კახა მიქაია:

კახა მიქაია:"სქურის ტყეში ძალოვნებს საიდუმლო ბანაკი აქვთ. ასეთი პატარა-პატარა ბანაკები არის მთლიანად სამეგრელოს ტერიტორიაზე და სვანეთშიც"

"წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურის ტყეში განთავსებულ ბანაკში პოლიციელები არიან" - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი კახა მიქაია. მისი თქმით, ინფორმაცია სქურის ტყის ბანაკის შესახებ ადგილობრივებმა მიაწოდეს და ის შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებისგან მოითხოვს, გააკეთონ ოფიციალური განცხადება მათ შესახებ, თუ ვინ არიან და რა დანიშნულება აქვთ. მიქაიას მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც ახლა სამეგრელოსა და სვანეთის ტყეებში არიან განლაგებული, თავის დროზე ზუგდიდის "ზონდერ-ჯგუფებში" იყვნენ და ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ სხვადასხვა ადგილებში გადაიყვანეს", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში სათაურით მიქაია: სქურის ტყეში ძალოვნებს საიდუმლო ბანაკი აქვთ.

"როდესაც ჟურნალისტებთან და მეგობრებთან ერთად ავედი სქურის ტყეში, აგვიკრძალეს გადაღება. როცა ვკითხეთ - რის საფუძველზე გვიკრძალავდნენ, გვითხრეს - ადამიანურად გთხოვთ, აქედან წახვიდეთო. ჩემთვის გასაგები იყო, რომ თუ ეს გასაიდუმლოებულია, ასე არ "იმალებიან" - მთელმა სამეგრელომ იცის, რომ ისინი იქ არიან. ყველაფერი ეს, ჩემი აზრით, უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. 2 თვეა, რაც ეს ინფორმაცია მაქვს, რომ სქურში არის პოლიციელების ბანაკი. დგას პოლიციის მანქანა, გაშლილია კარვები. დღესაც მივედი და ვკითხე, ვინ არიან. ისინი მპასუხობენ მარტო იმას, რომ უნდა დავტოვო იქაურობა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა ამასთან დაკავშირებით: თუ მართლაც გასაიდუმლოებული ბანაკი აქვს სქურში პოლიციას, მთელმა სქურმა და მთელმა წალენჯიხამ რატომ იცის, რომ ისინი იქ არიან?! მაქვს, ასევე, ინფორმაცია, რომ ასეთი ბანაკები არის ჩხოროწყუში, ზუგდიდშიც, სვანეთშიც და ა.შ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია. 

"ვინ არიან ესენი ზუსტად ვერ გეტყვით. ამაზე პასუხი უნდა გაგცეთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ესენი ახალგაზრდა ადამიანები არიან, რომლებმაც გვითხრეს, რომ არიან პოლიციელები. რისი პოლიციელები, რა განყოფილების - ამაზე არაფერს არ გვპასუხობენ. ცდილობენ, თავიდან მოგვიშორონ. ერთ-ერთ მათგანს ვკითხე კიდეც - თუკი გასაიდუმლოებულია მათი ვინაობა, არგუმენტირებულად დაემტკიცებინათ. გვიპასუხეს: ეს იქ იკითხე, სადაც საჭიროაო. არ მინახავს, რას აკეთებენ. არც იარაღი დამინახავს. როგორც კი დაგვინახეს (ტვ 9-სთან და ინფო 9-სთან ერთად ვიყავი მისული), მაშინვე სირბილით შევარდნენ კარავში და კარვის კარებიც დახურეს. მოსახლეობისგანაც ვიცით, რომ აქ ეს ბანაკი ნამდვილად არის. ზოგი "სალდატებს" ეძახის მათ, ზოგი რაღაცა სამხედრო დაჯგუფებას..." - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "თუკი მართლაც პოლიციელების ბანაკია ტყეში, ამაში რა საშიშროებას ხედავთ?" - პასუხობს:

"მთავარი აქ ის არის, რომ ისინი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ მოსახლეობაზე. ადამიანები შეწუხებულები არიან. შესაძლებელია, მათი აქ ყოფნა უკავშირდება კიდეც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. მე არ ვიცი, ეს ადამიანები სხვა რისთვის შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ. ხელისუფლებას ესენი შეუძლია გამოყენოს ყველანაირი პროვოკაციისთვის. მაგალითად არჩევნების გასაყალბებლად, მიტინგების დასარბევად. მე ვერ ჩამოვთვლი იმ სიას, რისთვისაც შეიძლება ასეთი უკონტროლო ადამიანები გამოიყენოს ხელისუფლებამ - უკონტროლოს იმიტომ ვეძახი, რომ არც შსს-ში, არც თავდაცვაში და, საერთოდ, არც ერთ სამინისტროში არ არიან აღრიცხულნი. საზოგადოება ამ ბანაკზე ინფორმაციას არ ფლობს. არავინ იცის, ვინ არიან. ფაქტია, რომ უკონტროლო ადამიანები არიან ხელისუფლებისთვის მართვადნი. მათ რომ ეთქვათ, რომ ჩვენ ესა და ეს ვართ, თავს დავანებებდით".

"ვხედავთ პოლიციის მანქანა დგას, ვხედავთ ვარჯიშობენ ახალგაზრდა ბიჭები, მერე ჩვენს დანახვაზე გარბიან და იმალებიან - რა ხდება? შსს და თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად რატომ არ ლაპარაკობს მათზე?! და თუ საიდუმლოა, როგორი საიდუმლოა, როცა მათზე მთელმა სქურმა და წალენჯიხამ იცის?! სულ ორი კარავია. ერთი ძალიან დიდია. არის გადახურული ცელოფნით, სადაც თეფშები, ჭიქები აწყვია. არის საველე პირობებში მოწყობილი აბაზანა-ტუალეტი; არის მინდორი, სადაც ფრენბურთს თამაშობენ. რაც მე დავინახე, 30-დან 40 ადამიანამდე იქნებოდა. კიდევ გეუბნებით, რომ ასეთი პატარა-პატარა ბანაკები არის მთლიანად სამეგრელოს ტერიტორიაზე და სვანეთშიც", - დასძენს კახა მიქაია.