ახალი ქალაქი - მითი თუ რეალობა?

ახალი ქალაქი - მითი თუ რეალობა?

ცოტა ხნის წინ ქალაქად წოდებული ანაკლიის მეზობლად, კიდევ ერთი ქალაქის - ლაზიკის დაარსება და მშენებლობა იწყება. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ლაზიკა ფოთის გაგრძელება და ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ცენტრი უნდა გახდეს. ამასთან, განსაკუთრებული ფუნქცია დაეკისრება პორტს, რომელიც ახალი ქალაქის ინფრასტრუქტურისა და ყველა საინჟინრო დეტალის გათვალისწინებით, გამართულად უნდა მუშაობდეს და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებთათვის საინტერესო და მიმზიდველი უნდა გახდეს. და კიდევ - ლაზიკა ქართული ხუროთმოძღვრების აწ განადგურებულ ბრწყინვალე ნიმუშს - ბანას უნდა დაემსგავსოს, უფრო სწორად, ბანასა და თანამედროვე ქალაქების ნაზავი უნდა გახდეს, რადგან ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პროექტების მიხედვით, ლაზიკის მიწაზე ცათამბჯენების მშენებლობაც იგეგმება.

ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის პირას მშენებარე ქალაქის სტატუსი კანონით განისაზღვრება, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. ანუ ლაზიკას ჯერ კიდევ აშენებამდე მიენიჭება განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი, რისთვისაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება უკვე მომზადდა და მისი საყოველთაო განხილვის კომისიაც შეიქმნა. 

უკვე არსებობს მაკეტიც, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ქალაქი, მაგრამ კვლავაც საიდუმლოებით მოცული რჩება პროექტის განსახორციელებლად საჭირო ისეთი "დეტალი", როგორიცაა მის ასაშენებლად საჭირო თანხა. ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მიზეზად, ამ საკითხში საკუთარ არაკომპეტენტურობას ასახელებენ. "ახალი ქალაქის აშენების იდეა ძალიან მომწონს და მივესალმები, მაგრამ დანარჩენით, რა და როგორ უნდა აშენდეს, არ დავინტერესებულვარ", - მითხრა უმრავლესობის წევრმა, ხათუნა ოჩიაურმა. 

ძნელი სათქმელია, პრეზიდენტის ჩანაფიქრი მივა თუ არა ლოგიკურ დასასრულამდე, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, მუშაობა უკვე დაწყებულია: მიმდინარეობს რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის რკინიგზის სადგურიდან იღებს სათავეს და პროექტის მიხედვით, ქალაქ ლაზიკამდე რამდენიმე სოფლის გავლით უნდა მიაღწიოს. 

დათო კვარაცხელია, ანაკლიის მკვიდრი:
- იმ ტერიტორიაზე, სადაც ლაზიკის მშენებლობა უნდა დაიწყოს, ჯერჯერობით არაფერი ხდება, მაგრამ უკვე დაწყებულია ლაზიკის მიმართულებით რკინიგზის მშენებლობა. მე მშენებარე რკინიგზის ერთ-ერთი მონაკვეთი მაბარია და რუკაც მაქვს ნანახი, თუ რა გზა უნდა გაიაროს რკინიგზამ ლაზიკამდე. რუკის მიხედვით, ის ცაიშის სადგურის განშტოება იქნება და რამდენიმე სოფლის, კონკრეტულად - დიდი ნეძის, ორულუს და ერგეტის გავლით მივა ანაკლიამდე, დაახლოებით იმ ადგილამდე, სადაც ახლა პატრიოტთა ბანაკი მდებარეობს, იქიდან კი ლაზიკისკენ აიღებს გეზს. 

- თქვენ მიერ ჩამოთვლილ სოფლებში ლიანდაგი დაუსახლებელ ადგილებში იჭრება?
-
 არა, რამდენადაც ვიცი, ზოგგან დასახლებაც არის. მაგალითად, სოფელ ორულუში ერთი მოსახლის საცხოვრებელს დაემთხვა და მას კომპენსაციის სახით, 50 ათას ლარს უხდიან. დანარჩენ ადგილებზე მოსახლეობას ან თხილნარი აქვს, ან - ყანა. როგორც ამბობენ, მათ ერთ ჰექტარზე 40 ათასს გადაუხდიან... თუმცა ქალაქ ლაზიკის მშენებლობისა და ანაკლიაში ტურიზმის განვითარების პარალელურად, შეზღუდვები იქნება: ანაკლიაში გზის პირას მცხოვრებთ მსხვილფეხა საქონლის ყოლის უფლებას არ აძლევენ. ამიტომ, ხალხი ცდილობს, ელემენტარული კომფორტი - ცივი და ცხელი წყლის, აბაზანისა და საპირფარეშოს საკითხები მოაგვაროს, საოჯახო ტიპის სასტუმრო რომ ჰქონდეს. თუმცა ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, რადგან, სამშენებლო ინვენტარზე რომ არაფერი ვთქვათ, ბოლო დროს მუშახელზეც გაიზარდა ფასი. ადგილობრივები თანდათან ეგუებიან იმ აზრს, რომ უკვე ქალაქის სტატუსის მქონე დაბაში ცხოვრობენ. თავიდან კი ვხუმრობდით ანაკლიის ახალ სტატუსზე, მაგრამ ახლა თანდათან რაღაცები მართლაც იცვლება.

დიმიტრი ძაგნიძე
, იუსტიციის მინისტრის მოადგილე:
- ამ ქალაქში საგადასახადო და ზოგადად სამართლებრივი კუთხით, განსხვავებული მიდგომა იქნება. ამის საფუძველი აქედანვე იქმნება. განსხვავებული მიდგომა იქნება საგადასახადო, თვითმმართველობისა და სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხითაც. ეს აუცილებელია, რათა ლაზიკა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს. ჩაფიქრებულია დამატებითი წამახალისებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ მარტივად შექმნას ახალი საწარმოები და მარტივად დაასაქმოს უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე. მესმის, რომ საზოგადოების ნაწილს ამ პროექტის მიმართ კრიტიკული და ცინიკური დამოკიდებულებაც აქვს, მაგრამ ეს იქნება მაღალი დონის თვითმმართველი ქალაქი, რომელიც ისარგებლებს შესაბამისი სამართლებრივი სისტემით, იმ უფლებით, რომ დაადგინოს წესები კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში. ასეთი წესები საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში გამოიყენება. მსოფლიო აღიარებს, რომ ერთ-ერთი ასეთი საინტერესო და წარმატებული ცენტრია დუბაი და ეს ქალაქი სწორედ ასეთ პრინციპებზე დაყრდნობით არსებობს. ასე რომ, მინდა, სკეპტიკურად განწყობილები დავამშვიდო, რომ ეს ცვლილება არ ითვალისწინებს ლაზიკისთვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას. 

ქალაქ ლაზიკის აშენების პერსპექტივაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს.

ლევან ბერძენიშვილი:
-
 ის, რომ ლაზიკა ბანას ასლი უნდა იყოს, უბრალოდ, არასერიოზული განცხადებაა, რადგან ამ ხელისუფლებას ამის გაკეთების არც ფინანსური პოტენციალი აქვს და არც ინტელექტუალური. ჩვენ ვნახეთ მათ მიერ განახლებული რაბათი - ახალციხეში ისეთი რაღაცები გააკეთეს, რაც არც ერთ საუკუნეში არ ყოფილა. ბაგრატის ტაძარი ისე "აღადგინეს", წყევლად ეყოფა ერს... ხელისუფლება ამ ყველაფერს ვითომ ტურისტების მოსაზიდად აკეთებს, მაგრამ ის ვერ გაიგო, რომ უცხოელ ტურისტს ძველი აინტერესებს და არა - ახალი და უგემოვნოდ გაკეთებული. მიშას ჰგონია, მთავარია თქვას, აქ აშენდეს ქალაქიო, და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თურმე ბავშვობაში ოცნებობდა. სინამდვილეში კი ყველა ჩვენ დაგვცინის. იუნესკომ პირდაპირ გვითხრა, - პირველი შემთხვევაა, ერი თავის კულტურას საკუთარი ხელით ანგრევდესო... სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ერთი ადამიანი - პრეზიდენტი წყვეტს, მაშინ, როცა ამ საქმეს სპეციალისტები საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ უნდა აკეთებდნენ. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ქალაქის აშენების აუცილებლობა და ფინანსური საშუალება არსებობს. ჩვენ გვაქვს ბათუმი და ფოთი, რომელთა პორტებიც სრულად არ არის დატვირთული, ასევე - ყულევის პორტი და კიდევ ერთი ახალი ქალაქის მშენებლობა გაუგებარია... არც იმას გვიხსნის ვინმე, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ქალაქ ლაზიკას. ვინც შეკითხვას სვამს, ყველა "რუსეთის აგენტია"... უნდა გვითხრან, რა მიზანი აქვს ამ ქალაქის აშენებას, თორემ ისე, უბრალოდ, - "მე მინდა, ავაშენო ქალაქი", - ამისთვის არ აგვირჩევია პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, მას არ ახსოვს, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა ხელისუფლებაში ყოფნის. ჩემი აზრით, ეს არის პროპაგანდა, რომ სააკაშვილი ქვეყნისა და ქალაქების მშენებელი "დავით აღმაშენებელია"! მას უნდა, რომ ასე იყოს. 30 წელი დასჭირდა დავით აღმაშენებელს, რომ ქვეყანა აეშენებინაო, - 30 წელი მოგვთხოვა... ახლა 45 წლისაა, 30 წლის შემდეგ 75-ის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასაც შევარდნაძის გზის გაგრძელება სურს... ასე რომ, მე და იმედია, ქართველ საზოგადოებასაც არ სჯერა ლაზიკის აშენების. ეს არის წინასაარჩევნო პიარი, რომელიც არჩევნებთან ერთად დასრულდება.

ირაკლი მაჭარაშვილი, "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი:
- ჭაობი ისეთივე მნიშვნელოვანი ეკოსისტემაა, როგორიც არის ტყე, ზღვა და ა.შ. ძალიან არაცივილიზებულია, როცა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, ახლა დავაშრობთ ჭაობს და რაღაცას ავაშენებთო. ეს იგივეა, რომ თქვა, გავჩეხ ტყეს და მის ადგილზე რაღაცას ავაშენებო, - თუმცა ასეც იქცევიან.

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი:
- როგორც ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, მაინტერესებს, რა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ლაზიკა მცხოვრებლებით შევავსოთ და იქ ადამიანები დავასაქმოთ? დანარჩენი ქალაქები - გორი, რუსთავი, თელავი და ა.შ. მოსახლეობით სრულფასოვნად არ არის დატვირთული და რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთი ქალაქის აშენება?.. ისე კი, ცნობისათვის ვიტყვი: ტერიტორია, სადაც ლაზიკის აშენებას აპირებენ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, ჭაობიანი ნიადაგი ჟანგბადის ყველაზე ძლიერი რეგულატორია, მათი მოსპობა კი - დაუშვებელი. გარდა ამისა, ეს არის გადამფრენი ფრინველების დროებითი დასასვენებელი ზონა. თუ ლაზიკა უცხო ტომების ჩამოსახლების მიზნით შენდება, ეს დანაშაული იქნება ერის წინაშე. თუმცა ასეც ხდება - ამის მაგალითია ბურების ჩამოსახლება და ჩინელებისთვის მიწების დარიგება. ამიტომ, გამორიცხული არ არის, ლაზიკაც ვიღაცისთვის კეთდებოდეს... რაც შეეხება ფოთს: მისი პორტი არის ჩვენი კარიბჭე. შავი ზღვის სანაპირო ზოლი კი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ კიდევ ერთ პორტს დავუთმოთ. ჩვენ ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ შავი ზღვისპირეთი და არ გადავტვირთოთ იგი ნაგებობებით.

ირაკლი კაკაურიძე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მთავარი სპეციალისტი:
- საინჟინრო თვალსაზრისით, იმ ადგილას ქალაქის აშენება საკმაოდ რისკიანი და რთული წამოწყებაა, რადგან ნახევარმილიონიანი ქალაქის ჭაობიან გრუნტზე დაგეგმარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. 

- კი, მაგრამ ვენეცია ხომ სულაც წყალზე დგას!..
-
 კი, ბატონო, მაგრამ ამ ქალაქში სხვა ტიპის შენობებია, ძირითადად - ორსართულიანი ნაგებობები. აქ კი ცათამბჯენების, მაღალსართულიანი სახლების და დიდი ზომის ხიდების აშენებას აპირებენ. მთელი ქალაქის დაგეგმარებას, მშენებლობას წინასწარი საკვლევი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება, მით უმეტეს - ჭაობიან გრუნტზე. ამდენად, ლაზიკის შემთხვევაში, ყველაფერი დეტალურად შესასწავლია და გეოლოგიური, გეოდეზიური, გეოფიზიკური სამუშაოებია ჩასატარებელი.