"დარწმუნებული ვარ, რომ ახალაიას აუცილებლად დავამარცხებ!"

ირაკლი ალასანია - "ზუგდიდმა უნდა აიღოს ქვეყნის გაერთიანების - აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დარეგულირების ისტორიული ფუნქცია" 

"წინასაარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ყოველდღე პრაქტიკულად შვიდი-რვა შეხვედრა გვაქვს. საზოგადოების მხრიდან განწყობა განსაკუთრებულად დიდია როგორც ზუგდიდში, ასევე სოფლებში. ყურადღება გადატანილი გვაქვს რეგიონებზე. მობილიზებული არიან ახალგაზრდული ჯგუფები. უკვე დავიწყეთ ჩვენი სააგიტაციო მასალის გავრცელება. საერთოდ კი ზუგდიდელები ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგებიან. ან უნდა განაგრძონ რვაწლიანი აუსრულებელი დაპირებების პერიოდი ან აირჩიონ მომავალი. მე სპეციალურად წინა საპარლამენტო არჩევნების დროს აქაური დეპუტატისა და ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის დაპირებები ამოვაღებინე. არც ერთი არ არის შესრულებული. ზუგდიდი გადაქცეულია ჩიხად", - აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურითალასანია: "დარწმუნებული ვარ, რომ ახალაიას აუცილებლად დავამარცხებ!"

"ზუგდიდმა უნდა აიღოს ისტორიული ფუნქცია, რომელიც არის ქვეყნის გაერთიანება, აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დარეგულირება. სწორედ ამას სჭირდება წელში ეკონომიკურად გამართული, ძლიერი ზუგდიდის რაიონი. ზუგდიდში აშენდება კავკასიის მასშტაბის ჰოსპიტალი, სამედიცინო ცენტრი თავისი სამედიცინო ინსტიტუტით, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება უფასოდ. გადამმუშავებელი კვების ობიექტების გაჩენა და ვაჭრობა არის უპირველესი, რაც შეძლებს აფხაზებსა და ქართველებს შორის ომით გახლეჩილი საზოგადოების დაახლოებას. ყველა ჩვენი შეთავაზება ეკონომიკურად დასაბუთებულია. ასე რომ, ზუგდიდდელები ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგანან: "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება". ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებზე და გულისა და გონების კარნახით მიიღონ გადაწყვეტილება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"მთავარი არის ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი გაყალბებას ვეღარ შეძლებს. ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკა შეიცვალა ბოლო ათი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა დაიწყო. კუდ-ის თანამშრომლები, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე სპეციალური გასამხედროებული ორგანიზაციები, რომლებიც ჩამოაყალიბეს ზუგდიდის რაიონში - ყველა მიზანმიმართული იყო ჩვენი პოლიტიკური კოალიციის წინააღმდეგ. მანამდე ყველა ჩვენს შეხვედრაზე მოდიოდნენ ზონდერჯგუფები. ნასვამ მდგომარეობაში მყოფები ცდილობდნენ, ჩაეშალათ ჩვენი შეხვედრები; ჩაეშალათ და ჩხუბში გამოეწვიათ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა. ასეთი უამრავი შემთხვევაა აღრიცხული. გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლის შემდეგ კი პრაქტიკულად ასეთი ობსტრუქციული გამოსვლები შეწყდა. მაგრამ შეხვედრების წინ მოქალაქეებს დაუვლის ხოლმე ადგილობრივი გამგეობის ან პოლიციის წარმომადგენელი და მიმდინარეობს ხალხის დაშინება", - განაგრძობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი.

"ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაყალბებაში იყო ჩართული, დღეს აღიარებით მოდიან ჩვენთან. ისეთ რაღაცებს ყვებიან, რაც თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ აქვთ კონკრეტული გვარები და კონკრეტული მონაცემები. დარწმუნებული ვარ, როცა სააკაშვილის რეჟიმი შეიცვლება, ჩვენ გავხსნით იმ მონაცემებს, საიდანაც ჩანს, როგორ გაიმართა არჩევნები 2008 წელს. იმ დროს, ნამდვილად ვიცი, როგორ მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, როგორ გაყალბდა, ასევე, საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები. ანუ სულ მალე რეალურად დავინახავთ, რა როგორ გაკეთდა. ძალიან ბევრი აქაური სოფლიდან გვსმენია, ერთი ხმაც არ მიგვიცია "ნაციონალური მოძრაობისთვისო", მაგრამ ბიულეტენებში სხვანაირად აღმოჩნდა", - ამბობს ირაკლი ალასანია.

"ახლა მთავარი აქცენტი გადასატანია მომავალზე. განსაკუთრებულად აღვნიშნავ ყველა შეხვედრისას - არც ერთი ქართველი, "ნაციონალების" მხარდამჭერია თუ "ქართული ოცნების", ჩვენი მტერი არ არის. ჩვენ ოპონენტები მტრებად არ მიგვაჩნია. ჩვენი მტერი არის სიღატაკე, აუტანელი ფასები და უმუშევრობა. დარწმუნებული ვარ, ამ საპარლამენტო არჩევნებში ახალაიას აუცილებლად დავამარცხებ. პატივს ვცემ უფროსი თაობის წარმომადგენლებს და ამიტომაც შევთავაზე, მიიღოს ჩემი წინადადება და ერთად დავსხდეთ დებატებში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოხდება ადგილობრივ თუ ცენტრალურ ტელევიზიაში. ზუგდიდელებს მივცეთ საშუალება, თვითონ აირჩიონ, ვის უნდა დაუჯერონ. ვინ არის წარსული და ვინ არის მომავალი. დებატებთან დაკავშირებით ჩემი ოპონენტის მხრიდან ჯერ კიდევ დუმილია. იმედი მაქვს, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ეს შეთავაზება მიღებული იქნება", - აცხადებს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი. 

"ლოპოტას სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ქართული საზოგადოება, არ ვფლობ ინფორმაციას, რა მოხდა რეალურად იქ. როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, ვინ გასცა ბრძანება, რომ ეს ჯგუფი განადგურებულიყო, რატომ დაიგეგმა ოპერაცია ისე, რომ ამდენი მსხვერპლი მოჰყვა - ეს არის შეკითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. და ასევე - რატომ იტყუებოდნენ პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი და შსს-ს მაღალჩინოსნები ოპერაციის გამართვის შინაარსსა და იმ ადამიანებზე, ვინც იყო იმ დაჯგუფებაში," - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "ქართული ოცნების" პროგრამაში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხარეებად ვაღიაროთ, რაც ივანიშვილისგან თავიდანვე განცხადდა. ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა - მოღალატე უწოდეს", - პასუხობს:

"აფხაზები და ოსები მოლაპარაკების მხარეებად თუ არ ვაღიარეთ, აბა, ვის ველაპარაკოთ?! მოლაპარაკების მხარედ აფხაზეთი უკვე ნაღიარებია, რახან მოლაპარაკების მხარედ ვცანით, ასევე უნდა წარვმართოთ მოლაპარაკება შუამავლების გარეშე; უნდა გვქონდეს საშუალება, სავაჭრო ურთიერთობებზე წავიდეთ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან და შევთანხმდეთ, რომ უნდა აღვადგინოთ გზა, ვაჭრობა... დღეს მთლიანად მათ ბედსა და მოლაპარაკებას სხვა მხარეს რომ ვანიჭებთ, ამ შემთხვევაში - რუსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეს იყო და არის სააკაშვილის ხელისუფლების ფუნდამენტური შეცდომა და ეს იყო ის გზაგასაყარი ხედვების მხრივ, რამაც ჩემი და სააკაშვილის პოლიტიკური დისტანცირება გამოიწვია. რუსეთი არის მხარე საქართველოსთან ომში, მაგრამ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგებლების იგნორირება არ უნდა მოვახდინოთ; არ უნდა გავაკეთოთ ისე, თითქოს ისინი რუსების მხარეს წარმოადგენენ და რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეს უდიდესი შეცდომაა".