"საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირება გამორიცხულია".

აკაკი ასათიანი - "ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არის ჩვენი გასაკეთებელი საქმე. თუ ხალხის ნება იქნა გამოხატული მკაფიოდ, მას ანგარიშს ყველა გაუწევს"

"ხელისუფლება მაქსიმალურად ძაბავს ვითარებას, თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთის კრიტიკამ ცოტა იმოქმედა და იმედი მაქვს, დასავლეთის ზეწოლა კვლავაც გაგრძელდება. ხელისუფლების მხრიდან სერიოზული პროვოკაცია, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნით პირველ რიგში მათ და მე მგონი, ამდენი ჭკუა ეყოფათ. მცდელობა იყო დაღესტნის საზღვართან - ეს ცოტა ბუნდოვანებით მოცული თემაა, თუმცა რაც გააკეთა ხელისუფლებამ, ეს სრულიად გაუგებარი ამბავია", - აცხადებს აკაკი ასათიანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აკაკი ასათიანი: "საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირება გამორიცხულია".

"რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, ერთი მხრივ, სიფხიზლე უნდა იყოს, მაგრამ, მეტისმეტია იმის ძახილი, რომ გაყალბდება. მე მგონი, ეს ხელისუფლებას უმძაფრებს სურვილს, გააყალბოს არჩევნები და თქვას, თვითონვე არ იძახდითო?! დიდი ყურადღებით უნდა იყოს რეალური ოპოზიცია ამ საკითხზე. გაყალბების სრულად აღკვეთა ძნელია, მაგრამ ხალხი თუ მოვა და როგორც ჩანს, მოვა, დიდად შემცირდება შესაძლებლობა, ეს არის ფაქტი. გაყალბების შანსი იმდენად არის, რამდენდაც დაანებებენ ამის გაკეთებას. სულ ცოტა, ორი კომისიის წევრი - რაც ჰყავს ოცნებას, საკმარისია, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. ჰყავთ დამკვირვებლები და აქტიურად იმუშავებენ. ასე მარტივად რომ აიღონ და ჩააწყონ ბიულეტენები ყუთში, არ გამოვა. თუმცა ჩვენ თუ მივცემთ ამის საშუალებას, ამასაც იზამენ. თუ ისეთი გაყალბება იქნა - პირდაპირ უტიფარი, რასაკვირველია, ხალხის რეაქცია იქნება, მაგრამ ამაზე აწყობა და ყველაფრის აგება არ იქნება სწორი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ასათიანი.

"მთავარი ამოცანაა, ხალხი მოვიდეს არჩევნებზე, ხმა მისცეს. განწყობა ნათელია როგორიც არის და ამის მიუხედავად, თუ შეუძლებელი გახდა ხმების დაცვა, მერე მართლა სერიოზულად საფიქრალია. იმედი მაქვს, ყველა ფიქრობს ამაზე, მათ შორის მეც. შეიარაღებულ დაპირისპირებას მე არ ველი - ვერ ვხედავ ამის შესაძლობლობას. ჩვენ უფრო სამოქალაქო პროტესტის ვარაუდი შეიძლება გვექნეს. იმავე ეგვიპტის ვარიანტი - იქ არ მივიდა შეტაკება სისხლისღვრამდე. ეს რამდენად სასურველია, არ ვიცი, თვითონ ხელისუფლებას რატომ უნდა უნდოდეს ეს ამბავი და რატომ უნდა იყოს იმის იმედად, რომ ამას გადააგორებს. იმედი მაქვს, დასავლელი პარტნიორები ამას რომ საჯაროდ ამბობენ, კულუარებში უფრო გასაგებად უხსნიან მათ, რომ არჩევნების შედეგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს საზოგადოების განწყობასთან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამერიკის იმედად ყოფნა არ არის სწორი. ამერიკის ახალი ელჩის იმედად რომ ვართ, იმიტომაც ვართ ასეთ დღეში. სულ ოქრო კაცი რომ იყოს და ბიძაშვილი იყოს ივანიშვილის, იმ ქვეყანას სახელმწიფო პოლიტიკა აქვს და ის მოიქცევა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და ეს პლუსი ნამდვილად აქვს ამერიკას - ანგარიშს უწევს საზოგადოებასა და ხალხის განწყობებს. თუ ჭორაობის დონეზე დავიწყეთ უკმაყოფილების გამოხატვა, ეს უკმაყოფილების დონეზევე დარჩება. ამერიკის განწყობა ამ ხელისუფლებისადმი ცნობილია - მათ შეიძლება ჰქონდეთ სააკაშვილის პრობლემა, რომ დემოკრატიის დეკორაცია დაარღვია, თორემ სხვა მხრივ პრობლემა ამ ხელისუფლებასთან არ აქვთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არის ჩვენი გასაკეთებილი საქმე. თუ ხალხის ნება იქნა გამოხატული მკაფიოდ, მას ანგარიშს ყველა გაუწევს. მე ძალიან მაღიზიანებს სხვის იმედად ყოფნა", - ამბობს აკაკი ასათიანი.

"გუბაზ სანიკიძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოიხსნა, მანამდე მთაწმინდაზე პაპუაშვილის სასარგებლოდ მოიხსნა და კიდევ მთელ რიგ რეგიონებში ამას ვაპირებთ - ეს არის ჯერჯერობით ცალმხრივი ჟესტი ჩვენი მხრიდან და მერე დანარჩენი ვნახოთ. მათი მხრიდან მსგავს განწყობებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ და ამ ერთ-ორ კვირაში რაღაც გამოიკვეთება ამ მიმართულებით. ოპოზიციას ჯამში აქვს გამარჯვების შანსი. რაც მთავარია, თავად უნდა იმოქმედოს ყველამ და არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის იმედად. მე მგონი, მთავარი ოპოზიციური მოთამაშე ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. იმას კი არ უნდა დაელოდოს, ვინ რას მისცემს, თვითონ უნდა მოიპოვოს. ხალხში მხარდაჭერა დიდია და ეს უნდა გამოიყენონ. ოპოზიციამ ეს შანსი არ უნდა დაკარგოს", - დასძენს აკაკი ასათიანი.