"ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო შენაერთები ეტაპობრივად ბრუნდებიან საქართველოში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის აეროპორტში პრაქტიკულად ყოველდღე ერთი ან რამდენიმე რეისი სრულდება. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები პირად საუბრებში ამას ადასტურებენ, თუმცა, ამ ღონისძიების მიზეზებსა და მიზნებზე არ საუბრობენ. ოფიციალურად კი ქართველ ჯარისკაცთა ავღანეთიდან ეტაპობრივად გამოყვანის ფაქტს არავინ ადასტურებს. "რეზონანსი" ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას თავდაცვის სამინისტროსგან ცდილობდა, თუმცა სამწუხაროდ უშედეგოდ. სამხედრო ექსპერტები გადაჭრით გამორიცხავენ, რომ ამით საქართველო ოფიციალურად ეთიშება ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას და სრულად გამოჰყავს თავისი კონტინგენტი ავღანეთიდან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველოს ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფები გამოჰყავს / "ესაა ფარული მობილიზაცია და შიდა სამხედრო რესურსების მომზადება"
"საქართველოს არ შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს "აისაფის" პროგრამაში მონაწილეობა. წარმოუდგენელია ისე გამოიყვანოს ქვეყანამ თავისი ქვედანაყოფები, რომ ამას წინ არ უძღოდეს მოლაპარაკებები ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არ მოხდეს გამოყვანილი სამხედრო კონტინგენტის სრულფასოვანი ჩანაცვლება, რაც საკმაოდ ძნელია და დიდ დროს მოითხოვს, რადგან მსგავს შემთხვევაში რომელიმე ქვეყანამ თავის თავზე უნდა აიღოს და გამოყვანილი ჯარი ჩაანაცვლოს საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფებით. ამიტომ, წინასწარი დაგეგმარების გარეშე, ეს მართლაც შეუძლებელია. თუ ეს პროცესები მართლაც მიმდინარეობს, ე.ი. სახელმწიფოს რაღაც წყაროებიდან აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა რეგიონში სიტუაცია დაიძაბოს. აუცილებელი არაა ომი დაიწყოს, შესაძლოა იყოს პოტენციური საფრთხე. შესაბამისად, ამ პოტენციური საფრთხის მოსაგერიებლად საქართველოს სჭირდება გამოცდილი, კარგად გაწვრთვნილი ჯარი ადგილზე ჰყავდეს. ესაა ფარული მობილიზაცია და შიდა სამხედრო რესურსების მომზადება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.
"სამწუხარო იქნება, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ქვეყანაში სიტუაცია ფრიად დაძაბული ყოფილა და საფრთხე ძალიან სწრაფად გვიახლოვდება. ავღანეთიდან ჯარის გამოწვევა სრულად ან ნაწილობრივ, მხოლოდ ამაზე თუ მიგვანიშნებს. რაც შეეხება ქართული ჯარის ავღანეთიდან ნაწილობრივ გამოყვანას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გეგმიური როტაციასთან. ესაა კონტინგენტის შემცირება, რომლის ჩანაცვლებაც სხვა ქვეყნის სამხედრო ძალით არაა საჭირო. რა თქმა უნდა, ესეც არის პროცედურული საკითხი და კონტინგენტის შემცირება, თუ არ არის მართლაც გარკვეული საფრთხე, არ მოხდებოდა. თუ მივუდგებით ამ მოვლენას საერთო სიტუაციიდან გამომდინარე და არა კონკრეტულად ლაფანყურის ამბებით, რა თქმა უნდა, კავკასიაში სიტუაცია იძაბება, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვიღაცას აინტერესებს არჩევნები ჩაშალოს. მოცემულ სიტუაციაში უნდა ვიმსჯელოთ სირიაში მიმდინარე პროცესების მიხედვით", - განაგრძობს ექსპერტი.
"რუსეთის სირიისადმი პოზიციის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული არაბულ სამყაროს ჩრდილოეთკავკასიელი მეამბოხეების დაფინანსება გაეძლიერებინა. ამას მოწმობს ის, რომ იგივე "კავკაზცენტრის" განცხადებაში ფიგურირებს შემდეგი სიტყვა - "ახალწვეული". რაც მანიშნებელია იმის, რომ მიმდინარეობს ახალი ჯგუფების შექმნა, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად იძაბება. აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა, რომ ასეთ ინფორმაციას ფლობდეს აშშ, ნატო და თავისთავად რუსეთი. გარკვეულწილად ინფორმაცია საქართველოსაც აქვს და რეგიონის უსაფრთხოებისთვის მას ჯარი ჩამოჰყავს. აუცილებლად ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ეს არ ხდება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო, არამედ იწყება მოვლენა, სირიის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელმაც შეიძლება საქართველოც ჩაითრიოს. ეს კი მოითხოვს საქართველოს მხრიდან თავისი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას", - მიიჩნევს გიორგი თავდგირიძე.
"ნაკლებად მგონია, რომ ეს ლაფანყურის მოვლენებს უკავშირდებოდეს. როგორც ამბობენ, 17 ახალწვეულის წინააღმდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია, მათთვის წინაამღდეგობის გაწევის თვალსაზრისით კი ქვეყნის შიგნითაც საკმაო ძალებია. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა გამაოგნა, არ მეგონა თუ ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე იდგა. არ აქვს მნიშვნელობა ესაა პოტენციური საფრთხე ომისა, თუ რეალური. ამიტომ ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება და შეფასება, უფრო სწორედ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ლოპოტას ხეობის ამბებს რომ არ უკავშირდება, ამის გარანტია შემიძლია მივცე ყველას. იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 17 ადამიანისთვის წინაამღდეგობის გაწევის მიზნით ავღანეთიდან ჯარების ჩამოყვანა არასერიოზულია. თავს შევიკავებ იმის თქმისგანაც, რომ ქართული მხარე რამე უფრო სერიოზულისთვის ემზადება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი და კოალიცია "ქართული ოცნების" თელავის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი.