„საერთო გაზეთს“ ცნობილმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ძალზე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძის მამის არცთუ სახარბიელო წარსულს ეხება. ამ თემით შეიძლება არც დავინტერესებულიყავით, რომ არა სურამში მომხდარი ის ცნობილი ინციდენტი, რა დროსაც მინისტრის მამა და მისი ქალიშვილი გავეშებით ებრძოდნენ ხალხთან შესახვედრად მისულ „ქართული ოცნების“ წევრებს.
მამუკა ნოზაძე: „ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო, ყოველ შემთხვევაში გოგა ხაჩიძე იმ პერიოდში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გახლდათ, როცა ხაშურის სასამართლო (მოსამართლე თამაზ თაყაძე) იხილავდა სამოქალაქო საქმეს, სადაც მე ერთ-ერთი მოპასუხის ინტერესებს ვიცავდი.
ამ საქმეში კიდევ ორი მოპასუხე იყო, მათ შორის ხაჩიძის მამა. საქმე ეხებოდა „მხედრიონის“ ზეობის პერიოდში ხაშურში მომხდარი დაყაჩაღების ფაქტს. სარჩელის შინაარსი იყო ასეთი, რომ სამმა შეიარაღებულმა პიროვნებამ დააყაჩაღა ხაშურში მცხოვრები ეთნიკურად ოსი პირი და ამ ყაჩაღობაში იმხილებოდა გოგა ხაჩიძის მამაც. დაზარალებული ჩიოდა, რომ მისი სახლიდან გაიტაცეს ანტიკვარული იარაღი და მის დაბრუნებას ითხოვდა.
სხვათა შორის, ამ დანაშაულზე იმ პერიოდშივე აღიძრა სს-ის საქმე, თავდამსხმელები დააკავეს და ისინი რამდენიმე თვე ისხდნენ შსს-ს შენობაში არსებულ იზოლატორში. მაშინ დაკავებულებს დროებითი დაკავების იზოლატორების გარდა, შსს-ს შენობაში არსებულ საკნებშიც ათავსებდნენ დიდი ხნით. სამოქალაქო სარჩელი ამ სს-ის საქმიდან გამომდინარე იყო, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ანუ მოპასუხეები გაამართლა, მათთვის არ დაუკისრებიათ ამ იარაღის დაბრუნება.
გუბერნატორის მამას სააკაშვილის სასამართლო ცხადია, არ დასჯიდა...
– ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ დაზარალებულმა ვერ შეძლო თავისი უფლებების დაცვა, შესაბამისი მკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რომლის თანახმადაც დაადასტურებდა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ეს ანტიკვარული იარაღი და ის გაიტაცეს. თავის დროზე, როდესაც დაზარალებულმა პოლიციას მიმართა საქმე მხოლოდ დაყაჩაღების ფაქტზე აღიძრა, იარაღის გატაცებასთან დაკავშირებით მას მაშინ არ მიუმართავს, ამიტომ ამ დანაშაულზე არ აღძრულა საქმე. რახან ეს გატაცება ვერ დაამტკიცა (სამოქალაქო საქმეში თითოეული მხარე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს), ამიტომაც საქმე ყველა სასამართლო ინსტანციაში წააგო.
ასე რომ, ხაჩიძეს არავინ არაფერს უგონებს, მამამისი მართლაც იმხილებოდა ყაჩაღობაში და მე, როგორც ადვოკატი უშუალოდ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულთან დაკავშირებულ კონკრეტულ საქმეში. ეს საქმე დღეს არქივშია, ნებისმიერ დაინტერესებულ ჟურნალისტს შეუძლია გამოითხოვოს და ჩემს სიმართლეში თავადვე დარწმუნდება. მაშინ ნაცმოძრაობას ასე არ ჰქონდა სახელი გატეხილი და სიმართლე გითხრათ, ძალზე გამიკვირდა, რომ ისეთი კაცი დანიშნეს გუბერნატორად, რომელსაც ასეთი საეჭვო წარსულის მამა ჰყავდა. იმავე სასამართლოზე გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ მამა ხაჩიძე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრი იყო და კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა.
დამნაშავეებმა სისხლის სამართლებრივად თუ აგეს პასუხი, მითუმეტეს დაკავებულები ყოფილან?
- ეს საქმე სასამართლომდე არც მისულა, მოგეხსენებათ მაშინ რა განუკითხაობაც იყო. როგორც გითხარით ეს პიროვნებები რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, მაგრამ არავის უთქვამს მამა ხაჩიძე და მისი თანამზრახველები ამ ყაჩაღობაში უდანაშაულოები იყვნენო. საქმე არც შეწყვეტილა, უბრალოდ მათ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ, ბრალდებულები გაუშვეს და პოლიცია ამ საქმეს მერე აღარ მიბრუნებია (ისე ეს არც არის გასაკვირი, რადგან ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ უმძიმეს დანაშაულობებთან დაკავშირებით მსჯავრდებული „მხედრიონელები“ ძალზე მალე შეიწყალა და თავისუფლება აჩუქა – მ.ს.).
სხვათა შორის გია ყარყარაშვილმაც განაცხადა თავის ინტერვიუში, რომ მამა ხაჩიძე „მხედრიონის“ წევრი იყო და სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტებში იღებდა მონაწილეობას. მე მხოლოდ ეს ფაქტი ვიცი, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო, რადგან გაცნობილი ვარ საქმის მასალებს, რომელთა მიხედვითაც ხაჩიძის მამა დაკავებული იყო გარკვეული პერიოდი კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით.