გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე თემურ მიქაუტიძე - "ლაფანყურის შემთხვევა არის უმეცრების, ამპარტავნების, უზნეობის, კაცთმოძულეობის, სიყალბის, ფარისევლობის შედეგი, რომელიც გათვლილია გონებაჩლუნგ მომხმარებელზე"
"ოფიციალური ინფორმაციით, 11 მოკლული ხან დივერსანტები არიან, ხან ტერორისტები. ამიტომ გაუგებარია, როგორ ფასდება მათი მოქმედება - სამხედრო ოპერაციად თუ კრიმინალურ დანაშაულად? ოფიციალური პასუხი ამ კითხვაზე არ გვაქვს. გარდა ამისა, საინტერესოა, შესთავაზეს თუ არა "დივერსანტთა" ამ ჯგუფს დანებება. ან როგორ მოხდა, რომ სამი კაცი დაგვეღუპა და ხუთი დაგვეჭრა, როდესაც ჩვენს სამართალდამცავებს ასობით კაცი ჰყავდათ მობილიზებული 17 დივერსანტის თუ ტერორისტის წინააღმდეგ? ამ უპირატესობის ფონზე სამი დაღუპული აბსოლუტური წარუმატებლობაა!" - აცხადებს გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში თადარიგის პოლკოვნიკი, ავღანეთის ომის მონაწილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე თემურ მიქაუტიძე სათაურით "ჰგონიათ, რომ "აუდიტორია" ამ საზიზღრობაში შირაზის ბროლს დაინახავს".
"ცისკარიშვილი ამბობს, სხვა გზას როდესაც აირჩევ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, განადგურებული იქნებიო. ამ კაცს თუ მოუსმენ, ჩვენს ტერიტორიაზე ოცამდე კბილებამდე შეიარაღებული დივერსანტი ხუთი ლაფანყურელი კაცის გასატაცებლად ჩამოსულა. საააკაშვილი კი, თავისი ჭკუით, XVII საუკუნის ლეკიანობას ებრძვის... მოწინაღმდეგესა და დამნაშავეს შორის არის განსხვავება. შენ წინააღმდეგ შეიარაღებული მებრძოლი დამნაშავე არ არის. ის უნდა დააპატიმრო. მისი მკვლელობა, თუ უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის ტოლფასია და კაცი, რომელიც გასცემს ბრძანებას ალყაში მყოფი ხალხის განადგურებაზე, დამნაშავეა. შენ არ გაქვს პირდაპირ მისი მოკვლისა და განადგურების უფლება, თუნდაც ის იარაღის ტარებასა და ადამიანების გატაცებაში იყოს ეჭვმიტანილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ მიქაუტიძე.
"საინტერესოა, ვინმემ დაადგინა ეს გარემოებები? მაშ, რატომ დახოცეს და გაანადგურეს ბიჭები? სამხედრო ვარ და ეს შემთხვევა არც ერთი შესაძლო სამხედრო პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ნორმებში არ "ჯდება". არ ჯდება ეთიკის ნორმებშიც. ეს არის ერთმანეთში არეული უმეცრების, ამპარტავნების, უზნეობის, კაცთმოძულეობის, სიყალბის, ფარისევლობის სავალალო შედეგი, რომელიც გათვლილია გონებაჩლუნგ მომხმარებელზე, როგორადაც საქართველოს მოსახლეობა წარმოუდგენიათ. ანუ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ "აუდიტორია" ამ საზიზღობაში შირაზის ბროლს დაინახავს და ერთადერთსა და განუმეორებელ ხელისუფლებას ნამოქმედარს ღირსეულად დაუფასებს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"მაგრამ თუ ქართველებს სინდის-ნამუსი შემოგვრჩა, ამ სპეცოპერაციისას დაღუპული ჩვენი ქართველი და ქისტი ბიჭები ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვა უდანაშაულოდ დაღუპული შვილების რიგში უნდა ჩავაყენოთ. დაღუპული ქართველი სამხედროებიც ხელისუფლებისთვის ჩვეული ავანტიურის მსხვერპლი არიან. არ მეგონა, თუ ჩემს ერს შეეძლო 2008 წლის ომი, ანუ საუკუნის დანაშაული, ხახვივით შეერჩინა ერთი მუჭა ავანტიურისტებისთვის. მაგრამ თურმე სად ხარ?! თუ ლოპოტის ხეობაში მომხდარი სააკაშვილს ისევ შერჩა და ის ერმა არჩევნებში არ დაამარცხა, სააკაშვილი და "ნაც-უზნეობა" ეცდება, საბოლოოდ დაასამაროს ერი ჯერ სულიერად, შემდეგ - ფიზიკურადაც!" - დასძენს თემურ მიქაუტიძე.