ენდიაის კვლევაში ახალი არაფერია და არც პოლიტიკური რეიტინგები იქნება განსხვავებული.

ენდიაის კვლევაში ახალი არაფერია და არც პოლიტიკური რეიტინგები იქნება განსხვავებული.

მარინე ჩიტაშვილი - "ენდიაის კითხვა ბიძინა ივანიშვილის "მოწოდებასთან" დაკავშირებით ელემენტარულად ფაქტობრივი უზუსტობაა!"

"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - ენდიაის კვლევაში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. პრიორიტეტების მიხედვითაც იგივეა, რაც ადრე იყო. ახალია მხოლოდ ცესკოს მიმართ უნდობლობის ხარისხის გაზრდა. პარალელურად კიდევ იყო ერთი საინტერესო მონაცემი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვლაპარაკობთ გენდერულ თანასწორობაზე, კვლევაში მითითებულია, რომ ქალ კანდიდატს მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს. მოსახლეობის 37% ამბობს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე დემოკრატიული ქვეყანა ვართ", - აცხადებს სოციოლოგი მარინე ჩიტაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჩიტაშვილი: ენდიაის კვლევაში ახალი არაფერია და არც პოლიტიკური რეიტინგები იქნება განსხვავებული. 

"ასევე არ არის შეცვლილი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები - დასაქმება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. მათი პროცენტული მაჩვენებლები ფაქტობრივად იგივეა, რაც წინაზე დაიდო. ამ საკითხების მიმართ კი ქმედითი ნაბიჯები გატარებული არ არის. ასევეა დაუსაქმებლებთან მიმართებაშიც, მოსახლეობის 67% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ოფიციალურად დაუსაქმებლების კოეფიციენტი 16%-ია. თუ ეს რეპრეზენტატულია, მაშინ კითხვა ისმება - სად წავიდა ის 51%, რომელიც არ არის ასახული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინე ჩიტაშვილი.

"ყველაზე თვალშისაცემი კითხვა, აქ კვლევაში წავიკითხე, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებითაა დასმული. "არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას?" - რამდენადაც მეხსიერება არ მღალატობს, ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, ან თუ გააკეთა, ამ შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ციტატა! კვლევა აგვისტოს დასაწყისშია ჩატარებული და აგვისტოს ბოლოს ივანიშვილმა სრულიად საპირისპირო განცხადება გააკეთა თავის ექვსპუნქტიან დეკლარაციაში, რომელშიც წერია, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ის არ მოუწოდებს ხალხს საპროტესტო აქციებისკენ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შეეცდება ყველანაირი კანონიერი გზით აღადგინოს", - განმარტავს სოციოლოგი. 

"საპროტესტო აქციებისაკენ მოწოდება და ის განცხადება, რომელიც ივანიშვილმა აგვისტოს ბოლოს გააკეთა, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. მაშინ, როდესაც საერთოდ არ იყო ქუჩაში გამოსვლებისკენ მოწოდება გაკეთებული, ივლისის თვეში მოსახლოების 26% მაინც უჭერდა მხარს ქუჩაში გამოსვლას. ახლა კი, როდესაც ივანიშვილს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის აქციებისკენ, გამოკითხულთა 16%-ია თანახმა გამოსვლებში მონაწილეობაზე და მას მხარს არ უჭერს 62%. ასეთი მოწოდება კი რეალურად არ გაკეთებულა! რას უნდა ნიშნავდეს მოსახლეობისთვის დასმული ეს კითხვა ვერაფერს გეტყვით, ეს იმასთან უნდა გადაამოწმოთ, ვინც კითხვარი შეადგინა. ეს კითხვა ელემენტარულად ფაქტობრივი უზუსტობაა! მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - ამბობს მარინე ჩიტაშვილი

"არის კიდევ მეორე კითხვაც - ეთანხმებით თუ არა ვანო მერაბიშვილის დანიშვნას პრემიერ მინისტრად? - რასაც მოსახლეობის 63% მხარს უჭერს. დავიჯერო ამაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის არაფერია, ან სხვა კანდიდატი არ მოიძებნებოდა, რომ დანიშნულიყო? იმას კი არ ვამბობ, რატომ დაინიშნა მერაბიშვილი პრემიერად, არამედ იმას, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას მხარს ერთმნიშვნელოვნად უჭერს, თუმცა, ეს იმ ფონზე, როდესაც სიღარიბის და სამუშაო ადგილების პრობლემაა ქვეყანაში და ამ რეფორმების განხორციელების მოლოდინი უახლოეს 6 თვეში არა გვაქვს, როგორ შეიძლება ამ ცვლილებას მხარს უჭერდეს მოსახლეობის 63%? ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. ამასთანავე კვლევის დროს დასმული კითხვა - მერაბიშვილის გეგმიდან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მოსახლეობის 26% პასუხობს რომ ეს 1000-ლარიანი ვაუჩერია. ამ შემთხვევაში დგება საკითხი, რომ თურმე იმ ადამიანებმა, რომლებმაც იციან გეგმის შესახებ, მათი ძირითადი პრობლემა ხელისუფლებისგან დამატებითი 1000 ლარის მიიღება ყოფილა. თავად გეგმას კი მხარს 47% უჭერს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"აქ კიდევ ერთი რამეც არის საყურადღებო. როდესაც ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ ისმება კითხვა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც "მაესტროს", "კავკასიას" და მე-9 არხს არ უყურებენ, არაფერი იციან. რაც იმას ნიშნავს, რომ მედიასთან ხელმისაწვდომობა ადამიანების უმეტესობას არა აქვს. შესაბამისად, ადამიანებმა არ იციან ივანიშვილის გეგმების შესახებ და მას ამიტომ ჰყავს გეგმის მხარდამჭერთა ნაკლები რაოდენობა. ჩვენ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე ეს კვლევა გვაძლევს თუ არა რეალურ სურათს, როდესაც გვექნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თანაბრად. თუკი მოსახლეობის 65%-ს საერთოდ არ აქვს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რა გასაკვირია, რომ მან არ იცოდეს არაფერი ივანიშვილის გეგმის შესახებ", - დასძენს მარინე ჩიტაშვილი 

"რომელი სამი რეფორმა იქნებოდა ყველაზე ნიშვნელოვანი საქართველოში და მოელით განხორციელდება თუ არა ის მომდევნო 6 თვის განმავლობაში?" - ამაზე კითხვა კვლევაში დასმულია. სამივე რეფორმა - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და საპენსიო რეფორმა - მაღალი პროცენტული მაჩვენებლითაა დასახელებული. მოლოდინი კი ყველაზე მაღალი განხორციელების ალბათობით არის ჯანდაცვის რეფორმა - 37%. თუმცა, მარტო 24%-ს აქვს იმის მოლოდინი, რომ ის განხორციელდება. რაც ელემენტარულად ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რასაც ეუბნებიან ან ჰპირდებიან. ანუ მომავლის არ სჯერათ, რაც ძალიან ცუდია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ხელისუფლებას უჩვენებს რა არის გასაკეთებელი, თუმცა რატომ არ აკეთებენ ამას, ეს თავად ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელისუფლება საერთოდ არ უსმენს და იმას ლაპარაკობენ, რაც თვითონ გაუხარდებათ", აცხადებს სოციოლოგი და შეკითხვას - "ენდიაი მალე პარტიების რეიტინგს გამოაქვეყნებს, რა მოლოდინი გაქვთ და იქნება თუ არა მასში ცვლილებები?" - პასუხობს:

" საუკეთესო შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" შეიძლება ცოტა უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე ენდიაის ბოლო კვლევებში იყო. არ მგონია, რომ რამე პრინციპული სხვაობა ვიხილოთ. შესაძლებელია ასევე ქდმ-ს პოლიტიკურ ლიდერებს ცოტათი მაინც გაუსწრონ "ქართული ოცნების" ლიდერებმა. სხვა მოლოდინი არა მაქვს".