კოტე ჟღენტი:

კოტე ჟღენტი:"დარღვევებით ჩატარებულ არჩევნებს ხელისუფლებას არავინ "გაუპრავებს"

"კვლავ ძალიან ბევრი კითხვაა ამ გამოკითხვის მეთოდოლოგიასთან და იმასთან დაკავშირებით, რატომ უკვეთს "ენდიაი" ერთსა და იმავე ორგანიზაციებს საველე სამუშაოებს. საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა და "ენდიაის" შეუძლია, მათ მორიგეობით მაინც შეუკვეთოს საველე სამუშაოები და არ ჩააცივდეს რაღაც მიზეზით ერთ ან ორ ორგანიზაციას. საზოგადოების აზრით, აღნიშნული არასამთავრობოები დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან და საზოგადოება "ენდიაის" კვლევის შედეგებს ყურადღებას აღარ აქცევს. კვლევის შედეგი - ვანო მერაბიშვილი-62%, გიორგი თარგამაძე-49%, ინგა გრიგოლია-41%, ბიძინა ივანიშვილი-39% - ეს ხომ ანეკდოტია?!", - აცხადებს პოლიტოლოგი კოტე ჟღენტი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც / "დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებით არ დაკმაყოფილდება. ამჯერად ამას სანქციები მოჰყვება"

"ეს შედეგი აბსურდულია. მისი გამოქვეყნების მიზანი ნათლად ჩანს - შეამზადოს ფონი, საზოგადოება ხელისუფლების მიერ არჩევნებში გამარჯვებას რომ შეეგუოს. პირდაპირ ვთქვათ - მთელი ეს გამოკითხვა ჩატარდა ორი რაღაცის გამო. პირველ რიგში, იმისთვის, რომ დაესვათ კითხვა - "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებდა ხალხს საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერთ თუ არა მხარს ივანიშვილის ამ მოწოდებას?" და ამის შედეგი გამოექვეყნებინათ და მეორე - დაემტკიცებინათ, რომ თურმე რესპონდენტებს მერაბიშვილი მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი არ ამბობს, რომ ხალხს საპროტესტოდ გაიყვანს. მისი განცხადებით, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგმა არ დააკმაყოფილა, ის ხალხს აქციებისკენ იმ მიზნით მოუწოდებს, რომ მომხრეები დაითვალოს და აჩვენოს, რამდენად რეალურია არჩევნების შედეგი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჟღენტი

"რასაც უნდა ფიქრობდეს რიჩარდ ნორლანდი და რა ინსტრუქციაც უნდა ჰქონდეს ამერიკის ხელისუფლებისგან, ამას არ გაახმოვანებს. ასევე, წარმოუდგენელია, რომ ელჩმა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, რადიკალური განცხადებების გაკეთება დაიწყოს ოპოზიციის ან ხელისუფლების სასარგებლოდ. თუმცა ჩვენთვის ცნობილია ნორლანდის გამოსვლა სენატში, რომლის დროსაც საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა საქართველოში არსებული ვითარება. აშშ-ში საქართველოს ელჩ თემურ იაკობაშვილის განცხადება კი, რომ არ სმენია ზემოხსენებული კრიტიკის შესახებ, ზღვარგადასული ცინიზმია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნორლანდი ყურადღებით დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვაშინგტონს მიაწვდის ობიექტურ და სამართლიან ინფორმაციას - რა მდგომარეობა იქნება როგორც არჩევნების წინ, ისე არჩევნების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩი ამას გააკეთებს და ისე აღარ იქნება, როგორც ადრე - ჯორჯ ბუშმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე რომ მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. თუ სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები დაასკვნიან, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ამ არჩევნებს ხელისუფლებას არავინ "გაუპრავებს" - მიიჩნევს კოტე ჟღენტი.

"რაც შეეხება მაკეინის განცხადებას არჩევნების შემდეგ შედეგებზე დავის შესახებ, იმედია, "ქართულ ოცნებაში" კარგად აუხსნეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არავის მოუწოდებს დაპირისპირებისკენ - ვიმეორებ, თუ ოპოზიცია შედეგებმა არ დააკმაყოფილა, ივანიშვილი სთხოვს მათ, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, გამოვიდნენ ქუჩაში და გაირკვეს - მართლა იმდენი ხმა მიიღო ოპოზიციამ, რაც დაუწერეს, თუ არა - თუ ეს აუხსნეს მაკკეინს და მაინც აწუხებს, რომ შედეგები შესაძლოა, ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, მაშინ გამოდის, რომ "მუშაობს~ ძველი სიმპათიები ხელისუფლების მიმართ. მაკეინი ასე იოლად არ იცვლის აზრს და ეს მისმა განცხადებებმაც დაადასტურა. რაც შეეხება შეხვედრას, ის დახურული იყო და არავინ ესწრებოდა, გარდა ივანიშვილის, ალასანიასა და უსუფაშვილისა. როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსეთთან დაკავშირებულ თემებზე საუბარი და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში მისი ბოლო კომპანია ამერიკულმა ფონდმა შეიძინა. ეს გასაგებიც არის, რადგან მაკკეინს ივანიშვილის შესახებ რა სურათს დაუხატავდნენ, ალბათ ყველასათვის ნათელია", - დასძენს პოლიტოლოგი.

"რასმუსენის ვიზიტი რეგიონული იყო - აქ ჩამოვიდა სომხეთიდან, თბილისიდან კი აზერბაიჯანში გაემგზავრა. მისი ვიზიტი მიმართული იყო, პირველ რიგში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გასანეიტრალებლად: წლების წინ ნატოს წევრი ქვეყნის უნგრეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა ოფიცერმა მოკლა სომეხი ოფიცერი, შემდეგ ის ბუდაპეშტმა გადასცა აზერბაიჯანს იმ პირობით, რომ სრულ სასჯელს იქ მოიხდიდა. ჩასვლისთანავე ეს ოფიცერი პრეზიდენტმა ალიევმა შეიწყალა და ლამის გმირად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა ერევანში საპროტესტო აქციები, საზოგადოებამ მოითხოვა, რომ საერთოდ შეჩერდეს სომხეთის ურთიერთობები ნატოსთან. დარწმუნებული ვარ, რასმუსენი პირველ რიგში ამიტომ იყო ჩამოსული რეგიონში. საქართველოში რომ არ შემოევლო, ამას კუდებს მოაბამდნენ. შესაბამისად, აქაც ჩამოვიდა და ზემოხსენებული განცხადების გარდა, გვითხრა, რომ საქართველო ოდესღაც გახდება ნატოს წევრი", განმარტავს რესპონდენტი.

"რაც შეეხება ეშტონისა და ფულეს განცხადებას - არჩევნებზე საუბრისას ორივე მხარეს მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ პროცესის ნორმალურად წარმართვა. თუმცა პასუხისმგებლობის ხარისხი იზომება და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროპა დემოკრატიულ არჩევნებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქ უკვე კითხვის ნიშნები იყო დასმული", აცხადებს კოტე ჟღენტი და შეკითხვას - "თქვენი აზრით, თუ არჩევნების სამართლიანად ჩატარება ეჭვქვეშ დადგა, საქართველოს მიმართ რა ზომებს მიმართავს დასავლეთი - სანქციებს დაგვიწესებს თუ რაღაც პერიოდით შეშფოთდება და შემდეგ ცხოვრება ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდება?", - პასუხობს:

"დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებით არ დაკმაყოფილდება. ამჯერად ამას სანქციები მოჰყვება. ჯერ ერთი, აშშ-ში სენატორთა ჯგუფმა უკვე დასვა საკითხი, რომ თუ აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიაწვდის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტმენტს, დეპარტამენტი კი მოახსენებს კონგრესს და სენატს, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ, საქართველოსთან ეკონომიკური, სამხედრო და ყველა სხვა ურთიერთობები შეჩერდება. ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს. შესაძლოა, "მაგნიტსკის სიის" მსგავსი სია შედგეს და იმ ხალხს, რომელიც აყალბებდა არჩევნებს, ევროპასა და ამერიკაში წასვლა აეკრძალოს. სანქციები დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას და ინვესტიციებს. ქვეყნის შიგნით კი ეს ისეთ რეაქციას და ქუჩაში იმდენი ხალხის გამოსვლას გამოიწვევს, რომ ძნელია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები. ეკონომისტები საუბრობენ, რომ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია პურის, საწვავის გაძვირება და ამას თუ დაემატა სანქციები, საშინელი მდგომარეობა შეიქმნება"