ლერი ხაბელოვი - "ზღაპრებსაც ვეღარ იგონებენ... იმაზე, რომ მე "ადამონ ნიხასის" წევრი ვიყავი, პასუხის გაცემაც კი სირცხვილია"
"რა საერთო უნდა მქონდეს მე "ადამონ ნიხასთან"? ასეთი აბსურდული ბრალდება კარგა ხანია არ მომისმენია ამათი მხრიდანაც კი. ეტყობა ისეთ უიმედო მდგომარეობაში არიან, რომ ასეთ ზღაპრებს იგონებენ. ადამიანს რაღაცას რომ აბრალებ მისი დამამტკიცებელი საბუთი ხომ უნდა გქონდეს? წარმომიდგინონ დოკუმენტი რომელიც ამტკიცებს, რომ მე "ადამონ ნიხასში" ვიყავი - ასეთი დოკუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდე ააფრიალებდნენ", - აცხადებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქარელის რაიონში ლერი ხაბელოვი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურითლერი ხაბელოვი: "ნაციონალები ისეთ უიმედო მდგომარეობაში არიან, ზღაპრებსაც ვეღარ იგონებენ / რას პასუხობს ნაციონალურ ბრალდებებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.
"მაბრალებენ, მაბრალებენ, მაგრამ ის მაინც მითხრან რომელ წლებში ვიყავი ამ ორგანიზაციაში - თანაც, როგორც ზოგიერთი ამბობს, თურმე ერთ-ერთი ლიდერიც ვყოფილვარ. დავიწყოთ იმით, რომ მე 90-იან წლებში არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ ვმონაწილეობდი და პოლიტიკისთვის არ მეცალა. იმ პერიოდში აქტიურ სპორტში ვიყავი, ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ამ დროს რომელ ათლეტს სცალია პოლიტიკისთვის. თუ მე ამ ორ საქმეს ერთმანეთს ვუთავსებდი, მაშინ ძალიან მაგარი ვყოფილვარ. თანაც, თუ "ადამონ ნიხასის" წევრი ვიყავი, ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით რატომ გამოვიდოდი? ამ თემაზე საუბარი აბსურდია, პასუხის გაცემაც კი სირცხვილია ამაზე. მაგრამ, სამწუხაროდ მიწევს კომენტარების გაკეთება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლერი ხაბელოვი.
"მათი მხრიდან კიდევ ბევრ ბრალდებას მოვისმენთ. პირადად მე მათი ბრალდებების არ მეშინია - იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. მე კი ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ოდესღაც ალბათ მართლამ ვიჯექი კოკოითისთან ერთად სუფრაზე, მაგრამ არა ომის სემდეგ. ამათ ფანტაზიებს აშკარად ზღვარი აღარა აქვს. და არარც ფანტაზიები უვარგათ. თუ იგონებ, ცოტა დამაჯერებელი მაინც მოიგონე. ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - სად არის საბუთი? მაჩვენონ სურათი, სადაც კოკოითისთან ერთად ვარ სუფრაზე და ხელში სირჩა მიჭირავს. დამიმტკიცონ მეც და ხალხსაც, რომ ომის შემდეგ კოკოითის მიერ მოწყობილ საზეიმო სუფრაზე ვიჯექი. ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენენ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"უიმედო მდგომარეობაში არიან, ზღაპრებსაც ვეღარ იგონებენ, ისე კი გეტყვით, საიდან წამოვიდა ეს ბრალდება. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მე ქართულ მისიას ვხელმძღვანელობდი. ომი რომ დაიწყო იქ ვიყავით. ესენი შეშინებულ თაგვებს ჰგავდნენ, არ იცოდნენ რა ეთქვათ. მივედი და ვუთხარი, რომ დანაშაული და შეცდომა იყო ომი. შეცდომად მივიჩნიე ისიც, ოლიმპიადიდან წამოსვლას რომ აპირებდნენ - ალბათ გახსოვთ, გაკეთდა ასეთი განცხადებაც. მე ამის წინააღმდეგი წავედი -აი, მაგას მიაბეს ეს უაზრობა. მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ილაპარაკონ რამდენიც უნდათ", - დასძენს ლერი ხაბელოვი და შეკითხვას - "თქვენთვის შეიძლება ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საზოგადოებაზე ხომ მოქმედებს ეს ბრალდებები?" - პასუხობს:
"არა მგონი დაიჯერონ. მათმა ბრალდებებმა უკვე სასაცილო სახე მიიღო. სამწუხარო ისაა, რომ ამ სისულელეებზე მიწევს კომენტარების კეთება.