ლოპოტას საიდუმლოებანი

ლოპოტას საიდუმლოებანი

"გასულ კვირას ლოპოტის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა უამრავი კითხვა წარმოშვა, რომელზედაც პასუხები დღემდე გაუცემელია. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ერთ ნაწილს დივერსანტთა დევნის ოპერაცია ხელისუფლების დადგმულ პიარაქციის ნაწილად ეჩვენება, რომელიც, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ამ ოპერაციამ ჩვენი ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან გადაარჩინა. იყო თუ არა აუცილებელი დივერსანტთა განადგურება, ვისი ხელშეწყობით ან უყურადღებობით მიეცათ მოჯაჰედებს საქართველოში შემოსვლის საშუალება, ამის გარკვევა კომპეტენტურ წყაროებთან ვცადეთ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით ლოპოტას საიდუმლოებანი / "საქართველოს ხელისუფლება დღეს მიუღებელია როგორც ჩრდილოკავკასიელებისთვის, ასევე დასავლეთისა და რუსეთისთვის".

"რასაც ახლა გეტყვით, საკუთარი თვალით ვნახე. აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ბაზაში (არ ვაზუსტებ ადგილმდებარეობას, რადგან ამით ჩემი ვინაობის დადგენა შესაძლებელი გახდება და საფრთხე შემექმნება) ივლისის მეორე ნახევრიდან წვრთნას გადიოდნენ ადამიანები, რომელთა ეროვნება უცნობია. მათ გვერდით მომზადებას გადიოდნენ ქართველებიც, სხვადასხვა კონტინგენტის წვრთნა მიმდინარეობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წვრთნას გადიოდნენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან საქართველოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმში. მათთან ერთად მზადებას გადიოდნენ არაქართველებიც, რომლებიც ცხადია, დაქირავებული იყვნენ. არსებობდა ცალკე ჯგუფიც, რომელიც სხვადასხვა რაიონში შეკრებილი მამაკაცებისგან შედგებოდა, მათ მხოლოდ მიტინგების დასარბევად ამზადებდნენ - ესენი იყვნენ არა ნებაყოფლობითი რეზერვისტები, არამედ რაიონებიდან ჩამოყვანილი ნაკლებად ცნობილი მოკრივეები, მოჭიდავეები და მორაგბეები. მათ წვრთნისას ხელკეტებს, ფარებსა და სხვა აღჭურვილობას ურიგებდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქართული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც სამსახური ავადმყოფობის გამო დატოვა.

"მათი ხელფასი (არაოფიციალურად) 730 ლარს შეადგენდა. ასეთი რაზმი, მაგალითად, ორხევსა და მუხროვანშიც იყო. სპეცდანიშნულების რაზმი დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების სალიკვიდაციოდ იქმნება, მაგრამ მისი მოვალეობა მოწინააღმდეგის ზურგში დივერსიების მოწყობაცაა. სხვათა შორის, ეს სპეცდანიშნულების რაზმი ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადაიყვანეს, მერაბიშვილის გაპრემიერმინისტრების შემდეგ კი უკან გადმოიყვანეს, შსს-ში. ახლა ამ რაზმს, რომელიც სულ სხვა პრინციპით იყო გაწვრთნილი, სხვა რამეს ასწავლიან. სხვათა შორის, ამ რაზმმა 2008 წლის ომში თავი ისახელა ერთ-ერთ რუსულ კოლონასთან ბრძოლაში. არის მესამე ჯგუფი, დაკომპლექტებული არაქართველებისგან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანის ანაზღაურება სხვადასხვაგვარია, - იწყება 730 ლარიდან და 1.700 ლარით მთავრდება. ყოველ დილით წვრთნა ამ შეძახილით იწყება: "რუსებს რა?!" ერთი შეხედვით, ანტირუსული იდეოლოგიური დამუშავება მიმდინარეობს და შიდაპოლიტიკურ პროცესებს ნაკლებად უკავშირდება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით", - დასძენს ინკოგნიტო რესპონდენტი.

"მეც დაგიდასტურებთ, რომ სპეცრაზმელის მონათხრობი სიმართლეს შეესაბამება. მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ბაზაზე ჰყავდათ ჩამოყვანილი ე.წ. კონტრაქტორები, რომლებსაც რუსეთის აგრესიის შემთხვევაში გამოიყენებდნენ. პრობლემა ის კი არ არის, თუ სახელმწიფო იყენებს დაქირავებულ პირებს მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისას, არამედ ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ამგვარი ურთიერთობა არ არის მოქცეული ლეგალურ ფარგლებში. შესაბამისად, საუბრის თემაა, რამ გამოიწვია ქართველ სპეცრაზმელებსა და ე.წ. ბოევიკებს შორის დაპირისპირება. ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალურ ვერსიას. ვფიქრობთ, ეს იყო გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი ინციდენტი, რასაც იძულებით მოჰყვა მძევლების აყვანა, თუკი საერთოდ, იყო ასეთი ფაქტი. ჩვენ ჩრდილოკავკასიელ მეგობრებს დავუკავშირდით. 6 მოკლული მებრძოლიდან 4 პანკისელი ქისტია (ალდამოვი, მარგოშვილი, ბაღაკაშვილი და მუთოშვილი), აქედან 2 ბოლო წლებში ავსტრიაში ცხოვრობდა. გავარკვიე, რომ ამ ჯგუფს არ გადმოუკვეთია საქართველოს საზღვარი. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ექვემდებარებოდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც რაღაც მიზეზის გამო (დაუმორჩილებლობისთვის თუ ჯანყის აღსაკვეთად) მოიშორა მებრძოლები თავიდან, ანუ გაანადგურა არასასურველი მოწმეები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი.

"ჩვენი ხელისუფლება პიარის დიდოსტატია და მომხდარის სათავისოდ გამოყენება სცადა, მაგრამ ღრმად შეტოპა, რასაც სისხლის ღვრა მოჰყვა. "კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამიჯნოს ხელისუფლება და მოსახლეობა. უახლოეს დღეებში გავავრცელებთ განცხადებას, რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით შურისძიებას მოჯაჰედების მხრიდან და თუ ვინმეს ეს უნდა, კონკრეტულ პირებზე უნდა იძიოს შური და არა მთელ მოსახლეობასა და ქვეყანაზე. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დღეს ის მიუღებელია როგორც ჩრდილოკავკასიელებისთვის, ასევე დასავლეთისა და რუსეთისთვის. თუმცა მისი ქმედებებიდან ყველაზე მეტ სარგებელს მაინც რუსეთი ნახულობს. ცხადია, სააკაშვილის ხელით ჩრდილოკავკასიელები და ქართველები თუ გადაეკიდებიან ერთმანეთს, ამით რუსეთი იხეირებს. ხელისუფლების მიდგომა ჩრდილოკავკასიელებთან თავიდანვე მცდარი იყო, ზოგადკავკასიური ერთიანობის პოლიტიკა დაამახინჯეს, კულტურული დაახლოების ნაცვლად სხვა გარიგებები შესთავაზეს ჩრდილოკავკასიელებს, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდებათ", - განმარტავს ზაალ კასრელიშვილი.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოჯაჰედებსა და ქართულ მხარეს შორის წარმოიშვა პირობებზე შეუთანხმებლობის გამო. ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ის, რაც მათ დაჰპირდა, დაიწყო კინკლაობა, ამას მოჰყვა შეურაცხყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება და გასროლა. გაუხმაურებელი ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა თანხის გამო - ამ მებრძოლებისგან ზოგიერთი კონტრაქტორი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დახურულ სამხედრო ბაზებში. ვვარაუდობთ, რომ პროვოკაციები გაგრძელდება - ჩვენ ვამბობდით, რომ ამ საქმეში იქნებოდნენ ჩართული ე. წ. სალაფიდები, იმარათის მეომრები, რომლებთანაც ქართულმა მხარემ კავშირის დამყარება სცადა, თანაც, ამ საქმესაც, ისევე როგორც ბევრ სხვას, ზერელედ მიუდგა. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ მეტ დაძაბულობას ველოდებით, შესაძლებელია სექტემბრის ბოლოს ჩრდილო კავკასიაში რუსეთის არმიის წვრთნებმა გადაფაროს სიტუაცია", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი.

"დაღესტანში დაპირისპირებაა ტრადიციული ისლამის მიმდევრებსა და სალაფიდებს შორის. სალაფიდები ასევე ებრძვიან საერო ხელისუფლებას, რუსეთის სამხედრო მანქანას. ქვეყანაში თითქმის ყოველდღე შეტაკებებია. ჩეჩნეთისა და ინგუშეთისგან განსხვავებით აქ სხვა ტაქტიკა მოქმედებს, - ეს მებრძოლები თავს ესხმიან მხოლოდ მაღალჩინოსნებს, როგორც რუსეთის სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს, ისე დაღესტნის საერო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ფაქტობრივად, ქვეყანაში ჯიჰადი მიდის. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის უცოდინარობამ საქართველო გარკვეულწილად მიაბა ამ პრობლემას. რა საჭირო იყო ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია, კარგად ვერ მივხვდი. დაღესტნელებს ისედაც ძალიან აღიზიანებდათ ჩვენს ქვეყანაში დაწყებული პიარკამპანია, საქართველოში ლეკიანობა დაიწყოო", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "კავკაზცენტრის" გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის თქვენს განცხადებებთან?"

"კავკაზცენტრი~ ავტორიტეტული ორგანიზაციაა, მაგრამ ვფიქრობ, "კავკაზცენტრი" ცდილობს ჩიხიდან გამოიყვანოს ჩრდილოკავკასიელებსა და ქართველებს შორის დაძაბული ურთიერთობა. რადიკალური ისლამის მიმდევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ შურისძიება გაგრძელდეს მომხდარის გამო და ნაბიჯი თავად გადადგეს იმისთვის, რომ დამშვიდდეს ვითარება. ამიტომაც თავად გააკეთეს განცხადება ჩვენი ხელისუფლების სასარგებლოდ, რათა შურისმაძიებელ მებრძოლებს ხელ-ფეხი შეუკრან. ამას, ალბათ, მოჰყვება განცხადებები, რომ ქართველი ერისადმი არ არიან ცუდად განწყობილი".

"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრებს. მათი სიკვდილი გამოსაძიებელია სწრაფად და სკრუპულოზურად. ის, რაც ლოპოტის ხეობაში მოხდა, იმდენ კითხვას ბადებს, ცალსახად პასუხი გამიჭირდება. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, - 11 მოჯაჰედი ერთად არც ერთ ბრძოლაში არ დაღუპულა რუსებთან შეტაკების დროს, მაშინ როცა ფედერალები 15 წელია ებრძვიან მოჯაჰედებს! ისე გამოდის, თითქოს მოჯაჰედები ერთად იყვნენ სადმე მოყუჩებული და იარაღი დაყრილი ჰქონდათ. ხელისუფლებამ ხეობაში ათასამდე მეომარი და შვეულმფრენი შეყარა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს 20-კაციანი ჯგუფი კი არა, მთელი რუსული არმია შემოიჭრა ლაფანყურის დასაპყრობად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

"""არის არაერთი ვერსია, თუ რა მოხდა ლაფანყურთან. ვერსიები იწყება იმით, რომ შეიძლება მართლა იყო შეიარაღებული ჯგუფი შემოსული დაღესტნიდან და მთავრდება იმით, რომ ყველაფერი ბლეფია და სპექტაკლი. მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს შიდაპოლიტიკური პროცესები. არც ის გამიკვირდება, რომ დახოცილების ჯიბეებში კომპრომატები მოქექონ "ქართულ ოცნებაზე", მაგალითად, "ქართუ ბანკის" ყალბი პლასტიკური ბარათი... დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ხელისუფლება ყველა ღონით ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და არ დაუშვას არათუ ოპოზიციის გამარჯვება, არამედ წარმატებაც. ქვეყნის პირველი პირისგან უმაღლეს ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება: "ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით, გავიმარჯვოთ ნებისმიერ ფასად!" აქედან გამომდინარე, პროვოკაციებს სულ უნდა ველოდოთ. უკვე დადის ხმა, რომ 9 სექტემბერს მიტინგს შეუტევენ ზუგდიდში. ასევე, დაგეგმილია კახი კალაძის საწინააღმდეგო დიდი აქციები. ასეთ ინფორმაციას ისევ სახელისუფლებო ეშელონებიდან ვიღებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების წყალობით. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი იქნება ისეთი პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. რუსეთი ისედაც ამზადებს კიდეც პროვოკაციას საქართველოში, რომელსაც განიხილავს ირანის კრიზისის კონტექსტში, რაც დაგეგმილი აქვს წლის ბოლოს, 2013 წლის დასაწყისში. თუმცა, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ იმდენი ქნას, რუსეთს ეს თარიღი აქეთ გადმოაწევინოს, ვითარების ასეთ გამწვავებას კი არჩევნების გადადება აუცილებლად მოჰყვება", - განმარტავს ექსპერტი.