ცამეტი წელია, რაც ნანა ფაჟავამ პროფესიად ჟურნალისტობა აირჩია. კარიერა ზუგდიდში, ტელეკომპანია "ოდიშში" დაიწყო. შემდეგ იყო "იბერია", "იმედი", სადაც გადასვლასაც დღემდე ნანობს. რთული ჟურნალისტური გზის კვალდაკვალ, უამრავი სკანდალური მასალა მოამზადა. დღეს ტელეკომპანია "მაესტროს" სამეგრელოს რეგიონის კორესპონდენტია.
- ბავშვობაში არასოდეს მიფიქრია ჟურნალისტობაზე, ადვოკატობაზე ვოცნებობდი. ზუგდიდში დავიბადე, სკოლა აქ, მედალზე დავამთავრე. ნათესავებს უნდოდათ, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაშინ მოდურ სპეციალობად იურიდიული და სამედიცინო ითვლებოდა. უმაღლესში ჩაწყობით აბარებდნენ. ჩემს ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონია, უბრალო, მშრომელი მშობლები მყავდა. ძალიან მიყვარდა რუსული ენა და მასწავლებლების რჩევით, სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დამთავრების შემდეგ მივხვდი, ამ პროფესიით სამსახურის შოვნა გამიჭირდებოდა და გადავწყვიტე, გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობაზე ჩამებარებინა. ქსოვა, ქარგვა, ხატვა დღემდე მეხერხება. იმ წელს გავთხოვდი და სურვილი სურვილად დარჩა.
- ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები პრესაში გადადგით თუ ტელევიზიაში?
- ამ სამყაროში 1999 წელს მოვხვდი. იმ პერიოდში მეუღლესთან გაუგებრობის გამო შვილთან ერთად ზუგდიდში დავბრუნდი. გადავწყვიტე, ბედი ადგილობრივ ტელეკომპანია "ოდიშში" წამყვანად მეცადა, მაგრამ კარიერა რეპორტიორობით დავიწყე. პირველი სიუჟეტი ტროლეიბუსზე მოვამზადე. მაშინ ზუგდიდში ძველი ამორტიზებული ტროლეიბუსი დადიოდა, მძღოლები საშინელ პირობებში მუშაობდნენ. სამი თვე ვიმუშავე "ოდიშში". თავიდან აღფრთოვანებული იყვნენ ჩემით. სხვებისგან განსხვავებით, ინფორმაციას ოფისში არ ველოდი და სულ დავდიოდი. მალე იქ მუშაობა წარმოუდგენელი გახდა და წამოვედი. ცოტა ხანს არასამთავრობო ორგანიზაციაში ჟურნალისტურ ჯგუფს ვხელმძღვანელობდი და 2001 წელს მოვხვდი ტელეკომპანია "იბერიაში". ხელმძღვანელთან, ლუბა ელიაშვილთან, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. საოცარი მხარდაჭერა, თანადგომა იცოდა, არასოდეს იშურებდა საქებარ სიტყვებს. შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რასაც დღემდე ძალიან ვნანობ. ახალგახსნილი "იმედის" შეთავაზებით "იბერია" დავტოვე და იქ გადავედი. ამის შესახებ ტელევიზიაში არავინ არაფერი იცოდა. მართალია, "იმედში" ორმაგი ხელფასი შემომთავაზეს, მაგრამ ამის გამო არ დავთანხმებულვარ. უბრალოდ, "იმედის" მაუწყებლობა მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა, ახალი გამოწვევა იყო. თან უკვე ჟურნალისტურ აზარტში შევები. ისეთ მასალებს ვაკეთებდი, რომ კონკურენციას წამყვან ტელევიზიებს ვუწევდი. მაშინ ლუბას ეწყინა და მეც გამიჭირდა მასთან საუბარი. "იმედში" გადასვლას დღემდე ვნანობ, ყველაფერი, რაც ამ ტელევიზიისთვის გავაკეთე, ცუდად შემომიბრუნდა. გიორგი თარგამაძეს ვერასოდეს ვაპატიებ იმას, რაც მაშინ მოხდა. მასზე რა სახის მასალაც უნდა იყოს მოსამზადებელი, ყოველთვის უარს ვიტყვი. ჩემთვის ეს ადამიანი არ არსებობს.
- შეგიძლიათ, გვითხრათ რა მოხდა?
- არ მიყვარს შიდა სამზარეულოზე ლაპარაკი, ეს არც ერთი ტელევიზიის შემთხვევაში არ გამიკეთებია. "იმედი" 2004 წლის მარტში დავტოვე. 2003 წლის იქ 1-ლი ივნისიდან ვმუშაობდი, ბევრი სკანდალური და ექსკლუზიური მასალა მოვამზადე. "იმედიდან" გამომაგდეს... გიორგი თარგამაძე ჩემს სიმართლეში ვერ დავარწმუნე. წლების შემდეგ პოლიტიკაში წასული სამეგრელოში ხალხთან შესახვედრად რომ ჩამოვიდა, პირველი შეხვედრა ჩავუშალე. მაშინაც ვთქვი და ვიმეორებ, ბადრი პატარკაციშვილი რომ არ მოეკლათ, გული გაუსკდებოდა. ვერ ვიტან ორგულ ადამიანებს. ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ ჩემი ნებით ვტოვებდი ტელევიზიას. უბრალოდ, ვუთხარი, როგორც დედას, ნუ მანადგურებ-მეთქი და ვთხოვე, ჩემთვის მხარი დაეჭირა. ჩემი გამოშვების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგაც მოვლენებს რეალურად ვაშუქებდი. ეს არ მაპატიეს.
- რა მოხდა "იმედის" დატოვების შემდეგ?
- ამის შემდგომ იყო რადიო "იმედი", ჩემი უფროსი მაშინ ნონა ყანდიაშვილი გახლდათ. ამ წინადადებას დავთანხმდი, მივხვდი, არ უნდოდათ, ხელში კამერა მჭეროდა, მთავარი იყო ტელეჟურნალისტიკას ჩამოვეშორებინეთ. რადიოში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ვიმუშავე. ძალიან სასაცილო ჰონორარი მქონდა, ერთ მასალაზე სამი ლარი. ალბათ გახსოვთ, 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სწორედ მაშინ მოხდა ხურჩის ცნობილი ინციდენტი, როდესაც ავტობუსი აფეთქდა და პედაგოგი ქალბატონი დაიჭრა. პირველი, ვინც ამ ინციდენტის შესახებ 15 წუთში სიმართლე თქვა, მე ვიყავი და ეს მოხდა რადიო "იმედის" ეთერში. ვთქვი, რომ ეს იყო ქართული სპეცსამსახურების, ხელისუფლებისა და ჟურნალისტების მიერ ინსპირირებული შემთხვევა. ადგილობრივი მოსახლეობისგან პირველივე წუთიდან გავიგე სიმართლე. ამას ჩემზე ზეწოლა არ მოჰყოლია, მაგრამ შემდეგ მითხრეს, რადიო "იმედში" შენი ჩართვა ბომბის გავარდნას ჰგავდაო. აგვისტოს ომი ახლოვდებოდა, ნონა აღარ იყო ჩემი უფროსი, ერთ დღეს ახალმა უფროსმა დამირეკა და მითხრა, მიკროფონი ჟურნალისტ ლაშა ბერულავას გადაეციო. მუშაობა მას უნდა გაეგრძელებინა. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, მიკროფონი თბილისში ჩამოვიტანე და დავტოვე. ცხადია, მოახლოებული ომის პირობებში ღია ეთერში ჩემს გაკონტროლებას ვეღარ შეძლებდნენ და გამიშვეს.
- შემდეგ ინტერნეტმედიაში გადაინაცვლეთ.
- დიახ, ძველ "პრესა.ჯი"-ზე, სადაც უფროსი გია იაკობაშვილი გახლდათ. მაშინ არ მქონდა კამერა, ლეპტოპი, ინტერნეტკაფეში დავდიოდი და ისე ვგზავნიდი მასალებს. ერთ Yდღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ კატარში, სადაც "ალჯაზირას" ოფისია, ჟურნალისტების დახმარების ცენტრი ყოფილა. ჩემ შესახებ წერილი მივწერე და იქიდან 2000 დოლარამდე გამომიგზავნეს. ეს იყო 2009 წელს. ვიყიდე ლეპტოპი, პატარა კამერა და რეპორტაჟების გადაღება გავაგრძელე. ჩემი მასალებით ხშირად ინტერესდებოდა "მაესტრო" და ინფორმაციას ჰონორარის გარეშე ვაძლევდი. შემდეგ "მაესტროზე" დავიწყე მუშაობა და დღემდე აქ ვარ. ინტერნეტმედიისთვის დრო აღარ მრჩება.
- ნანა, კარიერის დასაწყისში აფხაზეთის პრობლემებზეც მუშაობდით.
- დიახ, "იბერიაში" მუშაობისას რამდენიმე რეპორტაჟი მოვამზადე. ძველი მიკროავტობუსით გადავედი აფხაზეთში, ჩემი მეგზური 27 წლის გოგონა ეკა ძიძარია გახლდათ. ეკა შემდეგ მის ოჯახზე თავდასხმის დროს გარეთ გამოვიდა, ტყვია მოხვდა და დაიღუპა. ძველი ტანსაცმელი მეცვა, ჩანთებში კამერასთან ერთად ქილები ჩავალაგე. იქაურ ქართულ სკოლებზე გავაკეთე რეპორტაჟი, ადგილობრივ მასწავლებლებს შევარდნაძის მთავრობა ხელფასს არ უხდიდა და ფულს მშობლები აგროვებდნენ. ბევრ აფხაზს ვიცნობდი, აფხაზ ჟურნალისტებთან თბილი ურთიერთობა მქონდა. მახსოვს, ერთხელ საკუთარი ყურით მოვისმინე, ჩემმა ერთმა აქაურმა კოლეგამ, რომელიც დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობს, რუსლან ქიშმარიას, რომელიც მაშინ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, ჩემი მკვლელობა შეუკვეთა. თუ ოდესმე პრობლემა შემქმნია, მხოლოდ ქართული სპეცსამსახურებისა და ქართველი კოლეგებისგან.
- ნანა, ყოველთვის სკანდალური რეპორტაჟებით გამოირჩევით.
- ახლა ერთ-ერთი მათგანი მახსენდება, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ცოტა დრო იყო გასული, როდესაც სკანდალური ვიდეო მომაწოდეს. ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მეგი ქარდავას ნათესავის ქორწილში მაგიდებსა და სკამებზე იდგნენ და ოპოზიციის მისამართით იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იმეორებდნენ, რასაც ნოემბრის მიტინგზე. მერე გადმომცეს, რომ ზუგდიდის საპატრულო პოლიცია შეშფოთდა, დაგვხსნიან ყველასო, მაგრამ პირიქით, ეს მასალა საბოლოოდ მათთვის სასარგებლო აღმოჩნდა. უთქვამთ, არავინ გაბედოს ფაჟავას მიმართ აგრესიის გამოხატვა, კარგი საქმე გაგვიკეთა, ის რომ არა, ძალიანაც რომ გვნდომებოდა, მიშასა და ვანოს ერთგულებას ვერ დავუმტკიცებდითო (იღიმება).
- რეგიონებიდან სამეგრელოში ყველაზე რთულია მუშაობა...
- გეთახმებით, ვერ მივაღწიე, რომ სამხარეო ადმინისტრაციიდან, გამგეობიდან, სპორტის დეპარტამენტიდან ან კულტურის სამსახურიდან სატელევიზიო კომენტარი ჩავწერო. ტელეფონსაც აღარ პასუხობენ. სამეგრელოში კლანური პრინციპი მოქმედებს. ჩემთვის არასოდეს უთქვამთ, რომ ტყუილი ვთქვი ან დავწერე, მაგრამ მეუბნებიან, მეგრელი ხარ და თავი არ უნდა მოგვჭრაო. ეს არის მათი არგუმენტი.
- მოსახლეობის ჩაწერისას თუ გიჩნდებათ პრობლემები?
- მას შემდეგ, რაც სამეგრელოში არსებულ ბანდფორმირებებზე ფარული ვიდეოები გადავიღე, მერიდებიან. ცოტა ხნის წინ ვამბობდი, უბრალო ხალხიც დავაშინე-მეთქი. ინტერვიუს ჩაწერაც პრობლემაა ჩემთვის, რადგან წარმოუდგენლად დაშინებულია მოსახლეობა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებ. ხშირად უთქვამთ თბილისელ ჟურნალისტებს, რას უძლებ, აქ როგორ მუშაობო. მქონდა საშუალება, წამოვსულიყავი და თბილისში მემუშავა. ეს ჩემი პირადი ცხოვრებისა და შვილისთვისაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს სამეგრელო და ასეთ მდგომარეობაში ვერ ვტოვებ.
- ნანა, თქვენ იმ ცნობილ ინციდენტსაც ესწრებოდით, როდესაც ქალბატონ როზა წყაბელიას, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა, სცემეს...
- ამ ქალბატონზე მასალა ცოტა ხნით ადრე "მაესტროს" ეთერისთვის მოვამზადე. უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა, ქვეშაგებიც კი არ ჰქონდათ ოჯახში, სასმელ-საჭმელი ენატრებოდათ. დაავადებულ შვილიშვილებს გადაადგილება უჭირდათ. იქიდან დამძიმებული წამოვედი. ქალბატონი როზა მეუბნებოდა, ახლა ექიმთან უნდა წავიდეო. საფულეში შვიდი ლარი აღმომაჩნდა და დავუტოვე. ამ რეპორტაჟიდან მცირე ხნის შემდეგ პრეზიდენტი სამეგრელოში ჩამოვიდა. მართალია, ჟურნალისტებს შეხვედრაზე არ გვიშვებდნენ, მაგრამ გარე პერიმეტრზე ვიდექით და მოსახლეობას ვესაუბრებოდით. უცებ დავინახე ქალბატონი როზა, მივმართე, თქვენი მდგომარეობა ხომ არ გაუმჯობესდა, რას ჰკითხავთ დღეს პრეზიდენტს-მეთქი და ამას მოჰყვა ის მძიმე ინციდენტი, როდესაც ქალბატონი როზა გაათრიეს.
- თუმცა მას შემდეგ პრეზიდენტმა მოინახულა და პრობლემებიც მოუგვარეს. შემდგომ გავრცელებულ კადრებში საკმაოდ კარგად გამოიყურება.
- მე აღარ ვყოფილვარ მის მოსანახულებლად, რადგან პირველი რეპორტაჟის შემდეგ ცუდად ვიყავი. ქვეყანა შემძულდა, როგორ შეიძლება, ადამიანი ასეთ პირობებში აცხოვრო. ეს კადრები რომ ვნახე, ვფიქრობდი, ალბათ დაეხმარნენ, არ მგონია, თავის მოვლა თავისი პენსიით მოეხერხებინა.
- ნანა, დასასრულ ჟურნალისტების იმ უცნაურ კორპუსზე მინდა გკითხოთ, რომელსაც პირობითად "ალისტრახოებად" მოიხსენიებენ. ზუგდიდსაც ჰყავს თავისი "ალისტრახოები"...
- ალისტრახოები და ალისტრახოვნები (იღიმება). ხელისუფლება სპეციალურად არჩევს ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ჟურნალისტიკასთან არანაირი საერთო არ აქვთ. ეს სწორედ ის ჯგუფია, ვისთანაც ის ცნობილი ინციდენტი შემემთხვა. ინტერვიუს ჩაწერის დროს ხელს მიშლიდნენ და ჩვენ შორის ჩხუბიც ამან გამოიწვია. რომ მცოდნოდა, ის ბიჭი მალხაზ ბასილაიას მედიაჯგუფიდან იყო, ასე არ მოვიქცეოდი. პირველად ვხედავდი და სოდისა ან კუდის თანამშრომელი მეგონა. ზუგდიდის შემთხვევაში ვითომ დამოუკიდებელი მედიაჯგუფი მოქმედებს და ენთუზიაზმით მუშაობენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუეა და სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ოპერატორს 400 ლარი აქვს ხელფასი.