წინა და ეს ხელისუფლება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ტიპის მოქმედებისას ასეთი ტიპის დაჯგუფებებს იყენებდა - სულ მცირე, ეს არის მეორე შემთხვევა გილაევის რაზმის ვოიაჟის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა ვაინახებით დაკომპლექტებული შენაერთი. ვაინახებში ვგულისხმობ ქისტებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გამოყენების შემდეგ ხელისუფლებამ ისინი გაწირა", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მოცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამ სპეცოპერაციის დამგეგმავებმა და შემსრულებლებმა უნდა იცოდნენ, რომ არ ასცდებათ სასჯელი, ეს არის ფაქტი".
"კონკრეტულად ლაფანყურის შემთხვევაზე არ მაქვს მხოლოდ საუბარი. ლაპარაკი მაქვს იმაზე, რომ ასეთი ტიპის ფორმირება არსებობს და მთავარი ისაა, რომ ისინი საქართველოდან დაღესტნის მიმართულებით მიდიოდნენ - ხაზს ვუსვამ, რომ დაღესტნიდან ისინი არ ჩამოსულან, ეს ტყუილია. ეს დაჯგუფება აქ არის შექმნილი. პანკისის ხეობაში აბსოლუტურად შეუძლებლია შექმნა ასეთი ტიპის რაზმი, აღჭურვო ასეთი ტიპის იარაღით და ასე დასეირნობდეს მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ხელისუფლების ჩართულობის გარეშე, ეს არის გამორიცხული! - თუ ეს ასეა, და მაშინ დავღუპულვართ და ქვეყანაში უსაფრთხოება არ არსებობს. უმძიმესი სიტუაციაა თავისთავად ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება ასეთი რამ, ათი მიცვალებული გვყავს და საქართველომ არ იცის, რატომ გვყავს ეს ათი მიცვალებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"მე არ მჯერა, რომ ექიმი მოკვდა ისე, როგორც ამას ხელისუფლება აღწერს. ექიმი არ იქნებოდა წინა ხაზზე. ჩემი ვერსიით, ექიმის სიკვდილის გარემოება არის აბსოლუტურად სხვანაირი. ვიცი, როგორ ემზადება სპეცრაზმი და ვის რა ფუნქცია აკისრია. ექიმს არ აქვს ის ფუნქცია, რომ იყოს წინა ხაზზე და ტყვიას შეუშვიროს შუბლი. ეს იყო ძალიან ცუდად შესრულებული ოპერაცია, როგორც ჩანს, ექიმი შემთხვევით არის მოკლული. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ექიმი ეხმარებოდა მოწინააღმდეგე მხარესაც - დაჭრილს და მაშინ გაიხსნა ცეცხლი, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გამაჩნია. კიდევ ერთხელ თავი მოგვეჭრა, რუსეთი გაიწია გვერდზე პრინციპით - დაგიჭამიათ ერთმანეთი. ჩანს, უნდა გაირკვეს ვითარება როგორც შიგნით, ასე დასავლეთთანაც", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"მე მაქვს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ამ დაჯგუფების რაღაც ნაწილი ხელისუფლების ხელშია - რამდენი კაცია, ზუსტად არ ვიცი. ერთ-ერთ მათგანს ფიზკური ნაკლი აქვს, ცალი ხელი არ გააჩნია და ადვილად ამოსაცნობია - ეს ჩვენთვის ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ დღეს იგი შს სამინისტროს ხელშია, დანარჩენები, ვინც ამ სასაკლაოდან თავი გააღწია და გადარჩა, რას მოიმოქმედებენ, ეს კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიაში. ხიზრი ალდამოვისა არ იყოს - რამდენი ხნის წინ ვამბობდი, რომ რუსეთი მას გამოიყენებს, შექმნის ალდამოვის ინტერვიუების მთელ ციკლს, სადაც იგი ნელ-ნელა იტყვის იმას, რაც სჭირდება რუსეთის სპეცსამსახურებს. აწი ნახეთ ალდამოვის ინტერვიუების ციკლი ამ თემაზე!" - განაგრძობს ექსპერტი.
"არ მინდა მოსახლეობის გაღიზიანება, მაგრამ ამ სპეცოპერაციის დამგეგმავებმა და შემსრულებლებმა უნდა იცოდნენ, რომ არ ასცდებათ სასჯელი, ეს არის ფაქტი. ზოგჯერ მგონია, საზოგადოება ვერ აცნობიერებს, რამხელა ტრაგედია მოხდა და რამხელა სამარცხვინო ლაქა დაედო საქართველოს ღირსებას ვიღაცის იდიოტური კაპრიზების გამო. გიმეორებთ, ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ეს საქართველოს პრესტიჟს არ წაადგება, არც საქართველოს უსაფრთხოებას არ წაადგება. არა მარტო მე, ბევრმა ჩემმა კოლეგამ, ვინც საქმეში ჩახედულია, ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ არ ვამბობთ ზუსტად იმიტომ. ძალიან კარგად ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები, ამიტომ ვამბობ დაბეჯითებით - ეს დაჯგუფება საქართველოდან იქით მიდიოდა. მინდა საზოგადოება იყოს ძალიან ფრთხილად, ვთხოვ ჩვენს ერს, რომ კითხვები დასვან და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი. ძალიან დიდ შარში გვაყოფინებენ თავს", - ამბობს მამუკა არეშიძე.
"თუ ეს თემა გაიშალა და ამოტივტივდა ამ თემის უმნიშვნელოვანესი დეტალები, დამიჯერეთ, ეს ქვეყნისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. ხელისუფლება ამ დარტყმებს ისედაც მიჩვეულია, მაგრამ ქვეყანა დადგება საფრთხის წინაშე. ამ ინტერვიუს საკითხვისას ვინმეს რომ თავში რამე სისულელე არ მოუვიდეს, აქვე გეტყვით - ინფორმაციები, რაზეც ახლა მე გესაუბრებით, ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცისგან მოწოდებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, რა მოხდა რეალურად საქართველოში იცის ადამიანთა განსაზღვრულმა ჯგუფმა, მათ შორის, ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა", - დასძენს მამუკა არეშიძე.