სირიაში საზარელი სისხლისღვრა გრძელდება. ლეგენდარული ქალაქები - დამასკო, ალეპო - ცეცხლშია გახვეული. მსოფლიო უმწეოდ აკვირდება სასაკლაოს, რომელსაც ბოლო არ უჩანს, რადგან რუსეთმა და ჩინეთმა დასავლეთს არ მისცეს უფლება, მოვლენებში ისევე ჩარეულიყო, როგორც ეს ლიბიაში მოხდა, სადაც «ნატო»-მ ჯერ სამხედრო ფრენებისათვის აკრძალული ზონა დააწესა, შემდეგ კი პირდაპირი სამხედრო ძალითაც დაეხმარა პოლკოვნიკ კადაფის მოწინააღმდეგეებს. შედეგად, პირსისხლიანი დიქტატორი, რომელიც 42 (!) წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, მეამბოხეებმა მაინც დაამხეს და მთელი მსოფლიოს თვალწინ მოკლეს კიდეც.
ეს ამაზრზენი კადრები სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში: მუამარ კადაფი ოქროს პისტოლეტით ხელში, რომელსაც უახლოეს კედელთან მისვლაც არ აცალეს დასახვრეტად, - როგორც ხდება ხოლმე სამოქალაქო ომის დროს - იქვე ჩაცხრილეს, სადაც მიასწრეს და მოიხელთეს.
ასეთი სისხლიანი და საზარელი გაგრძელება აქვს «არაბულ გაზაფხულს», რომელიც დაიწყო ძალიან ლამაზად, აღმაფრთოვანებლად: ტუნისში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებით იქაური «შევარდნაძის» - ბენ ალის წინააღმდეგ. მაგრამ მუამარ კადაფი, ბაშარ ასადი, ისევე როგორც ჰოსნი მუბარაქი (ეგვიპტეში), საკმარისად ძლიერნი იყვნენ, რათა ხელისუფლებისთვის ბრძოლის ცდუნება გასჩენოდათ. სირიის რევოლუციით «არაბული გაზაფხული» ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. ძნელი წარმოსადგენია, ბაშარ ალ ასადმა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
თითქოსდა, რა აკავშირებს ამ პროცესებს ვარდების რევოლუციასთან? მაგრამ ნუ ავჩქარდებით. გავიხსენოთ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი: 2005 წლის 10 მაისს, თბილისში, «თავისუფლების მოედანზე» ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი უნდა გამოსულიყო. მის ვიზიტს მთელი ქვეყანა აღფრთოვანებით, უდიდესი იმედით ელოდა. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა! 2004 წლის პირველი მწარე მარცხისა და ცხინვალის ცენტრში ქართველი ჯარსიკაცების სამარცხვინოდ დაჩოქების შემდეგ ერი და ბერი ელოდა, ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ჩვენი განვითარების პროდასავლურ მიმართულებაზე და, რასაკვირველია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრებდა. სხვები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჯორჯ ბუშ-უმცროსი უფრო ქვეყნის შიდა დემოკრატიულ მოწყობაზე, ადამიანის უფლებებზე გააკეთებდა აქცენტს და ა.შ.
მაგრამ რეალურად მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა: ჯორჯ ბუშმა, სრულიად მოულოდნელად, დაიწყო საუბარი „დიდ ახლო აღმოსვლეთზე", არაბულ ქვეყნებში მოსალოდნელ დემოკრატიულ ტალღაზე, რომ საქართველო უნდა იქცეს «დემოკარტიის შუქურად» ამ რეგიონისთვის და ა.შ.
დავაკვირდეთ: ჩვენ საკუთარ ქვეყანას განვიხილავდით და განვიხილავთ, როგორც ევროპის ნაწილს, ანუ პოსტსაბჭოური სივრცისაგან თავის დაღწევა მიგვაჩნია უმთავრეს ისტორიულ ამოცანად და აქტუალურ დისკურსად. ამერიკის პრეზიდენტმა კი (ვიმეორებ) ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, დაიწყო ლაპარაკი არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, არა პოსტსაბჭოური სივრცის დემოკრატიზაციაზე, არა იმ ისტორიულ რაკურსებზე, რომლებსაც ჩვენ ვთვლით რელევანტურად (სტალინიდან - გორბაჩოვამდე და რკინის ფარდიდან - ავღანურ კამპანიამდე) არამედ სრულიად გაუგებარ და ყველა თვალსაზრისით შორეულ რეგიონზე: ეგვიპტეზე, «მაღრიბის» ქვეყნებზე, ანუ სწორედ იმ სამყაროზე, რომელსაც ამერიკელებმა, ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობისას, «დიდი ახლო აღმოსავლეთი» უწოდეს.
თურმე ჩვენი მეგობრები - ჯორჯ ბუში და კონდი რაისი - მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავდნენ საქართველოს და არა იმ რაკურსში, რომელიც ჩვენ გვინდოდა და გვსურდა: როგორც საბჭოთა (რუსეთის) იმპერიისაგან თავდახსნილ პატარა სახელმწიფოს, რომელიც დიდი მეზობლის ზეწოლას განიცდის. არადა, როგორც აღმოჩნდა (და ეს ჩვენთვის უკვე მაშინ უნდა ყოფილიყო ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელი სიმპტომი) ამერიკელებს ჩვენი «ვარდების რევოლუცია» სჭირდებოდათ და «ეხერხებოდათ» არა როგორც პოსტსაბჭოური სივრცის დემოკრატიზაციის, არამედ მათთვის სასიცოცხლო რეგიონის - ახლო აღმოსავლეთის ტრანსფორმაციის მაგალითი!
გასაგებია რატომაც: ამერიკული ისტებლიშმენტი რუსეთთან კონფრონტაციას ერიდება. ეს სივრცე მათთვის «მოსკოვის პასუხისმგებლობის ზონაა». ახლო აღმოსავლეთი კი - დასავლეთის პრიორიტეტული ინტერესების სფერო.
ახლა კი, წარმოვიდგინოთ ამერიკელი ჩინოსანი (ვთქვათ, ეროვნული უშიშროების საკითხებში ბუშის მრჩევლის რომელიმე თანაშემწე), ვინც წყვეტდა საკითხს: ერჩიათ თუ არა პერზიდენტისთვის თბილისში ჩამოსვლა. იქნებ ჰარვარდიც ჰქონოდა დამთავრებული, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტიც არ კმარა იმისათვის, რათა პრიმიტიული გეოპოლიტიკური სქემების მიღმა რეალური პრობლემები დაინახო: პირველ რიგში რუქას შეხედავდნენ, ხოლო თუ მხოლოდ რუქით იმსჯელებ, საქართველო მართლაც მოგეჩვენება «დიდი ახლო აღმოსავლეთის» ნაწილად.
და თუ ასეა, რატომ არ შეიძლება ეს მაგალითი შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან რეგიონში დემოკრატიზაციის მაგალითად თუ ნიმუშად გამოიყენო? ეს ჩვენ გვეგონა, რომ როდესაც ბუში საქართველოში ჩამოვიდა, იგი მხარს რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაგვიჭერდა. მას კი (უფრო ზუსტად მის მრჩევლებს გეოპოლიტიკურ საკითხებში) სინამდვილეში, სულ სხვა დისკურსი აინტერესებდათ, რომელსაც რუსეთის ზეწოლასთან, მით უმეტეს უშუალო აგრესიის დროს საქართველოს მხარდაჭერასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
ბუნებრივია, რუსეთი, რომელსაც საქართველო, კავკასია და მთელი პოსტსაბჭოური სივრცე საკუთარი პრიორიტეტული ინტერესების ზონად მიჩნია, აუცილებლად შეეცდებოდა საკუთარი პრეროგატივა დაედასტურებინა. როდესაც ამერიკელები ამას მიხვდნენ, უკვე გვიან იყო: მათ უკვე შეუქმნეს ქართულ საზოგადოებას (არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართული ელიტებისა და საზოგადოების უმრავლესობას) ილუზია, თითქოს ვაშინგტონი მზად იქნებოდა გვერდში დაგვდგომოდა მოსკოვის აგრესიის მოგერიებაში. თითქმის არავინ მიაქცია ყურადება და არავის ენიშნა ცუდად, რომ ჯორჯ ბუშს თბილისში გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს პრობლემატიკაზე საერთოდ არ უსაუბრია, ხოლო «დემოკარტიის შუქურა», მათი გაგებით, «დიდი ახლო აღმოსაველთისთვის» ვიყავით და არა პოსტსაბჭოეთისა და რუსეთისთვის, როგორც ჩვენ გვეიმედებოდა.
ხოლო როცა მოსკოვმა ნელ-ნელა, თუმცა აშკარად და განუხრელად დაიწყო მზადება ინტერვენციისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, კონდი რაისი ეწვია საქართველოს და მოჰყვა დემაგოგიას: «რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყვეთ, რადგან მის წინააღმდეგ მხარს ვერ დაგიჭერთო». თითქოს არ იცოდნენ, რომ სწორედ რუსეთმა ჩამოაგდო რაკეტა წითელუბანთან 2007 წლის სექტემბერში, რუსეთი აშენებდა სამხედრო ბაზას ჯავაში, რუსეთი ამარაგებდა სეპარატისტებს უახლესი იარაღით და ამით ამოწმებდა ამერიკასა და დასაველთს: რამდენად იქნებოდნენ ისინი მზად, «რამე რომ ყოფილიყო» საქართველოს დასაცავად რეალურად გამოსულიყვნენ.
ჯორჯ ბუშისა და კონდი რაისის დიპოლომატია პოლიტიკური ცინიზმის ბრწყინვალე მაგალითია: ყველაზე ნიშანდობლივია აქ ისაა, რომ საქართველოს «ხავერდოვანი რევოლუციის» მაგალითმა მართლაც ითამაშა გარკვეული როლი არაბულ გაზაფხულში. არა გადამწყვეტი, არა განმაპირობებელი, მაგრამ გარკვეული როლი ნამდვილად ჰქონდა. მით უმეტეს ზემძლავრი სატელევიზიო რესურსების წყალობით. ფაქტიურად, პრეზიდენტმა ბუშმა თბილისიდან სწორედ დიდ ახლო აღმოსავლეთს მოუწოდა, მაგალითი აეღოთ „დემოკარტიის შუქურასაგან" და აღმდგარიყვნენ დიქტატორების წინაამდეგ. იმ მომენტში მას სულ არ აინტერესებდა კარდინალური გეოპოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, მენტალური სხვაობა ჩვენსა და იმ შორეულ რეგიონს შორის, რომელსაც საქართველო 200 წლის წინ მოწყდა.
ეს მწარე გაკვეთილი ამიერიდან მაინც უნდა გავითვალისწინოთ: არც ამერიკა და არც დასავლეთი სინამდვილეში არ არის «ჭეშმარიტებისა და ყოვლისშემძლე ძალის» ერთადერთი წყარო: ისიც მოქმედებს ეგოისტური გეოპოლიტიკური გათვლებით, მასაც ჰყავს რეგვენი მმართველები, რომლებიც საქართველოს რუქაზეც ვერ გიჩვენებენ ზუსტად და ხშირად ელემენტარული ალღოთიც არ გამოირჩევიან: მაგალთად, ჯორჯ-ბუშ უფროსმა, 1991 წელს, უკრაინაში ყოფნისას, საბჭოთა ხალხებს მოუწოდა, ერთიანი მოსკოვური სახელმწიფო შეენარჩუნებინათ. საოცარია არა? მთელი ისტორიის განმავლობაში ყველფერს აკეთებდნენ იმისათვის, რათა ის სახელმწიფო დაეშალათ, დაესუსტებიანთ, ნაციონალიზმი, ანუ დამოუკდებლობისაკენ მისწრაფება გაეღვივებინათ და როცა «საქმე-საქმეზე მიდგა», იმპერია არ დაშალოთო - მოგვიწოდეს. რატომ? იმიტომ, რომ ატომური იარაღის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის გავრცელება არ აწყობდათ, ამის გამო აუტკივარი თავის ატკივება არ ეპიტნავებოდათ!
ოღონდ ყოველივე ამის გამო ამერიკა კი არ უნდა მოვიძულოთ. უბრალოდ, უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ დიდი პოლიტიკაში ყველაფერს ინტერესები წყვეტენ, პატარა ქვეყნისათვის თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება კი ცივი პრაგმატიზმია.