"თუ ბოროტებას ემსახურები, თავს ვერ გაიმართლებ!"
"მთელი ბავშვობა "დედიკოს ბიჭი" ვიყავი"
"სკლეროზი ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმია, რომ სიკვდილთან შეხვედრა არ აღიქვას"
"ერთხელ ზღვაში ვიხრჩობოდი და შემრცხვა ყვირილის..."
"არ არის აუცილებელი, ოტელოსავით მოკლა ცოლი და მერე მიხვდე, რომ ეჭვიანობა საშინელებაა..."
"ჩემი განვლილი ცხოვრება "ამომიხტება" და თავს მახსენებს, დაახლოებით ისე, როგორც "ბორია გადაის" ამოაქვს კალათიდან, რა გელის..."
- ეს ასეთი ესსე იქნება? - მკითხა მოულოდნელად რობერტ სტურუამ შუა საუბარში. ცხადია, ჩვენი "ინტერვიუს" შინაარსს გულისხმობდა, რომელიც მართლაც ძალიან ჰგავდა ესსეს, რადგან როცა დიდი მაესტრო თხრობას იწყებს (თუკი იწყებს...), ძალიან სერიოზული, ღრმა და გააზრებული ექსკურსის მონაწილე ხდები.
საუბრის დასაწყისში მოსკოვური შთაბეჭდილების შესახებ ვკითხე.
- თეატრში ყველას ვუყვარვარ, პატივს მცემენ, მეფერებიან, სულ რაღაცას მჩუქნიან, - მიპასუხა ღიმილით, - "ქარიშხალს" დიდი წარმატება აქვს. მოსკოველი მაყურებელი მიეჩვია უფრო მეტის ამოკითხვას, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ან მე ჩავდე... მოდიან განცდით, რომ რაღაც ქვეტექსტი ამოიკითხონ...
- ახლა რა სპექტაკლზე მუშაობთ?
- აპოკალიფსური არაკია იარაღის გამყიდველზე, სულ სამი კაცია მთავარი გმირი. მათ ურთიერთობაში დარღვეულია საზოგადოდ მიღებული ღირებულებები, მორალური მხარე არეულია... ვერ გაიგებ, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება... მოქმედება ხდება მას მერე, რაც ადამიანმა ატომური ბომბი გამოიყენა...
- რამდენად მძიმეა, როცა ზუსტად არ იცით, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება, ვის უნდა ენდოთ და ვის - არა. ასე ხომ ხშირად ხდება ჩვენს რეალობაში?..
- ამ კითხვის პასუხად გეტყვით, რომ ცხოვრება უცნაური რამ არის, მთავარია, იცნობდე მას. მთელი ბავშვობა "დედიკოს ბიჭი" ვიყავი, მართალია, ქუჩის ბიჭებსაც ვიცნობდი და მათგან ჩემ მიმართ ცუდი არაფერი მიგრძნია, მაგრამ ცხოვრებას კარგად ნამდვილად არ ვიცნობდი. რუსულ სკოლაში დავდიოდი, ჩემს კლასში სწავლობდნენ სომხები, რუსები, ქურთები, ებრაელები და ცოტა ქართველებიც. მხოლოდ ორი ებრაელი იყო, ვინც კარგად სწავლობდა და სწავლა თითქმის რელიგიის რანგში ჰქონდათ აყვანილი... დავამთავრეთ სკოლა, გავიდა დრო და ერთ დღეს, რუსთაველის თეატრის იუბილეს დღეებში, ჩემმა კლასელებმა დამპატიჟეს რესტორანში. ბევრი ჩვენი მეგობარი უკვე ცოცხალი აღარ იყო, ზოგიც ციხეში იჯდა, ზოგს ახალი მოხდილი ჰქონდა სასჯელი. ვუყურებდი ამ ბიჭებს, რომლებმაც ჩემთან შედარებით მართლაც დრამატული წლები გაიარეს და მივხვდი: მიუხედავად ამ ყველაფრისა, აზრზე არ არიან ცხოვრებისა.
გამოცდილება დიდი ნიჭია. შეიძლება ბევრი რამ გამოცადო და გამოცდილება ვერ მიიღო და პირიქით, შენს თავზე ბევრმა არაფერმა გადაიაროს და შეძლო ცხოვრებიდან გამოიტანო დასკვნები.
არ არის აუცილებელი, ოტელოსავით მოკლა ცოლი და მერე მიხვდე, რომ ეჭვიანობა საშინელებაა. იმ შეხვედრის მერე ცოტა დავმშვიდდი, თორემ მანამ ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა და ვფიქრობდი, რომ არ ვიცნობდი ცხოვრებას. ახლა დიმა ბათიაშვილი გამახსენდა... ლოთები ვიყავით, სადარბაზოში ვსვამდით, მახსოვს, დავდიოდი მამაჩემის მეგობრებთან, ფულს ვსესხულობდი - 10 მანეთს...
- სადარბაზოში თუ სვამდით, როგორღა იყავით "დედიკოს ბიჭი"?
- გოგოებთან რომ შეგვაერთეს, მერე გადავირიე, თორემ მანამ ვიყავი... და იცით, არც ის "დედიკოსბიჭობა", და არც ის ლოთობა, მაინც არ იყო ნაღდი. ეს იყო რეჟისორის თვალით დანახული საკუთარი თავი და არა ნაღდი... სინამდვილეში რა ხდებოდა? მე და დიმა ვმეგობრობდით, ვსვამდით და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა, არ იყო ჩვენი ცხოვრება. ამას გარედან ვუყურებდით... დიმა რაინდი იყო სულიერი მონაცემებით, რამდენიც უნდა დაელია, არ იცვლებოდა, გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ვერ მოახერხა "არასერიოზული კაცის" შემდეგ კიდევ გადაეღო ფილმი, დაინგრა ყველაფერი...
- ამბობთ, რომ ცხოვრებასთან გაუცხოებას გრძნობდით, ამასთანავე, გქონდათ ლიტერატურიდან, კინოდან, თეატრიდან მიღებული მასშტაბური გამოცდილება. ამ ყველაფერს მძაფრი მარტოობის განცდა და გარკვეულწილად ტრაგიზმი სდევს თან...
- ალბათ ის მშველოდა, რომ ისეთ სფეროში ვიყავი, სადაც თამაში და როლში შესვლა ჩვეულებრივი ამბავია. შევდივარ გარკვეულ სახეში და ვთამაშობ როლს. შეიძლება ბუნებრივად და გულახდილად, მაგრამ მაინც, ჩემთვის ეს თამაშია. თითქოს იმ ცხოვრებას, რომელიც სადღაც სხვაგანაა, შენგან მოშორებით, რაღაცნაირად ირგებ...
- ხშირად ამბობენ, რობიკო ისეთი არ არის, როგორსაც ხედავთ, თამაშობსო... ამის მთქმელს რომ ვკითხო, თუ იცით, სად თამაშობს და სად არის ნამდვილი სტურუა-მეთქი, ვერაფერს მეტყვის... ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ იცის, სინამდვილეში როგორი ხართ?
- მართალია... როგორც სტანისლავსკის სისტემის კარგი მსახიობი, ვთამაშობ და იმ დროს იქ ვარ მთელი სულით, გვერდით არ ვიყურები. არც იმის საშუალებას ვიტოვებ, რომ მოვიდე შინ და ძილის წინ დავიწყო ფიქრი განვლილ დღეზე. ვტოვებ ყველაფერს უანალიზოდ. მერე, როცა სპექტაკლისთვის მჭირდება, ჩემი განვლილი ცხოვრება "ამომიხტება" და თავს მახსენებს, დაახლოებით ისე, როგორც "ბორია გადაის" ამოაქვს კალათიდან, რა გელის...
- ფიქრისგან გაქცევა ალბათ დაცვის მექანიზმია თქვენთვის, რადგან სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე ბრძანდებით...
- ძალიან მგრძნობიარე ვარ? არ ვიცი... რაც შეეხება დაცვის მექანიზმს, ჩემი თეორიით სწორედ ეგ არის სკლეროზი - ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმი, რომ სიკვდილთან შეხვედრა არ აღიქვას. ადამიანი გადადის ისეთ მდგომარეობაში, შვილს ვერ ცნობს. დაკარგულია ყველაფერი! ბებიაჩემი ბოლო ერთი თვე გონზე არ იყო, აგონია ერთი კვირა გაუგრძელდა. მაშინ ალბათ IX კლასში ვიყავი. ვხედავდი, რომ ორგანიზმი, რომელიც აზრზე არ არის, ებრძვის სიკვდილს - სხეული, თვალები შიშით არის სავსე... ფსიქიკა კი არა, სხეული გრძნობს მხოლოდ... ექიმებს ვუთხარი ჩემი "თეორიის" შესახებ და მითხრეს, - მთლად ასე არ არის, მაგრამ შესაძლოა, ასეც არისო...
- მეცხრეკლასელს მომაკვდავი ბებიის დანახვაზე ეს რომ გეფიქრათ, იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის იყო და თავს არ გავიწყებინებდათ.
- მართლაც სულ მახსოვს... თუმცა, ამაზე ძლიერი რაღაც არსებობს კიდევ. ერთხელ ზღვაში ვიხრჩობოდი და შემრცხვა ყვირილის, როგორ გადავრჩი, არ ვიცი... იმ წელს ვემზადებოდი ინსტიტუტში შესასვლელად და ხოსტაში ვისვენებდით. ცურვა არ ვიცოდი, რაღაცნაირად ვისწავლე ყვინთვა და ტანის წყალზე გაჩერება, გავთამამდი, ზღვაში ღრმად შევცურე. რომ მოვიხედე, ნაპირი ისე შორს ჩანდა, კილომეტრის იქით გეგონებოდა. შემეშინდა. დავიწყე ფართხალი, წყალიც ვყლაპე. რომ გავიაზრე, რა დღეში ვიყავი, რაღაცნაირად თავი დავიმშვიდე, დავწექი ზურგზე და დავიწყე ცურვა. მეგონა, ნაპირისკენ მოვდიოდი და აღმოჩნდა, რომ უფრო შორს წავსულვარ. მაშინ კი ვიფიქრე: მორჩა, ვიღუპები-მეთქი. ნაპირზე ჩემი კლასელები იყვნენ, მაგრამ ვერ ვიყვირე. სასწაულით გამოვედი და დავეგდე პლაჟზე.
- ეგ ამბავი რაღაცით ჰგავს თქვენს ცხოვრებას... არ იყვირეთ... ნაპირის ნაცვლად სიღრმისკენ წახვედით... ცხოვრებაში ზოგჯერ მართლაც ასე ხდება ხოლმე, არა?
- ამაზე არ მიფიქრია, თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების პარადიგმა? შესაძლოა...
- წყლის შიში დაგრჩათ?
- არა...
- ასეა, რა მწარე გამოცდილებაც უნდა მიიღოთ, ცხოვრების შიში მაინც არ გიჩნდებათ... ყოველ შემთხვევაში, ეს არ იგრძნობა...
- შიშთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება. ჩვენს კლასელს უყვარდა ვიღაც. აღმოჩნდა, იმ გოგოს შეყვარებული ჰყოლია. დაინიშნა დუელი. ჩვენ - ათი კაცი, უნდა შევხვედროდით იმ გოგოს შეყვარებულის მეგობრებს - ათ კაცს და გვეჩხუბა. წავედით. დანები იყო მაშინ მოდაში და ჩვენც ჩავიდეთ ჯიბეში. გზად ისეთმა შიშმა ამიტანა და ისეთი დამამცირებელი გრძნობა მქონდა ამ შიშისგან, რომ ვიფიქრე, ეს როგორღაც უნდა მოვიშორო, თორემ საკუთარ თავს ვკარგავ, აღარ ვცემ პატივს-მეთქი. კიდევ კარგი, ის შეხვედრა ზავით დამთავრდა, ალბათ, სხვა ბიჭებსაც ეშინოდათ, ვინ გამოტყდებოდა... მას მერე ხშირად ვფიქრობდი შიშზე. ინფარქტი რომ დამემართა და მივხვდი, მართლაც დიდი შიშის წინაშე ვიდექი, აბსოლუტურად აღარ მქონდა შიში. დავმშვიდდი კიდეც, როცა გავაცნობიერე, რომ შიში დავკარგე... რა მოხდება, როცა სიკვდილი მოვა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შიში ნამდვილად აღარ მაქვს. ხშირად მარტო როცა ვარ და ვთქვათ, გული მიჩქარდება, ხომ შემიძლია დავურეკო ვინმეს, არ ვურეკავ. იმიტომ კი არა, რომ მრცხვენია, არ მეშინია...
- წლების წინ შიში ახსენეთ, რომელსაც საზოგადოებაში ხედავდით. ამას დიდი ამბავი მოჰყვა... ხელისუფლების მოწინააღმდეგე რეჟისორის სახელი დაგარქვეს...
- არასოდეს მხიბლავდა მებრძოლის, ან დისიდენტის სახელი... 1981 წელს დავდგი სპექტაკლი ლენინზე "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე". პიესის ავტორი ჩამოვიდა და ნახა. მოეწონა. გადაწყდა, ამით გაგვეხსნა მოსკოვში დაგეგმილი გასტროლები. მაგრამ სპექტაკლი ჯერ იდეოლოგიურად უნდა შეეფასებინათ. მოვიდნენ ცეკადან. დაიწყო სპექტაკლი, დარბაზში ჩამოწვა როგორი შიში, იცი? მდუმარედ იჯდა სსრკ-ის მთავრობა. მიდის სპექტაკლი და სიჩუმე კი არ არის, კოშმარული სიჩუმეა. დამთავრდა სპექტაკლი და მეუბნებიან, კულტურის მინისტრი გიბარებსო. ღამის 12 საათზე გამომიძახეს. ეს სპექტაკლი არ უნდა წავიდეს მოსკოვშიო - მინისტრმა. როგორ არ წავიდეს, უკვე გამოცხადებულია, ბილეთები გაყიდულია-მეთქი... მათ თურმე ყველაფერი გათვლილი აქვთ - მსახიობი უნდა გახდეს ავადო. მსახიობი რომ ავად გახდეს, როგორ ვითამაშოთ დანარჩენი სპექტაკლები-მეთქი. ვიცით, ედიშერ მაღალაშვილი არ თამაშობს არსად, გარდა ამ სპექტაკლისა. ის უნდა გახდეს ავადო! "რიჩარდ III"-ს ითამაშებთო... კინორეჟისორი რომ ვყოფილიყავი და მქონოდა ფილმი, აუცილებლად ვიტყოდი, - არა, უნდა გავიდეს-მეთქი... მაგრამ მე თეატრის რეჟისორი ვიყავი, ჩემს უარზე კი დამოკიდებული იყო მსახობის ბედი. მათ აღარასოდეს გაუშვებდნენ უცხოეთში. დავთმე. გაუკვირდათ, უცებ რომ დავთანხმდი. რომ არ დავთანხმებოდი, დაიწყებოდა ჩემი "დისიდენტობა".
სულაც არ მინდოდა დისიდენტური სახელი მქონოდა... არის რაღაც ამ მდგომარეობაში მომხიბვლელი, მაგრამ ამავე დროს, ჩემთვის დამაფრთხობელიც. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ამეხსნა, რატომ ვთქვი წლების წინ, შიშს ვხედავ-მეთქი, რასაც ასეთი მძაფრი რეაქცია მოაყოლეს. იმ პერიოდში ისრაელში ვდგამდი სპექტაკლს. ჩამოვედი თბილისში ერთი კვირით, რადგან იქ დღესასწაული დაიწყო და შეჩერდა რეპეტიციები. რუსთაველის თეატრში ახალი დადგმული მქონდა "პრეზიდენტი, მისი ცოლი, დაცვის ბიჭი და..." თეატრში რომ შევედი, სწორედ ეს სპექტაკლი გადიოდა. ჩემდა გასაოცრად, დარბაზში იყო იგივე სიჩუმე, რაც 1981 წელს... ტაშსაც ვერ უკრავდნენ. საერთოდ, იცი, როგორი შეგრძნება მაქვს? მიდის სპექტაკლი. მოვედი თეატრში და ჯერ არ ვარ შესული კულისებში, უკვე ვიცი, როგორ მიდის სპექტაკლი. მისტიკური განცდაა. მაშინაც ასე ვიგრძენი, რა ხდებოდა დარბაზში...
შიშს ვხედავ-მეთქი, პოლიტიკურად კი არ მითქვამს, უბრალოდ ვთქვი. დავამატე კიდეც - ირაციონალური შიში ვიგრძენი და ამან გამაოგნა-მეთქი. ისინი ატყდნენ, რადგან, ეტყობა, ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ დაეშინებინათ ხალხი და გაღიზიანდნენ...
- გამოდის, თქვენი ნათქვამი ამაოდ გაამძაფრეს?
- კი არ გაამძაფრეს, დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს სისულელეა და არავითარი შიში არ არსებობს... გამოვიდა, თითქოს გამოვიცანი მათი მოქმედების არსი.
- და ახლა რას ფიქრობთ?
- ახლა შიშიდან გამოსვლის პროცესი მიდის. ადამიანს კედელთან რომ მიაყენებ, შიში უაზრობაა. კვდები, მაგრამ შეგიძლია, ნორმალურად მაინც გახვიდე ამ ქვეყნიდან...
- ბრძანეთ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, საქართველოში აღარ ვიცხოვრებო...
- მართალია, ამას ვამბობ გაბრაზებული. როგორც მამარდაშვილმა თქვა გამწარებულმა ერთ პირად საუბარში, - თუ გამსახურდია მოვა ხელისუფლებაში, საქართველოში აღარ ჩამოვალო. მისი ნათქვამი ამერიკაში დაიბეჭდა და გავრცელდა. მერე კი, როცა ჩამოდიოდა, აეროპორტში დახვდნენ - თქვენ საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ გაქვთო. ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა და იქვე დაეცა.
- თქვენ გიფრთხილდებიან, აეროპორტში არავინ გხვდებათ... თავად რამდენად დათრგუნვილი ხართ, როცა ჩამოდიხართ და ჩვენი რეალობის პირისპირ რჩებით?
- ცუდად ვხდები! ტელევიზორს არ ვუყურებ, გამწარებული ვარ. 1989 წლიდან სულ ასე დაძაბული ვარ, დათრგუნვილიც, მაგრამ ვუძლებ. დედაჩემის და მამაჩემის დამსახურებაა, რომ ვუძლებ. წარმოიდგინე, მეორე მსოფლიო ომის დრო... ჩვენი ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს... მამა ლამაზი კაცია, დედაც ლამაზია... მამა ხატავს ულამაზეს ქალებს. ჩვენს ოჯახში კი ყოველ ღამით წვეულებაა. მოდიან ვარსკვლავები - დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჯაფარიძე, თამარ ციციშვილი ოჯახებით. მაშინ სად იყო ფული? შესაბამისად, სუფრაც ძალიან ღარიბი გვქონდა. როცა საჭმელი შემოგვაკლდებოდა, ბერიას დედასთან მგზავნიდნენ: წადი მართასთან და გამოართვი რამეო. მართა ღვთისნიერი ქალი იყო. ბერიები, ცხადია, შედარებით კარგად ცხოვრობდნენ, ამიტომ მათთან საჭმელი სულ ეგულებოდათ.
ვიწყებდი ტირილს: არ შემიძლია, ვერაფრის სათხოვნელად ვერ გაგეგზავნებით, მრცხვენია-მეთქი. მამა მაძალებდა, - წადიო. რა მექნა, დავრეკავდი ზარს, გააღებდა კარს ბერიას დედა: - ო, რობიკო, მოდი, მოდი! გასაგებია, რა საქმეზეც ხარო და გამოჰქონდა, რაც გააჩნდა. ჩემთან შინ მაგარი ქეიფი იყო. კარიდან ვუყურებდი. ისიც კი დავინახე, ერთხელ დედა როიალზე როგორ ცეკვავდა. ამ დროს გარეთ კომენდანტის საათი იყო. 9 საათის მერე გასვლა არ შეიძლებოდა, დაგიჭერდნენ. აქ კი ქეიფი მიდიოდა ღამის 2 საათამდე. როგორ გადიოდნენ მოქეიფეები ჩვენგან? მოლაპარაკებული იყვნენ სასწრაფო დახმარებასთან. გამოიძახებდნენ, სამ-ოთხ კაცს ჩასვამდნენ მანქანაში და მიდიოდნენ სირენით. სამხედროები რომ გააჩერებდნენ, ექიმი ეტყოდა, "უ ნას ტიფო" და - "ეჟაიტეო"... მიუხედავად გასაჭირისა, ცხოვრება ჩქეფდა. ეს ყველაფრის გასაძლებად ენერგიას მმატებს...
- ბავშვობა ბერიას სახლში გაქვთ გატარებული?!
- დიახ, ასეა. ისეთ სახლში ვცხოვრობდი, ყველას ეგონა, რომ კარგად ვიყავით, არაფერი გვიჭირდა. იმ სახლში ცხოვრობდნენ მთავრობის და კა-გე-ბეს წევრები.
ჩვენ და ბერიას დედა მუდმივი მცხოვრებნი ვიყავით, დანარჩენები იცვლებოდნენ. ღამე მოვიდოდა მანქანა, ვიღაცას დაიჭერდნენ... დილით ვნახავდით, კარი ჩაკეტილია, ბეჭედი ადევს...
- ახლა გამახსენდა, როცა ერთხელ ბესო ჟღენტისათვის უკითხავთ, საბჭოთა იდეოლოგიით რატომ წერდითო, კითხვა შეუბრუნებია - "თქვენ ბერია გინახავთ?" საინტერესოა, თქვენ თუ გინახავთ ბერია...
- 1947 წლამდე არ მინახავს. ამ წელს ჩამოვიდა, საარჩევნო პერიოდი იყო. ფანჯრიდან დავინახე, ისიც სილუეტი. მისი შვილი - სერგო მამაჩემის ძმაკაცი იყო, შემდეგ გადაასახლეს, დედამისიც, მისი დაც გადაასახლეს... მართალია, ქალები ძალიან შორს არ გაუშვიათ, სადღაც რუსთავის იქით იყვნენ. დედა იქ მოკვდა. ბერიას და - ანეტა ყრუ-მუნჯი იყო. ცოლად მოიყვანა ერთმა მეგრელმა კაცმა. ყველას გვეგონა, იმიტომ იქორწინა, რომ ანგარება ამოძრავებდა, ამიტომ ცუდი თვალით ვუყურებდით. ბოლოს მივხვდით, რამდენად ერთგული ყოფილა. გადასახლებულებს გაჰყვა და უვლიდა, ის კაცი რომ არ ყოფილიყო, ესენი ვერ გადარჩებოდნენ... მახსოვს, ლავრენტი ბერია რომ დაიჭირეს, ყველამ გავიგეთ. ჩვენს სახლთან დაცვა იდგა - კა-გე-ბეს დაბალჩინოსნები. ისინი ბერიას ოჯახის გამო პატრულირებდნენ. დაცვა, ცხადია, მოხსნეს. ბერია რომ დაიჭირეს, დედამისს ვერ უთხრეს. შეშინდნენ - ცუდად გახდებაო. ამიტომ მეზობლებმა დაცვის წევრებს სთხოვეს, ორიოდე დღით დარჩენილიყვნენ. დაცვა დათანხმდა. ამ ორ დღეში რაღაც მაინც იგრძნო ბერიას დედამ: ვიცი, რაღაც მოხდა, მითხარითო. ლავრენტი დაიჭირესო. მადლობა ღმერთს, ახლა დავისვენებთ მეც და ისიცო... 1953 წელი იყო. ზნეობრივი ქალი იყო, მიხვდა, რა საშინელ ბრძოლაში იყო მისი შვილი...
- დღეს არის ზნეობის დეფიციტი?
- ზნეობა შეირყა, მაგრამ მგონია, რომ ეს მუდმივი პროცესია. ჩვენ კი არ ვართ განსაკუთრებულ პერიოდში, ეს ბრძოლა მიდიოდა, რაც არსებობს ადამიანი. ნაკლები საშინელება ხდებოდა სხვა ეპოქებში? ეგ არის - ზოგჯერ ტირანები უფრო ჭკვიანები იყვნენ, ზოგჯერ - უფრო პრიმიტიულები...
- თქვენ და პოლიტიკა...
- როგორც ყველა სხვას, ისე მეხება მეც. როცა ქვეყანა გასაჭირშია, უნდა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, უნდა დადგე იქ, საითაც გჯერა და გინდა. რა ვქნათ, რომ ვიღაც კომპრომისზე მიდის, ასეა მოწყობილი ადამიანი. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის ხალხი, ვინც გამორჩენის გამო არიან რომელიმე ბანაკში და იფიცებენ, - ასე გვწამსო. თვალთმაქცობენ, იდიოტური მაგალითები მოჰყავთ. რაც უნდა მოიყვანო საბუთად, ეს არაფერს ნიშნავს, თუ ბოროტებას ემსახურები, თავს ვერ გაიმართლებ...
- რუსთაველის თეატრის მომავალზე რას ფიქრობთ?
- ერთმა თეატრმცოდნემ თქვა, "გარკვეული პერიოდი იქნება ვაკუუმი". ისიც მკითხეს, ამბობენ, რომ თქვენი თეატრიდან წასვლა თავად დადგით და რამდენად მართალია ესო! ვარიანტი არ არსებობს, მსგავსი რამ დამედგა! სხვა ამბავია, მე როგორ გადავიტანე ეს, მაგრამ ამის დადგმა ცინიზმი და უზნეობა იქნებოდა. ვითომ იმიტომ აკეთებ ამას, რომ ისტორიაში შეხვიდე... საშინელებაა. ერთხელ ვთქვი, ნეტავ გამაგდონ თეატრიდან-მეთქი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისე მოვიქეცი, გავეგდე...
- მთავარია, რომ იმისი წაშლა, რაც თქვენ, როგორც რეჟისორმა, შეძელით, წარმოუდგენელია... ამ მხრივ ყველაფრის ბედი გარკვეულია... განსხვავებით თქვენ მიერ შესრულებული დიდი პანოსი, რომელსაც თურმე ხატავდით და ახლა სად არის, არავინ იცის...
- ალბათ იმას გულისხმობთ, მსახიობ სოსო ლაღიძეს რომ ბინის კედლები მოვუხატე. იმ სახლში, სადაც ეროსი და სესილია ცხოვრობდნენ, სოსომ ერთოთახიანი ბინა მიიღო, რემონტის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა და მთხოვა, მომიხატეო. ერთ კედელზე ადამი და ევა დავუხატე, დანარჩენებზე - აბსტრაქციები. ამ სახლში ხშირად მიდიოდნენ და რჩებოდნენ ჩვენი მეგობრები. ადამმა და ევამ ისე შეაწუხა ყველა, რომ ვეღარ იძინებდნენ. ამიტომაც გადაღებეს. და კიდევ... მამაჩემი ხატავდა უზარმაზარ პანოებს. ერთხელ სოფელ ჩხორთოლში მოხატა ჭერი თემაზე "მოიტაცეს თამარ-ქალი". მაშინ I კურსზე ვიყავი, მამას ვახლდი. მითხრა, ცა შენ მოხატეო. ვიწექი და ვხატავდი. როცა ჰონორარი აიღო, ამ ცაში მეც მომცა ფული, რითიც ვიყიდე მაგნიტოფონი "მაგ-8", რომელსაც უშვებდნენ სამხედრო ქარხანაში. ეს იყო ტანკი, ალბათ ტონას იწონიდა. სწორედ ამ მაგნიტოფონით ვუსმენდით ჯაზს მე, დიმა და ჩემი მეგობრები...
P.S. რობერტ სტურუა მთელი სიცოცხლეა, "ცას ხატავს", მაშინაც კი, როცა მის გენიალურ სპექტაკლებში ყველაზე საშინელი მიწიერი ვნებები ისხამენ ხორცს. ცა კი, მოგეხსენებათ, ყველასია, თანაც დაუყოფელი, საზღვრებში მოუქცეველი... ამაოდ ესვრიან მიწიდან ჭუჭყს... და კიდევ, ტყუილად არ უკიდია ქოლგები უკუღმა თავის სახელოსნოში, სიმბოლურია - აქედან იქით იცავს...
"ვიდრე პოლიტიკა კრიჭაში ედგება შემოქმედს, შემოქმედიც არ მოიშლის მასთან ქიშპობას"
მიხეილ ბულგაკოვი