პოლიტიკური ნება კანონის ნაცვლად?! - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არჩევნები არა კანონის, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ნების საფუძველზე გაიმართება
"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფინანსური დარღვევების გამო საარჩევნო სუბიექტისთვის არჩევნებში მიღებული შედეგის გაუქმების შესაძლებლობა დაჯარიმების სისტემით იცვლება. ამისთვის საარჩევნო კოდექსში სათანადო ცვლილება უნდა შევიდეს. მაგრამ ცვლილებას მომავალი პარლამენტი შეიტანს. მანამდე კი ეს ნორმა, საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, პოლიტიკური ნებით ამოქმედდება, რასაც იურისტები გაუგებრად და გაუმართლებლად აფასებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პოლიტიკური ნება კანონის ნაცვლად / არჩევნებამდე 27 დღით ადრე ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არჩევნები არა კანონის, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ნების საფუძველზე ჩატარდება.
"საარჩევნო კოდექსში ცვლილება პრეზიდენტის ინიციატივით შედის და სათანადო კანონპროექტი პარლამენტში გუშინ შევიდა. პროექტი ცვლილების შეტანას საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტში ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმის თანახმად - "თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებენ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს დადგენილ ვადაში არ წარადგენენ, ან თუ კანონის მოთხოვნათა დარღვევა დადასტურდება, ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით უნდა გააფრთხილოს და ხარვეზის შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოსთხოვოს. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან სასამართლოს მიმართოს და არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება მოითხოვოს", - აღნიშნავს გამოცემა.
"პრეზიდენტი კი პარლამენტს აღნიშნულთან დაკავშირებით კანონის შესაბამისი მუხლის ასეთ ფორმულირებას სთავაზობს: "თუკი საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, მაგრამ საარჩევნო ფონდის ანგარიშს დადგენილ ვადაში არ წარადგენს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 10 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდება. წარდგენილ ანგარიშში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აუდიტის სამსახურმა საარჩევნო სუბიექტი წერილობით უნდა გააფრთხილოს და ხარვეზის გამოსწორება ორი დღის ვადაში უნდა მოსთხოვოს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი სამი ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდება". კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ ცვლილების მიღების მიზეზად "მოქალაქეთა ნების პატივისცემაა" დასახელებული: "ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის მიერ არჩეულ საარჩევნო სუბიექტს მიღებული შედეგი არ გაუუქმდება, თუნდაც ფინანსური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში. კანონპროექტის მიზანია კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა, დარღვევის პრევენცია, ამომრჩევლის ნების პატივისცემა, დავის მოგვარების უფრო მოქნილი მექანიზმის შემუშავება", - დასძენს გამოცემა.
"საია-ის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ "ამ მუხლის შეცვლა უდავოდ მისასალმებელია, რადგან ეს რეალურად ნიშნავს სუბიექტის არჩევნებიდან გამოთიშვას" და საია მუდმივად მის შეცვლა ითხოვდა. თუმცა დასძენს, რომ ის ამ პროექტს არ იცნობს და შეფასებას ვერ გააკეთებს, ვიდრე პროექტს არ ნახავს. მაგრამ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საინტერესო ის არის, რომ პარლამენტში მისი ოფიციალურად ინიცირების მიუხედავად, საკითხის განხილვა და დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გატანა დღის წესრიგში არ დგას. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნებამდე სესია არ გაიმართება და, შესაბამისად, ამ ინიციატივის განხილვა და მიღება მომავალ პარლამენტს მოუწევს. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არის პოლიტიკური განაცხადი, რომ 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედი ნორმა გამოყენებული არ იქნება", - წერს სტატიის ავტორი.
"ეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან მის მოხსნას ნიშნავს. პრეზიდენტის ინიციატივით კი, ეს ნორმა კანონიდან ამოდის. პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ ამის ნაცვლად ჯარიმა დაწესდეს. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, თუკი პარტია ანგარიშს არ წარადგენს, ის 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ანგარიშს ხარვეზით წარდაგენს და ამ ხარვეზს მითითების მიუხედავად, მაინც არ გამოასწორებს, მაშინ მას 3 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ჩვენი მიზანია, სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებში გავიმარჯვოთ, არჩევნებიდან პარტიის მოხსნა საჭირო არ გახდეს, დავამარცხოთ "ქართული ოცნება" და სხვა პარტიები და არა რამე სახის ხელოვნური ბარიერი შეიქმნას, თუმცა ამის მიზანი არც არასდროს გვქონია", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი მინაშვილი.
"საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას სამი მოსმენა და მაღალი კვორუმი სჭირდება. ამ მოწვევის პარლამენტი ამ ცვლილებების მიღებას ვეღარ ასწრებს, რადგან პარლამენტის პლენარული სხდომები აღარ იმართება. პოლიტიკური ნება კი კანონის მისაღებად საკმარისი არ არის და, შესაბამისად, ახალი ნორმა ვერც ამოქმედდება. "თუ ეს ნორმა, რომელიც გულისხმობს ჯარიმის დაწესებას, არ არის მიღებული, მას ვერ გამოიყენებენ. ჯარიმის დაწესება მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი, პარლამენტის გარეშე კი ამას ვერანაირი პოლიტიკური ნება ვერ დააწესებს", - ამბობს კონსტიტუციონალისტი, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ არსებული ნორმა არ იმოქმედებს, რაც, მისივე თქმით, უკანონო იქნება და მუდმივად დავის საგანი შეიძლება გახდეს", - დასძენს სტატიის ავტორი.
"ამ განცხადებით, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ნორმამ არ იმოქმედოს, მათ, ფაქტობრივად, თვითლუსტრაცია გააკეთეს, რადგან აქედან ჩანს, რომ შეფასება უნდა გააკეთოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, არის დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური ორგანო და მის თანამშრომლებს, არც ხელმძღვანელს, არც სხვა რანგის თანამშრომელს უფლება არ აქვს, იყოს რომელიმე პარტიის წევრი, მისდევდნენ პარტიულ საქმიანობას. შემდეგ ამ დასკვნით მიმართავენ ცესკოს, რომელიც ასევე კანონის თანახმად უნდა იყო დამოუკიდებელი, არაპარტიული და მიუკერძოებელი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს სასამართლო, რომელიც ასევე კონსტიტუციის თანახმად არ შეიძლება იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ ხელისუფლებაზე და ა.შ. ანუ, როდესაც აცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ნებაა და ეს არ ამოქმედდება, ამით ამბობ, რომ თუნდაც იყოს ასეთი სახის დარღვევა, ამ სამი უწყებიდან ერთ-ერთი ან სამივე ამ დარღვევაზე დახუჭავს თვალს, რადგან ასეთია ხელისუფლების ნება", - განმარტავს რესპონდენტი.
"ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს უწყებები არ არიან დამოუკიდებელი და პირიქით, დამოკიდებული არიან მმართველ პოლიტიკურ გუნდზე. თუკი დარღვევაა, სამივე ვალდებულია, მოახდინოს სათანადო რეაგირება და თუკი ამ რეაგირებას არ მოახდენს, რადგან ასეთია ხელისუფლების ნება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არიან დამოუკიდებელი. ხელისუფლება ამბობს, რომ ნორმა პოლიტიკური ნების გამო არ ამოქმედდება, ეს ნიშნავს, რომ ამ სამიდან ერთი მაინც იმოქმედებს პოლიტიკური დაკვეთის და არა კანონის შესაბამისად, რომელიც ქვეყანაში უზანაესი უნდა იყოს", - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.