კარჩაკეტილი ჭირისუფალი და ცარიელი საფლავები პანკისში

კარჩაკეტილი ჭირისუფალი და ცარიელი საფლავები პანკისში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს განცხადებას, თუ ვინ არიან გარდაცვლილები, რომელთა გადასვენებასაც პანკისში, უკვე მეორე დღეა ელოდებიან.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შსს-მ თავის ვებგვერდზე გაავრცელა, ნათქვამია, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ე. წ. "ბოევიკთაგან", საქართველოს მოქალაქე არც ერთი არ ყოფილა.

პანკისელები ამბობენ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. "ბოევიკები" პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან.

საფლავების გათხრა პანკისელებმა გვიან ღამით, კოკისპირულ წვიმაში დაიწყეს.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, ცხედრები გვიან ღამით უნდა მოესვენებინათ და მაშინვე დაეკრძალათ, რაც არ არის მუსლიმანური წესი.

_ მაგრამ, ოღონდაც ცხედრები მოეტანათ და ამ გამონაკლისსაც დავუშვებდით, _ აცხადებენ ისინი ჩვენთან საუბრისას.

შესაბამისად, გუშინ საღამოს, ექვსი საათის შემდეგ, სოფლის ყველა მცხოვრები, დიდი თუ პატარა მამაკაცი, წავიდნენ დუისის სასაფლაოზე და დაიწყეს საფლავების გათხრა. დუისში, გუშინვე, მეჩეთთან ახლოს, ორ ოჯახში იყო კარი ღია და ოჯახის წევრები სამძიმარს იღებდნენ. შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხედრებს დილის 6-7 საათზე მოასვენებდნენ, მოხდებოდა მიცვალებულების განბანვა და დაახლოებით დილის 12 საათისთვის დაკრძალავდნენ.

დღეს უნდა ყოფილიყო დაკრძალვა, შეიკრიბა უამრავი ხალხი, მათ შორის თბილისელი ქისტებიც. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხედრები არ ჩამოუსვენებიათ. მეჩეთთან შეკრებილი ჯგუფი კარგა ხანს თათბირობდა, თუმცა, მედიასთან საუბარი არც ერთმა მათგანმა არ ისურვა: "სანამ გვამებს არ მოასვენებენ, ვერაფერს ვიტყვით", _ ასეთი იყო მათი პასუხი.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ჭირისუფლებს კარები ჩააკეტინეს, სავარაუდოდ, მათ თბილისიდან დაურეკეს. წყაროს თქმით, სამძიმარზე მისულ ბიძაშვილებს და სხვა ახლობლებსაც კი, ჭირისუფალი კარს არ უღებს. წყაროს ვარაუდით, "ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან, როგორც ჩანს, მიცვალებულთა გვამების გადაცემა, ჭირისუფალთა დუმილზეა დამოკიდებული".

ადგილობრივების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეცხვარეებმა დარეკეს სამართალდამცავებთან და ისე შეიტყვეს ამ ამბის შესახებ, სიმართლეს არ შეეფერება. პანკისელები ამბობენ, რომ მეცხვარეებს სამართალდამცავებთან არ დაურეკავთ.

"მეცხვარემ თქვა, მე რის დამრეკავი ვიყავი, შემეშინდა და მაშინვე გავიქეცი, როგორც კი უცხო პირები შევნიშნე. როდესაც დავბრუნდი, ვნახე, საჭმელი წაუღიათ; ეტყობა, მშივრები იყვნენ, ძველი პური და ყველი მქონდა და ის წაუღიათ, სხვაზე კი არაფერზე უხლიათ ხელიო", _ ამბობს პანკისის მცხოვრები, რომელიც ვინაობის გამჟღავნებაზე, უსაფრთხოების მიზნით, კატეგორიულ უარს ამბობს, როგორც სხვა დანარჩენები.

"მეცხვარეებიდან სასაზღვრო პუნქტი, დაახლოებით, 200-300 მეტრშია და სავარაუდოდ, სწორედ იმათ დაინახეს ე.წ "ბოევიკები", _ ამბობს იგივე წყარო.

_ ჩვენ რატომ გვიფუჭებენ საქმეს, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ და ისინი წამსვლელები არიან _ აცხადებენ მეცხვარეები ახლობლებთან საუბრისას, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარს კატეგორიულად არც ისინი თანხმდებიან.

რამდენიმე პანკისელმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ "ამ ამბების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს ხეობაში აღარ ჩაესვლება".

"ამ დღეებში, "ხადორჰესი" უნდა გაეხსნათ საზეიმო ვითარებაში და პრეზიდენტსაც ველოდებოდით. ამასთან დაკავშირებით, დიდი პიარკამპანია მიმდინარეობდა. ამ ინციდენტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს ხეობაში აღარ შემოესვლება და ჰესს ვერ გახსნის. ამ ინციდენტამდე, "ნაციონალებს" შანსი ჰქონდათ ხმების 95% აეღოთ და არჩევნები მოეგოთ, მაგრამ ახლა გამორიცხულია, რომ ვინმემ მათ მისცეს ხმა", _ ამბობს პანკისელი მოქალაქე.

ამ დრომდე, პანკისში ვითარება იმდენად რთულია, რომ ჟურნალისტებს მუშაობის გაგრძელების საშუალება, პრაქტიკულად, აღარ აქვთ.