სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს ქუთაისში შეხვდებიან?!

სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს ქუთაისში შეხვდებიან?!

"16 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გუშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობას და ოპოზიციას ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე მისვლისკენ მიუწოდა. ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი ლიდერები ტაძრის კურთხევაზე მივლენ. თუმცა, შეხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს, ვერ აკონკრეტებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს ქუთაისში შეხვდებიან / ექსპერტთა შეფასებით, იმ პოლიტიკური ძალის რეიტინგი, რომელიც პატრიარქის გუშინდელი მოწოდების იგნორირებას მოახდენს, მნიშვნელოვნად დაეცემა.

"პატრიარქის მიწვევასთან დაკავშირებით კოალიციის პოლიტსაბჭოს ჯერჯერობით ჩამოყალიბებული და შეთანხმებული პოზიცია არ აქვს, მაგრამ ჩვენი პარტიის ლიდერის ზოგადი განწყობიდან გამომდინარე ვფიქრობ, მისთვის მიუღებელი არ არის მეორე მხარესთან თანამშრომლობა. თუნდაც დავით ბაქრაძესთან შეხვედრამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის არა მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები ჰქონდეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან, არამედ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგას. რადგან ეს პატრიარქის მოწოდებაა, თანაბრად უნდა გავიზიაროთ და გამოვეხმაუროთ როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიების წარმომადგენლებმა. იმიტომ, რომ სამშობლო, რელიგია და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე პარტიის პოლიტიკური პლატფორმა. საბოლოო ჯამში ჩვენი პარტიული საქმიანობაც ხომ ქვეყნის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე.

"პატრიარქის მოწოდებაში ძალიან დიდი სიბრძნეა ჩადებული, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ტაძარში პოლიტიკური განსხვავებები უნდა დაივიწყონ. გარდა ამისა, პატრიარქმა არაერთი წუხილი გამოთქვა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უწმინდესმა უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, როდესაც ყველას ერთად ლოცვისაკენ მოუწოდა. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის კონტაქტები და ურთიერთობები ორივე მხრიდან უფრო მეტად სიტუაციის დარბილებას გამოიწვევს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაზე, მრწამსზე და მოწინააღმდეგის მხილებაზე უარს ვაცხადებთ. ეს ნიშნავს, რომ პროცესები მშვიდობიანად უნდა განვითარდეს. მთავარი ღირებულება ჩვენთვის ქართული სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესიაა და შესაბამისად არჩევნებმა ან სხვა ტიპის დაპირისპირებამ არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი სახელმწიფოს შესუსტება. პატრიარქის ეს ნაბიჯიც ვფიქრობ, პროცესების ესკალაციის თავიდან აცილებას ემსახურება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ხელის ჩამორთმევა და სალამი ღვთისაა, მისალმებას წინ არაფერი უდგას. სამწუხაროდ, გუშინ აგრესიული ტონი და რიტორიკა მოვისმინე პრეზიდენტისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან "ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ, მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად შეგვრაცხეს. თუმცა, ჩვენ არ გვიჭირს ნაბიჯის გადადგმა ადამიანებისკენ, რომლებიც ნელ-ნელა უმცირესობაში რჩებიან. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ დავანახოთ, რომ მშვიდობის და სამოქალაქო განვითარების მოსურნე პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც არასოდეს შეუქმნის მოწინააღმდეგეს ისეთ პირობებს, როგორიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა", - დასძენს ელისო ჩაფიძე.

"ბაგრატის ტაძრის განახლება და რეკონსტრუქცია პრეზიდენტის და პატრიარქის ერთობლივი ინიციატივით მოხდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძარში ვიქნებით. ეს საქართველოსთვის ისტორიული და ყველა ქართველისთვის აღსანიშნავი დღეა. აქედან გამომდინარე, მის აღნიშვნაში ჩვენი გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. პატრიარქი ყველა ქართველის სულიერი მოძღვარია. ის, რა თქმა უნდა, ყველანაირი პოლიტიკური განმასხვავებელი ნიშნების გარეშე მოუწოდებს ყველას, რომ ერთობლივად აღვნიშნოთ ეს დღე. არა მგონია, ამაზე მეტი მინიშნება პატრიარქს გაეკეთებინა. შეხვდებიან თუ არა პრეზიდენტი და ივანიშვილი ერთმანეთს, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ ჩვენ ნამდვილად ვიქნებით 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მმართველი პარტიის წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი.

"არც ერთ მხარეს არ უნდა აწყობდეს ამ მოწოდების იგნორირება. პატრიარქს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მასთან რაიმე დესტრუქციული ქმედების განხორციელება, როდესაც საუბარი იყო მიწვევაზე, რომელიც თავის მხრივ ნებისმიერი მხარისთვის პატივია, შეხვედრაზე მიუსვლელობა ძალიან ცუდი ტონი იქნება. ამიტომაც არ მგონია, ამის დაშვება შეიძლებოდეს. აქამდეც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პატრიარქმა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეახვედრა და სიტუაცია დაამშვიდა. ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ მსგავსი რამ ამ შემთხვევაშიც განმეორდება. თუმცა, რა ფორმით მოხდება, ეს უკვე სხვა საკითხია", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პიარ-ტექნოლოგი არჩილ გამზარდია.

"თუ მაინც დავუშვებთ, რომ რომელიმე მხარე არ მივა შეხვედრაზე, ეს ალბათ ნეგატიურად შეფასდება საზოგადოების მხრიდან და ასე უნდა შეფასდეს, რაც ამასთანავე უარყოფითად იმოქმედებს პარტიის რეიტინგზეც. რამდენად შეიძლება ამას შერიგება ვუწოდოთ, არ ვიცი. ისინი აქტიურ კონფლიქტის მხარეებად არ განიხილებიან, ერთმანეთის ოპონენტებად იგულისხმებიან. ეს წინასაარჩევნო გარემოში ვითომ ჯანმრთელი პროცესია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი დაპირისპირებული მხარეები არიან. თუმცა, არსებობს საკითხები, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს. თუ შეხვედრა შედგა, მაშინ პატრიარქს, როგორც სულიერ მამას, ექნება შესაძლებლობა, რომ მხარეები კონსტრუქციულობისკენ წაიყვანოს", - განმარტავს პიარ-ტექნოლოგი.

"ჩვენს საზოგადოებას საოცარი მოვლენა ჰგონია, თუ ოპონენტები შეხვედრისას ერთმანეთს ესალმებიან და ხელს ართმევენ. რაც ძალიან ცუდია. ამასთანავე შეიძლება რომელიმე პარტიამ ისინი ალიანსშიც კი დაადანაშაულოს. თუ ევროპულ საარჩევნო გარემოს შევხედავთ და ევროპელი ლიდერების შეხვედრებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კონკურენტები და ოპონენტები ჩვეულებრივ ესალმებიან ერთმანეთს და შესაძლოა ადამიანური კუთხით კარგი ურთიერთობაც ჰქონდეთ. ამიტომ ეს თავისთავად საოცრებად არ უნდა შევაფასოთ. იქნებ ეს ნელ-ნელა იმის პრეცენდენტიც გახდეს, რომ ოპონენტები საქართველოში ადამიანურად იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილები. ამ შეხვედრას ან არანაირი შედეგი არ ექნება, ან თუ ექნება, ის მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს", - დასძენს არჩილ გამზარდია.