"11 ადამიანის სიკვდილი ასე მარტივად არ ჩაივლის"

"რამდენიმე სახეობის იარაღი, რომელიც შსს-მ კადრებში გვაჩვენა, არ არის კავკასიის ქედით გადმოლახული. მთები გამოიარეს, ხევსურეთიდან ლაფანყურში ტყე-ტყე იარეს და ავტომატს ნაკაწრი არ ჰქონდეს, ეს უცნაურია. ან ტყვიამფრქვევი, რომლის თრევასაც ადამიანის დიდი ძალისხმევა სჭირდება და მას ნაკაწრი არ ჰქონდეს და ახალთახალივით გამოიყურებოდეს, მსგავსი ზღაპრით შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაარწმუნო, მაგრამ მე ნანახი მაქვს ეს ყველაფერი, საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი და ამაში ვერ დამარწმუნებენ. ასევე ძნელი დასაჯერებელია, რომ კავკასიის ქედგადმოლახულ მებრძოლებს "ბარამბოები" ჰქონოდათ... დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სრული ინფორმაცია და ამ ზღაპრებით კითხვებს უფრო მიჩენენ," - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გია ყარყარაშვილი, გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ყარყარაშვილი: "11 ადამიანის სიკვდილი ასე მარტივად არ ჩაივლის".

"ყოველდღიურად ახალ-ახალ ინფორმაციას ვღებულობთ. პირველი ვერსია არის ის, რომ ეს იყო ხევსურეთიდან გადმოსული ჩეჩნებისა და მონათესავე ქისტებისაგან ადგილზე დაკომპლექტებული და გაწვრთნილი ჯგუფი, რომელიც შემოუშვეს ჩეჩნეთიდან და ალბათ მათ დაღესტანში გადასვლა სურდათ. სასაზღვრო ძალებმა ისინი დაინახეს - შემოუშვეს თუ შემოეპარათ, არ ვიცი. არის ვერსია, რომ ისინი საქართველოში მცხოვრები ქისტები იყვნენ და თუ ეს ასე აღმოჩნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. მათი ოჯახის წევრები მალე გაიგებენ მათი ახლობლების დაკარგვას. ოფიციალური ვერსიით შსს-ს ოფიცერი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ დარჩა ე.წ. დივერსანტებთან, ტელეფონით დარეკვა ითხოვა და ტელეფონი სადაც იჭერდა, იმ ადგილზე გაიყვანა ორი მებრძოლი, სადაც სპეცრაზმი იყო ჩასაფრებული - ამ ორი თანმხლებიდან ერთი მოკლეს, მეორეს რა დაემართა, საუბარი არ არის. გაიქცა, ტყვედ ჩაიგდეს თუ სად გაქრა?.. აქ ჩნდება ეჭვი, ეს მეორე ის ადამიანი ხომ არ არის, მეცხრე არხმა რომ გადაიღო. გასისხლიანებული მანქანაში რომ ჰყავდათ ჩვენ სამხედროებს და მისი ტენტით დაფარვას ცდილობდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ყარყარაშვილი.

"საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ამხელა გზაზე, მთებში გამოვლილ რაზმს ის შეიარაღება ჰქონოდა, რაც შსს-მ კადრებში აჩვენა. იარაღის ის არსენალი წარმოუდგენელია მთებში მოსიარულე დივერსიულ ჯგუფს თან ეტარებინა და თანაც, იმ კადრებში ერთი ნაკაწრი არ ჰქონდა იმ "პულიმიოტებს". ასე არ ხდება. ბევრი მივლია იარაღით ტყეებსა თუ მთებში და ვიცი, რომ ეს არარეალურია. საოცარია ისიც, რომ ამ დივერსანტებს ბარამბოს შოკოლადები ჰქონდათ საგზლად. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. ხელისუფლების ვერსია სრულყოფილი არ არის და ასე არაპროფესიონალურად რატომ აკეთებენ, არ ვიცი. ერთი რამ ნათელია, ეს განცდას მიჩენს, რომ 11 ადამიანის გარდაცვალება ასე უპასუხოდ არ დარჩება. მიცვალებულთა მომკითხავი აუცილებლად გამოჩნდება. თუკი ეს ხალხი ჩეჩნები და ქისტები აღმოჩნდებიან, ეს კიდევ ახალ საფრთხეს წარმოშობს. 11 ადამიანის სიკვდილი ასე მარტივად არ ჩაივლის. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის რომ, ამ სპეცოპერაციით პუტინს ასიამოვნა. ასევე ის, რომ ტერორიზმში ბრალდებული თუ თავისუფლებისათვის ამბოხებული ხალხის ლიკვიდაციით, ამა თუ იმ ფორმით, მხარე აღმოჩენილიყო. ამას კი აუცილებლად ექნება გამოძახილი", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლის სხვადასხვა ფორმები არსებობს. ჩვენ ვიცით პუტინის ბრძოლის მეთოდები. ვლადიკავკაზში თუ მოსკოვში ყველგან ადგილზე ლიკვიდაციის მეთოდს იყენებს. სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ისრაელს, ევროპის სახელმწიფოებს აქვთ ფორმები, როდესაც ნებისმიერი ერთი კაცის სიცოცხლეს უფრო მეტი ფასი ადევს, ვიდრე ტერორისტების ლიკვიდაციას. ის მეთოდი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა, ადამიანებთან, რომლებიც კონფრონტაციაზე არ მოდიოდნენ და მათთან მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელი იყო, ჩვენმა ხელისუფლებამ ინციდენტის პუტინის მიერ არჩეული ხერხებით სწრაფი ლოკალიზება არჩია. მიცვალებულები არაფერს არ ლაპარაკობენ. ხელისუფლება არ დაინტერესდა, რას იტყოდნენ ისინი, ვისი დავალებით და საიდან იყვნენ გადმოსულები. რა დაავალეს - ეს პროვოცირებაა, რუსული სპესამსახურების მიერ სპეციალურად მოწყობილი, თუ რა", - განაგრძობს გია ყარყარაშვილი.

"ხელისუფლების ვერსიით კიდევ ერთხელ დავდექით ფაქტის წინაშე - საკითხავია, როგორაა გარანტირებული ჩვენი უსაფრთხოება. აღმოვაჩინეთ, რომ საქეიფოდ გასული პატარა ბიჭები პოულობენ დივერსიულ ჯგუფს, რომელმაც საზღვრიდან 20-30 კილომეტრი ისე გამოიარა, არავის უნახავს", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შეკითხვას - "არის ვერსია, რომ ეს ადამიანები დიდი ხანია საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ამბობენ, თითქოს კახეთშიც უნახავთ ისინი და არ შეიძლება ეს ხელისუფლებას არ სცოდნოდა. იმარატის განცხადებაშიც არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს "უმუხთლა". თუმცა არ ვიცით, რა "მუხთლობაზეა" საუბარი", - პასუხობს:

"იმ ნიშნებიდან, რაც იკვეთება, ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა ამ ჯგუფის შესახებ - ადგილობრივების ინტერვიუებით და იმ ფაქტით, რომ ლაფანყურის მახლობლად სპეცოპერაციამდე ერთი კვირით ადრე იყო გათხრილი სანგრები. არის ვერსია, რომ ჩეჩნეთიდან ქისტებმა გადმოკვეთეს საზღვარი და სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა შეატყობინეს ქართულ მხარეს ეს ფაქტი და რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამიტომ დაიწყო სანგრების გათხრა. იკვეთება ისიც, რომ ამ ჯგუფის განადგურებით ჩვენი ხელისუფლება კრემლის დიდ მადლობას დაიმსახურებს. ჯერ პუტინი იყო ჩვენი მტერი, ახლა კი პუტინის გასახარად ახალი მტრები აღმოვაჩინეთ. ამ სპეცოპერაციაში მთავარი ისაა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პუტინის მეთოდი გამოიყენა და არა რამე მოლაპარაკება, არამედ მხოლოდ პირდაპირ ლიკვიდაცია გამოიყენა - ანტიტერორისტულ საქმიანობაში მომლაპარაკებლის თანამდებობა არსებობს. ამ თვისებების მქონე ადამიანს წინასწარ ამზადებენ, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის მთავარი ამოცანა", - განმარტავს გენერალი.

"ამ ბავშვებს ისინი შემთხვევით გადაეყარნენ და ალბათ მეგზურად აიყვანეს. ეს ხდება ხოლმე, ისევე როგორც ხელისუფლების ამოცანაა გაატაროს ანტიტერორისტული ღონისძიება, მაგრამ მთავარი ამოცანა საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვაა. თუმცა როცა დივერსიული ჯგუფი აგრესიული არ არის და ტყვეებსაც უმალვე ათავისუფლებს, ვალდებული ხარ, ასეთ ჯგუფთან მოლაპარაკება აწარმოო და ეცადო ნაკლები სისხლი დაღვარო. დივერსანტებიდან ერთი "ქართულად ლაპარაკობდაო" - ამიტომაც მაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანები ბოევიკები არ ყოფილან, ისინი საქართველოს მოქალაქე ქისტები იყვნენ და მალე აღმოვაჩენთ, რომ სპეცოპერაციაში საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ. ქისტები მოძმე ხალხთან ერთად იბრძვიან ფედერალების წინააღმდეგ და არ გაგიკვირდეთ, რომ ახლობლები მალე მოიკითხავენ ამ დაღუპულებს და ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ამას მალე გავიგებთ", - აცხადებს გია ყარყარაშვილი.

"ეს ვერსიებია იმ ინფორმაციიდან, რასაც ვიგებთ, თორემ ჭორები გაცილებით მეტია -ის, რომ ორი დაღუპული ქართველი არა სპეცოპერაციის დროს სროლებში გარდაიცვალა, არამედ მანქანა ამობრუნდა და ამის გამო დაიღუპნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის სრული ინფორმაცია. მე მხოლოდ ლიკვდაციის ფორმაზე შემიძლია კომენტარი გავაკეთო. ჩემში ეჭვს ბადებს ისიც, სად გაქრა ის მეორე ადამიანი, რომელიც შსს-ს ოფიცერს დარეკვისას გამოაყოლეს. ჩვენ ტყვე არ გვყავს და სად გაქრა მეორე დივერსანტი, რატომ არ გვეუბნებიან? ხომ არ იყო ის შეგზავნილი? აქაც ბევრი ვერსიაა. მე დასკვნას ვერ გავაკეთებ, მე მაქვს კითხვები", - დასძენს რესპონდენტი.