"ვინ გამოაპარა მოჯაჰედების ჯგუფი საზღვართან - რუსებმა თუ ქართველებმა?!"

ორდღიანი სპეცოპერაცია დასრულდა. როგორ აფასებს შსს-ს მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას და რამდენად სარწმუნოა სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, "გურია ნიუსი" ამ საკითხებზე ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

_ ბატონო მამუკა, რა შეფასებას მისცემდით შსს მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას?

_ უამრავი კითხვაა გაჩენილი, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთი რამე შემიძლია ვთქვა: სამძიმარს ვუცხადებ იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს. ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოიძიონ მათი სიკვდილი. ეს არის ძალიან სერიოზული გამოძიების თემა.

_ კონკრეტულად რა კითხვები გიჩნდებათ ამ ფაქტთან დაკავშირებით?

_ პირველი: როგორ მოხვდა ეს ჯგუფი საზღვრიდან ასე შორს, საქართველოს სასაზღვრო ჯარების უკან? გამოდის, რომ ჯერ რუსებმა გამოატარეს და მერე ქართველებმა? ასე ვთქვათ, ამხელა რაზმი გაეპარათ. მეორე _ გავეცანი ჩეჩნეთის კამპანიის ორივე შედეგს და ვერც ერთხელ ვერ ვნახე, ბრძოლაში 11 "მოჯაჰედი" დაღუპვოდათ, ვსაუბრობ "იმარატის" ხალხზე, "მოჯაჰედებზე". ეს წარმოუდგენელი რიცხვია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი ერთად იყო შეკრებილი სადღაც ტაფობში, ხელი არ გაუნძრევიათ და ისე დახოცეს. ასევე შეკითხვები მაქვს მძევლებთან დაკავშირებითაც; როგორ მოხდა მძევლების აყვანა; ასევე, რამდენადაც მე ვიცი, არცერთმა არ იცის სხვა ენა. რა ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს მძევლები და დამტყვევებლები?! როგორ დაიღუპა ექიმი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო წინა ხაზზე და კიდევ სხვა უამრავი შეკითხვა.

მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა, ეს ოპერაცია იყო ბლეფი, მაგრამ ხელისუფლება იმდენს შვრება ამ თემის გაფიარებით, იდუმალების ფარდის ჩამოშვებით რომ, მიჩნდება შეკითხვები. მე მაქვს ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც ამ ოპერაციას ერთი შეხედვით პირდაპირ არ ეხება...

_ რა ინფორმაციაზეა საუბარი?!

_ ვინ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამხედრო ბაზებზე და რისთვის ემზადებოდნენ. მაგალითად, იგივე პარტიზანული მოძრაობის ცნობილი ფაქტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარტიზანული მოძრაობის ამ წევრებს, რომლებიც "პარტიზანებს" ეძახიან თავისთავს, ასწავლიდნენ დივერსიული მოქმედებების ხელოვნებას. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, რისთვის აპირებდნენ მათ გამოყენებას. როგორც დადგინდა, მათ გამოყენებას არ აპირებდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ, "რაღაც სხვა საქმისათვის" და რისთვის?! ბევრი შეკითხვაა. ყველაფერი აქედან, საშუალებას მაძლევს ვიფიქრო, რაღაცა იყო სიმართლე, რაღაცა - ტყუილი.

_ "დაღესტნის იმარატის" წარმომადგენლის ვილაიეთის განცხადებაზე რას იტყვით, რამდენად შეიძლება საფრთხე გვემუქრებოდეს?

_ შეიძლება ასეთი განცხადება ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის არის ცნობილი ნახევრად ოფიციალური გამოცემა "კავკასპრესი", რომელიც არის "იმარატის" ოფიციალური ორგანო; მხოლოდ მასზე განთავსებულ ინფორმაციას მივიღებ სარწმუნო წყაროდ. შეიძლება ამ კონკრეტული საიტის უკან ორი კაცი იდგეს. რა თქმა უნდა არსებობს "დაღესტნის იმარატი", მაგრამ მე არ ვიცი ეს იმის ორგანოა თუ არა. რაც შეეხება ხიფათს, რომელიც შეიძლება აქედან მოდიოდეს, მხოლოდ მაშინ, როცა გაირკვევა ყველაფერი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად მაღალია ხიფათის ხარისხი და დასკვნები გავაკეთოთ. ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით.

_ რას წარმოადგენს ეს დაჯგუფება, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის მათ შესახებ...

_ ვისი ბრალია მერე?! შენი ბრალია პერსონალურად, რადგან ჟურნალისტებმა უნდა დაწერონ და უნდა იცოდეს საზოგადოებამ ვინ ჰყავს სამეზობლოში. "კავკასიის იმარატი" შექმნილია დოკუ უმაროვის მიერ, რომელიც არის ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ბოლო ლეგიტიმური ხელმძღვანელი ასლან მასხადოვის სიკვდილის შემდეგ. უბრალოდ, მან გადაუხვია საერო გზას და აირჩია რელიგიური გზა. ქვეყანა რომელიც მას დაუტოვეს როგორც რესპუბლიკა, მან გადააკეთა რელიგიურ სახელმწიფოდ და დაარქვა "იმარატი", მაგრამ გაავრცელა "იმარატის" ძალაუფლება მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით. "იმარატის" მეომრებს, რომლებიც იატაკქვეშეთში იბრძვიან მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით რუსების წინააღმდეგ ჰქვიათ "მოჯაჰედები". ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული ინფორმაცია, ვითომ, ეს ხალხი "მოჯაჰედები" უნდა იყვნენ. მე ეჭვი მეპარება, რომ ესენი "მოჯაჰედები" არიან.

_ თქვენ რას ფიქრობთ, ვინ არიან ის ადამიანები...

_ ჯერ არ ვიცი. საერთოდ გადმოვიდნენ კი, დაღესტნიდან?! დაღესტნის მიმდებარე ტერიტორია ეს არის ცეტუნის რაიონი. ეს რაიონი დაახლოებით 10 000 რუსი ჯარისკაცით იყო გაძეძგილი. უამრავი რუსი მესაზღვრე იყო იქ. კონკრეტული სამხედრო ოპერაციული დევნა იქ არ ჩატარებულა. რომ ყოფილიყო ეს ამბავი, ჩვენ გავიგებდით რუსული საიტებიდან, რადგან ამას სულ წერენ. მართალია მოხდა სამწუხარო ფაქტი. დაღესტნის სულიერი ლიდერი მოკლეს, ააფეთქეს, მაგრამ ამ ფაქტის მიბმა სპეცოპერაციასთან, ცოტა არ იყოს, ჭირს. საქართველოს ბეჭდვით ორგანოებს უნდათ, რომ ეს ერთმანეთს მიაბან და თქვან, რომ იმ ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ, ესენი გამოერიდნენ გართულებებს და საქართველოში შემოვიდნენ. მე, მაგალითად, ასე პირდაპირ ვერ მივაბამდი. ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ბევრ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს, ამ ამბავში ბევრი რამ უცნაურია.

_ საუბრობენ იმაზე, რომ ტერორისტების მოთხოვნა იყო საქართველოს გაეხსნა მათთვის საზღვარი. რამდენად რეალურია, როდესაც ტერორისტი შედის რომელიმე ქვეყანაში და ასეთი მოთხოვნები წაუყენონ ქვეყანას?

_ ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. ეტყობა ვიღაცამ გადახედა 1999-2000 წლების საქართველოს ისტორიას და იქედან აიღო ეს ფაქტი, როდესაც ლტოლვილები მოადგნენ ჩეჩნეთიდან საქართველოს და მათ მოითხოვეს აქეთ შემოეშვათ. ქართულმა მხარემ შემოუშვა, რომელსაც "მოჯაჰედთა" 80-კაციანი რაზმი შემოჰყვა გილაევის მეთაურობით. ეტყობა, გადახედეს და ეს მიზეზი მოიტანეს.

ვის ეუბნებოდნენ გაგვიხსენითო? თუ მესაზღვრეებს ელაპარაკებოდნენ, მაშინ, 20 კილომეტრზე როგორ შემოუშვეს? თუ ბოკერიას დაურეკეს ეს ამბავი, გვითხრას პირადად - მე დამირეკეს და უფლება არ მივეციო. აბა, რა გითხრათ სხვა...

_ ხომ არ იცით, რა ინფორმაცია აქვს დაღესტანში თქვენს კოლეგებს?

_ მე ვესაუბრე დაღესტანში ჩემს კოლეგებს, კავკასიოლოგებს, იქაური უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომლებიც ძალიან კვალიფიცირებული თეოლოგები არიან და იციან საქმის ვითარება. ისინი მეუბნებიან და მეც უნდა გამერკვია. კარგი, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ ხალხის სახელები და გვარები გამაგებინეთ! ვერავინ ვერაფერი გვითხრა. ჩვენ ამის თაობაზე ინფორმირებული არ ვართ, ვიცით, უბრალოდ რაღაცა ხდება, მაგრამ არ ვიცით ეს ჯგუფი ვისიაო. მე ვუთხარი, მეთაურის გვარი მაინც გამიგეთ-მეთქი. რა ბევრი ესენი არიან, ყველა მეთაური ცნობილია, რომელიც მთებში და ტყეებში იმალება. ვერავითარი ინფორმაცია ამის თაობაზე ვერ მომაწოდეს