილი: "საქართველოს ხელისუფლებას ეს გეგმა კარგა ხნის მომზადებული აქვს და მისი ხორცშესხმისთვის დაღესტანში სულიერი ლიდერის მკვლელობა გამოიყენა. მიზეზი ამ გეგმის შემუშავებისა მოახლოებული არჩევნები და დამარცხების შიშია, საბოლოო მიზანი კი ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება.

ხელისუფლების გეგმა ასეთია: უნდა ჩატარებულიყო ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების განადგურების ოპერაცია, რასაც მოჰყვებოდა ისეთი ფონის შექმნა, რომ საქართველოში დაიწყო დესტაბილიზაცია და დიდი საფრთხე გვემუქრება ჩრდილოკავკასიელი ბოევიკებისგან. ამას მოჰყვებოდა (ან მოჰყვება) რამდენიმე ტერორისტული აქტი საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლებოდა. ამის ფონზე დაგეგმილი იყო "ქართული ოცნების" ლიდერებზე ტერაქტების მოწყობა ან თავად ივანიშვილის ლიკვიდაცია, რაც დაჰბრალდებოდა ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს. მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დაცვა გააძლიეროს. ლოპოტის ხეობაში ქისტების ჩახოცვა პირველი ეტაპია ამ გეგმისა. ამას მოჰყვებოდა ტერაქტების სერია და ტერაქტი ივანიშვილის წინააღმდეგ, რასაც დესტაბილიზაცია, არჩევნების ჩაშლა ან გადადება მოჰყვებოდა. ან შეიქმნებოდა ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, როდესაც არჩევნებისთვის აღარავის ეცლებოდა და ასეთი განწყობის დროს ხელისუფლება ტოტალურად გააყალბებდა არჩევნებს.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ქისტი ქალის განცხადებას, შურს ვიძიებთო, სააკაშვილი სათავისოდ გამოიყენებს. მოაწყობინებს ტერაქტებს და დააბრალებს ქისტებს.

როგორც ამბობენ, ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავს ვითომ გაქცეული 6 ბოევიკი. მათ გამოიყენებენ სწორედ ტერაქტებისთვის, შოუს მოაწყობენ და მათაც მუხანათურად დახოცავენ. შეიძლება თვითონ მოაწყონ ტერაქტი, დატყვევებული ქისტების გვამები დაყარონ შემთხვევის ადგილზე და თქვან, ქისტებმა შური იძიესო. ანაც შესაძლოა დატყვევებული ქისტები ისე დააზომბირონ (ამისათვის არსებობს პრეპარატები), ჩააცვან "ქართული ოცნების" მაისური, შემოარტყან ჯიჰადის ქამარი, ბოძივით დააყენონ ხალხში და დისტანციიდან ააფეთქონ. ხელისუფლებას ამ ავანტიურით ივანიშვილის განადგურება სურს. როდესაც მოსახლეობასთან ექნება შეხვედრა, მაშინ მოაწყობენ ტერაქტს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირება.

მათე ციხესაშვილი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრი (რომელიც ამჟამად სტრასბურგში ცხოვრობს):

- მე პანკისელი ქისტი ვარ. ახმეტის რაიონში, სოფელ ომალოში დავიბადე და კარგად ვიცი ქისტების ადათობრივი სამართალი, ხალხის განწყობა. ზვიადი და ჯოჰარი მე გავაცანი ერთმანეთს. მათ შორის შუამავალიც ვიყავი. ლოპოტის ხეობის ტრაგედია შავი ასოებით ჩაიწერება ჩვენს ხალხთა ისტორიაში. კავკასიელ ხალხებში დაუშვებელია წყენა, დაპირისპირება და დაუშვებელი იყო იმ ბიჭების დახოცვა... ეს დიდ დაღს დაასვამს ჩვენს ურთიერთობას. რა მოხდა ლოპოტის ხეობაში, ეს კითხვა ყოველთვის დაისმება, როგორც ქართველების, ასევე კავკასიელების წინაშე. მე 4 ომი მაქვს გამოვლილი და ვიცი, თითოეული ადამიანის დანაკარგი როგორ დიდ დაღს ასვამს ამა თუ იმ ერს. პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და ვალდებულია, პასუხი აგოს. ჩვენ იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია თავის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირება არ დაუშვას, მაგრამ ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება იმის ზუსტად დადგენა, თუ რა მოხდა ლოპოტის ხეობაში. ამ ე. წ. სპეცოპერაციის დამგეგმავ ხელისუფლებას ჰგონია, ხალხი ვერ აზროვნებს და არ შეუძლია სწორი დასკვნა გააკეთოს. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ავანტიურა, რუსეთს არავითარი როლი არ მიუძღვის მასში. ეს ოპერაცია აუცილებლობით არ იყო ნაკარნახევი, ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი, თვითონ შეაიარაღეს ეს ახალგაზრდები, დაგეხმარებით დაღესტანში გადასვლაშიო და მერე დახოცეს. აი, ეს არის მთელი საიდუმლოება ლოპოტის ტრაგედიისა.

საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის კონფლიქტი არ არსებობს, რომ ძალისმიერი მეთოდებით ან იარაღის ჟღარუნით უნდოდეს ვინმეს მისი გადაწყვეტა. კონფლიქტი ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის არსებობს და იქნება მანამ, სანამ რუსეთი არ ჩათვლის ჩეჩნეთს მეზობლად და სრულუფლებიან სახელმწიფოდ. 17-კაციანი ტერორისტული ჯგუფი, როგორც ამბობს საქართველოს ხელისუფლება, იმდენად საშიში ყოფილა, რომ აუცილებელი გამხდარა მთელი სამხედრო პოტენციალისა და ავიაციის დაძვრა მათ გასანადგურებლად. კონფლიქტების გამოსაწვევად სახელმწიფოები ასეთ მეთოდებს იყენებენ, ასე იქნა აგორებული არაბული რევოლუციები. ის საცალფეხო ბილიკები, რომლებიც გადადის თუ შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე როგორც დაღესტნიდან, ასევე ჩეჩნეთიდან და ჩრდილო კავკასიის ნებისმიერი რესპუბლიკიდან, შეუძლებელია გაიარო ისე, რომ არ შეგნიშნონ რუსულმა დანაყოფებმა, რომლებიც სრულად აკონტროლებენ საქართველოსთან საზღვარს. ეს უნდა სცოდნოდათ საქართველოს უშიშროების წარმომადგენლებსაც. იმას, რაც ჩაიდინა ქართულმა უშიშროების სამსახურმა, არავითარი გამართლება არა აქვს.

- რატომ აიყვანა შეიარაღებულმა ჯგუფმა ტყვედ ლაფანყურელი ახალგაზრდები, მათ რა როლი ჰქონდათ ამ საქმეში?
- ტყვეების აყვანას ლოპოტის ტრაგედიასთან კავშირი არა აქვს. ტყვეების აყვანის შემდგომ აუცილებლად დგება ფულის, საზღვარგარეთ გასვლის ან რაიმე პოლიტიკური მოთხოვნა. ასეთი რამ ლოპოტის ტრაგედიის დროს არ მომხდარა. ბესლანის ტრაგედიამდე ჩვენ რუსების შტაბში მივედით და განვუცხადეთ, ჩვენი ადათიდან გამომდინარე, შევალთ სკოლაში და არ გვესვრიან. ბოევიკების პოლიტიკური მოთხოვნები მთელმა მსოფლიომ გაიგო. თქვით თქვენიც, რომ მათთან მივიტანოთ-მეთქი, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ (ასევე მოხდა "ნორდოსტშიც"). ბესლანში რუსლან აუშევი შევიდა სკოლაში მაშინდელი რუსეთის ემ-ჩე-ესის ყოფილი მინისტრის, შოიგუს კატეგორიული მოთხოვნით. ბოევიკებმა აუშევს უთხრეს, რამდენჯერაც შემოხვალ, იმდენჯერ ბავშვებს გაიყვანო და აუშევმა 26 ბავშვი გამოიყვანა, 26 სიცოცხლე გადაარჩინა! თუ 17 დივერსანტი არ ნებდებოდა ქართულ სპეცსამსახურებს, ამდენი ხარჯის გაღება არ იყო საჭირო, - ასულიყვნენ პანკისში, ჩამოეყვანათ ორი ან სამი უხუცესი ქისტი და ისინი მოაგვარებდნენ ამ ვითომდა გადაუჭრელ პრობლემას. \ლაფანყურში მძევლები არავის აუყვანია, ეს იქაურმა ხალხმაც და საინფორმაციო საშუალებებმაც თქვეს. ფულიც კი მიუციათ მათთვის, მძევალს ფულს ვინ აძლევს?

- სამხედრო საქმის მცოდნეებს აქვთ კითხვა, - როგორ დახოცეს 11 კაცი ისე, რომ არ არის არც ერთი დაჭრილი?
- ომს თავისი კანონები აქვს, რომელიც ყველა მეომარმა იცის. თუ ალყაში ხარ, რა უნდა გააკეთო, თუ დაბომბვაა, როგორ უნდა მოიქცე... ერთ მაგალითს გავიხსენებ: როცა გილაევი აფხაზეთში შევარდნაძის დავალებით შევიდა, არძინბამ დაურეკა ინგუშეთის მაშინდელ პრეზიდენტ რუსლან აუშევს და უთხრა, გილაევია შემოსული თავისი ბიჭებით, იცის თუ არა მასხადოვმაო? ჩვენ მათ 72 საათს ვაძლევთ, რადგან ჩეჩნები არიან და მეც დიდი მეგობრობა მაქვს გილაევთან. თუ არ დატოვებენ ტერიტორიას, ავიაციას გამოვიყენებთ და ერთსაც ცოცხალს არ გავუშვებთო. მაშინ დაიღუპნენ ჩეჩნები, მათ შორის პანკისელი ქისტებიც. გაფრთხილებული იყვნენ, არ დაენთოთ ცეცხლი. მიუხედავად გაფრთხილებისა, ბიჭებმა თქვეს, დილით ჩაი დავლიოთო და ცეცხლი დაანთეს. როგორც კი ბოლი ასცდა ხეებს, შვეულმფრენმა რაკეტა ისროლა. ლოპოტის ოპერაციის დროს კი ეჭვი მაქვს, მებრძოლებს ეძინათ და ისე ჩახოცეს.

- თქვენი ინფორმაციით, სად არის ის 6 მეომარი, რომელიც ალყაში ჰყავდათ ქართველ სპეცსამსახურებს?
- არ მინდა ლოპოტის ხეობის ტრაგედია ისეთივე ტრაგედიად დარჩეს, როგორიც პოლონელებისთვის კატინის ტრაგედიაა. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილის ხელმძღვანელობით, განაცხადა - ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრობა იმდენად მყარია, დამნაშავეებს პასუხს მოვთხოვთო. ემიგრაციაში მყოფი იჩქერიის მთავრობაც გააკეთებს შეფასებას, როცა დადგინდება სიმართლე, რა მოხდა ლოპოტის ხეობაში. ამბობენ, რომ 11 მოკლულია. შეიძლება ის ექვსიც მოკლეს და არ ამხელენ. ცხედრების გადაცემის გაჭიანურებაც ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, მაგრამ რელიგიიდან გამომდინარე, არც მართლმადიდებლური და არც მუსლიმანური რელიგია არ გაძლევს უფლებას, ოჯახის წევრებს არ დაამარხვინო დაღუპულები.

- რა შეიძლება მოჰყვეს მომხდარს. რა განწყობაა ჩეჩნებსა და ქისტებში?
- ლოპოტის ტრაგედიამ ვითარება დაძაბა როგორც ჩეჩნეთში, ასევე პანკისში. სიტყვას დიპლომატიაში დიდი დატვირთვა აქვს. ჩვენ გვინდა ყველა ინფორმაცია მივიღოთ, მართლა რა მოხდა ლოპოტის ხეობაში? რაც ხდება საქართველოში, ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს პასუხისმგებელი არავინაა. როცა ამ ტრაგედიას მიეცემა იურიდიული შეფასება, მაშინ პირადად დამნაშავეებს მოეთხოვებათ პასუხი. საწყენია, რომ ყველა ე. წ. დიპლომატი თუ პოლიტიკოსი, ვინც კი ლაპარაკობს საინფორმაციო საშუალებებში, ყველა კავკასიელებს ებრძვის და თავი მოაქვთ პატრიოტებად. ყოფილმა ვიცე-პრემიერმა გია ბარამიძემ ისიც კი თქვა, საქართველო მზადაა დაეხმაროს რუსეთს კავკასიელების, კერძოდ, კავკასიის იმარატთან ბრძოლაშიო. ხალხო, ასეთ სულელურ ლაპარაკზე თუ მოქმედებაზე ხვალ პასუხი მოგეთხოვებათ!

ბერძენი დიოგენე ამბობდა, ხალხი ბევრია, ადამიანები ცოტაო. საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკა ჩიხშია. გვრჩება ორი რამ - რელიგია და ურთიერთსიყვარული. ვაინახები საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას არ დააზარალებენ და არც ტერაქტებს მოაწყობენ. დღეს ისევ დადგა დღის წესრიგში კავკასიის გაერთიანების საკითხი. საქართველო კავკასიის ცენტრია და თუ შევძელით კავკასიელების გაერთიანება, ანუ ზვიადის და ჯოჰარის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

- ითქვა ისიც, რომ ამ ვითარებაში საფრთხე ელის ბიძინა ივანიშვილს.
- ამერიკელებს უყვართ თქმა, თუ თქვენ დაიწყებთ, ჩვენ დავამთავრებთო. თუ დაიწყო ივანიშვილმა, დაამთავროს კიდეც. ქისტები და კავკასიელები არც ივანიშვილსა და არც საქართველოს ტერაქტებს არ მოუწყობენ. იმიტომ არსებობენ ჟურნალისტები, რომ ხალხს სიმართლე მიაწოდონ - ვინ აწყობს სინამდვილეში ტერაქტებს და ვინ ხოცავს ხალხს.