რატომ დაიბარეს პროფესორი დენიზა სუმბაძე შვილთან ერთად ფინანსურ პოლიციაში

რატომ დაიბარეს პროფესორი დენიზა სუმბაძე შვილთან ერთად ფინანსურ პოლიციაში

"ფინანსური პოლიცია საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" ბენეფიციარების საბანკო ანგარიშებით დაინტერესდა. 6 სექტემბერს დაკითხვაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან "ხულიგან პროფესორებთან" ერთად სამსახურიდან გათავისუფლებული დენიზა სუმბაძეც დაიბარეს. იგი "ვერსიას" ამ ფაქტის დეტალებს თავად უამბობს", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით რატომ დაიბარეს პროფესორი დენიზა სუმბაძე შვილთან ერთად ფინანსურ პოლიციაში.

"მე გახლავართ უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი და ფილოსოფიის ფაკულტეტზე ბიბლიის თეოლოგიის სპეციალისტი, რომელიც განათლების რეფორმის შედეგად უნივერსიტეტის გარეთ დამტოვეს. ჯერ მქონდა 100 ლარის აკადემიური სტიპენდია და მერე პენსია, რომელიც მომიხსნეს. მე და ჩემს ვაჟიშვილს სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად სიდუხჭირისა, ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ. გამოვეცი წიგნი "გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება ქართველი ერის შესახებ", რომელიც გამომცემლობამ დამიბეჭდა წინასწარი გადახდის გარეშე იმ შეთანხმებით, რომ ხარჯები უნდა დავფარო. მივმართე "ქომაგს", განაცხადი რამდენიმე თვის წინ შევიტანე, მაგრამ ფონდი ისეთ ზეწოლას განიცდის, დროულად ვერ მოხერხდა და 120 ევრო ერთი კვირის წინ ჩამერიცხა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პროფესორი დენიზა სუმბაძე.

"ჩემი შვილიც იმიტომ დაიბარეს, რომ ორი ანგარიში მქონდა წარდგენილი - ჩემი და სარეზერვოდ ჩემი შვილისაც. სამწუხაროდ, ძალიან ძვირი დაგვიჯდა ეს 120 ევრო. სტუმრად ვიყავით საგურამოში, როცა ფინანსურმა პოლიციამ დაგვირეკა და სასწრაფოდ დაკითხვაზე გამოგვიძახა, როგორც დამნაშავეები. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რა დავაშავეთ? ის, რომ უცხოეთიდან კეთილმა ადამიანებმა დახმარების ხელი გამოგვიწოდეს? ჩვენმა ხელისუფლებამ გაგვამათხოვრა და ხელგაწვდილ ადამიანებად გვაქცია, ყველა მაღაზიაში ვალი დაგვიგროვდა. ახლობლები რომ არ გვეხმარებოდნენ, უბრალოდ დავიხოცებოდით და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ "ქომაგს" მადლობა უთხრას, ისიც და ჩვენც დარბევის ობიექტად გვაქცია", - ამბობს პროფესორი.

"განსაკუთრებით შვილის დაბარებამ გამანერვიულა - არ ვენდობი პროვოკაციების მოწყობაში გაწაფულ ხელისუფლებას. ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ გარემოში. შევეგუეთ, რომ სამართალს ვერ ვიპოვით ან რად მინდა ისეთი სამართალი, თუ ჩემ შვილს დააზიანებენ ან რამე უსიამოვნებას შეამთხვევენ? მე ჩემს აზრს არსად ვმალავ, აკადემიურ დონეზე ვაქვეყნებ კრიტიკულ წერილებს, მაქვს პროფესორთა საზოგადოებრივი გაერთიანება და აღშფოთებული ვარ არსებული პოლიტიკური კურსით. თურმე განსხვავებული აზრის გამო უნდა ვიცხოვრო შიშის სინდრომით, თან უნდა ვიფიქრო, როგორ ვიშოვო ლუკმა-პური და თან უნდა ვიმუშაო, როგორც მეცნიერმა. ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა ხელისუფლება, უნივერსიტეტიდან რომ გამოყარა, იმ დამსახურებულმა ადამიანებმა როგორ განაგრძეს ცხოვრება? იცით, რამდენი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო?" - დასძენს დენიზა სუმბაძე.

"ხელისუფლებამ 28 ივნისიდან დაიწყო ჩვენი ბენეფიციარების საბანკო ანგარიშების დაყადაღება და მათი დაკითხვაზე დაბარება. დაიბარეს დენიზა სუმბაძე და მისი შვილიც. ფინანსურ პოლიციაში განუმარტეს, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან მიმართებაში იკითხებოდნენ. თქვენ არაფერ შუაში ხართ, გამოძიება მიმდინარეობს და უბრალოდ იკითხებითო. ზოგადად, თავაზიანად ექცეოდნენ, რადგან ჟურნალისტები და მხარდამჭერები უკვე იქ იყვნენ. დაკითხვის პროცესში ზეწოლა არ ყოფილა. დაკითხვის შინაარსიდან იკვეთება, რომ სასწრაფოდ დაბარების აუცილებლობა არ არსებობდა. ამდენად, ლოგიკა ერთია, ყველაფერს აკეთებენ, რომ ფონდ "ქომაგის" საქმიანობა შეაჩერონ და და ბენეფიციარები დააშინონ, რათა აღარ გაუჩნდეთ დახმარების მიღების სურვილი", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დენიზა სუმბაძის ადვოკატი და ფონდ "ქომაგის" იურისტი ლალი თევდორაშვილი.

"ჩვენ აუცილებლად ჩამოვყალიბდებით და ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ. "ქომაგის" მხარდასაჭერად უცხოეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფები და შემოწირულობებით ეხმარებიან გაჭირვებულებს. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანებს ამ დახმარების მიღების უფლებას ვიღაც ართმევს. მიაღწია თუ არა ხელისუფლებამ მიზანს, სხვა საკითხია. მიზანი კი კეთილი საქმის შეჩერება და ადამიანთა დაშინება იყო", - დასძენს ადვოკატი და შეკითხვას - "ფინანსურმა უკვე გაარკვია, რაც აინტერესებდა, თუ ამბის გაგრძელებას უნდა ველოდოთ?" - პასუხობს:

"ეს ქალბატონმა დენიზამაც იკითხა, თუმცა პასუხი არ გაუციათ! ასეთი საკითხები გამომძიებლის დონეზე არ წყდება. ამ დროისთვის დაბარებულია ჩვენი ექვსი ბენეფიციარი და შეიძლება რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ჩვენ მოვმართავთ ყველას - ნუ შეგეშინდებათ თქვენი სიმართლის, თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და თავისუფალი აზრისა. შორს არ არის საქართველოში ის დრო, როცა სამართალი იზეიმებს".