პაატა ზაქარეიშვილი:

პაატა ზაქარეიშვილი: "საქართველომ რუსული საქმე გააკეთა"

ის ვერსია, რაც ხელისფლებამ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელა, ჩემთვის სარწმუნო არ არის. როგორც წესი, საზოგადოების ინტერესების შემცველი მოვლენების შეფასებისას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოწოდებული ვერსიების უმრავლესობა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავს. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ აშკარავდება მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიების ფარისევლური და ყალბი შინაარსი, თუმცა იმ დროისთვის საზოგადოება მორიგი სკანდალური მოვლენის ამოხსნით არის დაკავებული და წარსული ამბები ბურუსში იკარგება. ამის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს თუგინდ 2008 წლის 21 მაისის (საპარლამენტო არჩევნების დღე) ტერაქტის ინსცენირება ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში. იმ დღეს გალის რაიონის საზღვართან დაიწვა ორი ავტობუსი და სროლების შედეგად დაჭრა ერთი ქალბატონი. არჩევნების მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების პროპაგნდა ამტკიცებდა რომ ავტობუსებს გალიდან ზუგდიდში გადაყავდა ამომრჩევლები და აფხაზმა სეპარატისტებმა ააფეთქეს და სროლა აუტეხეს ავტობუსებს რათა არ დაეშვათ გალელების მონაწილეობა არჩევნებში. მოგვიანებით ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ეს საქართელოს სპეცსამსახურების მიერ ინსენირებული ტერაქტი და მას არავითარი კავშირი არ ქონდა აფხაზური მხარის აქტიურობასთან. 

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებაში  ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება:

როგორ აღმოჩნდნენ ჩრდილოკავკასიელი შეიარაღებული პირები საქართველოს ტერიტორიაზე? როდის გადმოვიდნენ? მაშინვე დაიწყო დევნა, როცა გადმოვიდნენ, თუ მოგვიანებით? რა ვითარებაში და რატომ აიყვანეს მძევლები? ამ კატეგორიის ჯგუფებს, როგორც წესი, მძევლები არ აჰყავთ, თუ არა გამოუვალი და ექსტრემალური ვითარება. როგორ მოხდა, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ჩვენს სამართალდამცველებს ბრძოლა არ დასჭირვებიათ და შემდეგ, დღენახევარი მიდიოდა ოპერაცია? მათი მხრიდან 11 კაცი დაიღუპა, რატომ დაიღუპა სამი ქართველი სამართალდამცავი?

რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე ტერორისტებს იფარებს. პირადად, მე რუსეთის მთავრობის არასდროს არ მჯერა, და თვლი, რომ ყოველთვის ვერ უძლებენ ცდუნებას გაავრცელონ დეზინფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად მათ საქართველოს დისკრედიტაციისათვის საკმარისი არგუმენტი ჩაუვარდათ ხელში.

30 აგვისტოს დაღესტნის ვიალეთის მოჯახედებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ისინი მოატყუა და მათ არანაირი მძევლები არ აუყვანიათ. მათ განცხადებაში მუქარაც გაისმა, მაგრამ არა მგონია, ეს მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყოს მიმართული. შეიძლება, მუქარა იმ კონკრეტულ ჩინოვნიკების მიმართ იყოს, ვისთანაც მათ ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ჯგუფი ტეორირსტულ აქტებს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, მათი მთავარი მტერი - რუსეთია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა  ტერორისტები გაანადგურეს, ვიფქრობ, ეს ოპერაცია სააკაშვილის იმიჯზე დასავლეთში ძალიან უარყოფითად იმოქმედებს. აშკარაა, ტერორისტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსული. 

მსოფლიოში რუსეთის მთავრობას თუ რაიმეს გამო პატივს სცემენ, ეს ტერორიზმთან ბრძოლაა. მსოფლიოში იმდენად უფასებენ პუტინის ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლას, რომ მაშინაც კი არ აკრიტიკებენ, როცა ტერორისტებთან ბრძოლის დროს ქალებს, ბავშვბს, მოხუცებს ხოცავს. გავიხსენოთ ნორდ ოსტის მოვლენები. როგორც წესი, რუსეთს ვერავინ უბედავს მკაცრ კრიტიკას ამის გამო, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა. მსოფლიოს ზოგადად, მიესალმება რუსეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებს. სწორედ ამ კონტექსტში რუსეთის ხელისუფლებას უვარდება ხელში მტკიცებულება, რომ საქართველო ტერორისტების ბუდეა.

უცნაურია, რომ ქართული სახელმწიფო სტრუქტურები დაღესტიდან გადმოსულ ადამიანებს “დივერსანტებს” უწოდებს. როგორ შეიძლება, მათ დივერსია განეხორცილებინათ საქართველოში? გამოდის, რომ ისინი რუსეთისგან იღებენ დავალებებს და რუსებთან არიან შეკრულები. რა გამოდის, რომ რუსეთი ვაჰაბისტებს აგზავნის საქართველოში ტერაქტებისთვის? თუ რუსეთი დევნის და საქართველო იფარავს მათ? ზოგადად კარგია, რომ ტერორისტები გავანადურეთ და რუსული საქმე გავაკეთეთ, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენთან არიან ტერორისტები. ჯობდა, რამდენიმე მათგანი მაინც აგვეყვანა ცოცხლად და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარგვედგინა როგორც კონტრარგუმენტი რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ის რომ ვერც ერთი ტერორისტი ვერ დავატყვევეთ, ადასტურებს რამდენად არაკომპეტენტურად ჩატარდა ოპერაცია. იქნებ საქართველოს ხელისუფლებას არც კი აწყობდა მათ შორის ვინმე ცოცხალი გადარჩენილიყო? ესეც კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეპიზოდსაც, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევას სააკაშვილი არჩევნების წინ სათავისოდ გამოიყენებს.

ვფიქრობ, რომ ამ ოპერაციას გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს. თუმცა, აშკარაა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხები, ვისაც ეს ექსტრემისტები და მოჯახედები მოსწონთ, ჩვენს მიმართ გულს აიცრუებენ. ქართულმა ხელისუფლებამ, როცა ჩეჩენთა გენოციდის აღიარების კამპანია წამოიწყო (რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო), ჩრდილოკავკსიელი ხალხების ნაციონალისტურ და რელიგიური წრეების სიმპათია დაიმსახურა. ახლა, ამ სპეცოპერაციის შემდეგ, ეს წრეები ალბათ მოახდენენ საქართველოს მიმართ დისტანცირებას.