სპეციალისტები ხუდონჰესს ქართული ენერგეტიკის საბაზისო პროექტად მიიჩნევენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ამ რესურსის აუთვისებლად ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ წავა, ხოლო მის გარეშე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი შეუძლებელია.
გეოლოგი დავით არევაძე ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზეც საუბრობს და თვლის, რომ მისი გაზიარება საზოგადოებრივი აზრის დაბალანსებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
უფრო ვრცლად, როგორ აფასებს ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას, რა მისცა საბჭოურმა გამოცდილებამ ქართულ ენერგეტიკას, რამდენად დაეხმარება პროექტი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწეევაში? _ ამ და სხვა კითხვებს დავით არევაძე პასუხობს.
_ როგორ აფასებთ ზოგადად სიტუაციას საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხრივ და რამდენადაა უზრუნველყოფილი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით?
_ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ენერგეტიკის სფერო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს, რადგან არსებული რესურსების უმეტესობა ასათვისებელია. ქვეყანა მთლიანად რუსეთსა და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. მადლობა ღმერთს, აზერბაიჯანი ელექტროენერგიას შედარებით იაფად და შეუფერხებლად გვაწვდის. ერთხელაც, მიწოდება თუ შეფერხდება, გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. არ მესმის, რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული, როდესაც არის შესაძლებლობა, საკუთარი ელექტროენერგია გამოვიმუშავოთ. ხუდონი ნამდვილად არის ის პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებელს გახდის და ამ რესურსის ექსპორტზე გატანის საშუალებასაც მოგვცემს. ეს უდიდესი დოვლათია, რითაც დღეს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.
_ გასული საუკუნის 80-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია ხუდონის მშენებლობის მხრივ, შემდეგ პროექტი შეჩერდა. ‘’ვარდების რევოლუციის’’ შემდგომ, ქვეყანაში კვლავ დაიწყო ხუდონის თემის გააქტიურება და როგორც ცნობილია, თავად ზურაბ ჟვანიაც კი იყო ამ პროექტის მომხრე.
_ იმხანად საქართველოში სხვა პოლიტიკური სიტუაცია იყო. თუმცა, პროექტის მიმართ დამოკიდებულება დიდად არც მას შემდეგ შეცვლილა და ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღესაც ანალოგიურ პოზიციაზე დარჩნენ. თუმცა, გამოჩნდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც დღეს ლოზუნგების დონეზე გამოდის. თავის დროზე აწგანსვენებულ ზურაბ ჟვანიას ხუდონჰესი, როგორც პოლიტიკოსს, სჭირდებოდა და ეს თემა მან კარგად გამოიყენა. სხვა შეფასებას შეგნებულად მოვერიდები. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.
ვთვლი, რომ საქართველოს სჭირდება საბაზისო ენერგია, რის მიღწევაც ხუდონჰესის გარეშე წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა, ენგურჰესთან ერთად. ეს არის სტრატეგიული ამოცანა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მისი განხორციელება ღირსეულად უნდა მოვახდინოთ, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა და ქვეყანამ დიდი სარგებელი მიიღოს.
_ თუმცა, დღეს პროექტის გარშემო, ოპონენტების მხრიდან იმდენად დიდი უარყოფითი ემოციაა, რომ ამ სარგებლის დანახვა და გაცნობიერება უჭირთ კიდეც. ამ მხრივ, რა შეიძლება შეგვძინოს ევროპულმა გამოცდილებამ, რომ საზოგადოებრივი აზრი მეტნაკლებად დაბალანსდეს?
_ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალპური ქვეყნების გამოცდილება. მე ვიმყოფებოდი ავსტრიაში, სადაც თითქმის ყველა მდინარეზეა ელექტროსადგურები. ავსტრიული ალპები არაფრით არ განსხვავდება კავკასიურისგან. ავსტრია და შევეიცარია ის ქვეყნებია, სადაც ქვეყნის ეკონომიკა მაღალ დონეზეა განვითარებული და სამშობლო ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ. მით უმეტეს, ეკოლოგიაზე ჩვენზე ნაკლებად არ ფიქრობენ.
ჰესების მშენებლობით ავსტრიელებს და შვეიცარიელებს არც ქვეყანა ენგრევათ და არც ეკოლოგიური პრობლემები აქვთ. ამასთან, ყველა ანალოგიური პროექტი ხორციელდება ისე, რომ საკუთარ ფასეულობებს არ კარგავენ. მაქსიმალურად იყენებენ ყველაფერს, რის გამოყენებაც და ათვისებაც შესაძლებელია.
დღეს ამ ქვეყნებს ელექტროენერგიის პრობლემა არ აქვთ. ასეთ ფონზე, არ უნდა ვთქვათ უარი იმ სარგებელზე, რომელსაც ხუდონჰესი მოგვცემს, ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.
უნდა მოვეფეროთ სვან ხალხს და როგორმე შევძლოთ მათი დარწმუნება ამ პროექტის უპირატესობაში.
_ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 90-იან წლებამდეც საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა მცირე ელექტროსადგურების მშენებლობა, თუმცა, მისმა საჭიროებამ, რატომღაც, დიდხანს არ გასტანა. რა გახდა მიზეზი, რამაც იმ პერიოდში ეს ინტერესი შეანელა?
_ საბჭოთა კავშირი მოწყობილი იყო ისე, რომ ყველაფერში გრანდიოზულს ეძებდნენ. იმ დროს ჩვენი მდინარეების უმეტესობა დატვირთული იყო სადგურებით, მაგრამ როგორც კი ენგურჰესი აშენდა, ეს საჭიროებაც მოიხსნა. მარტო ხარაგაულის რაიონში რამდენიმე მცირე ელექტროსადგური მუშაობდა. მდინარე ვახანურაზე იყო ქვესადგური, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, 800 კომლს, სრულად ამარაგებდა ელექტროენერგიით. ასეთივე ქვესადგური მდებარეობდა მდინარე მარელისზეც და ასეთი უამრავი მდინარე იყო საქართველოში. ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ პატარა ჰესების საჭიროება, როგორც უკვე გითხარით, აღარ გახდა, რადგან უაზარმაზარი ელექტროენერგია შემოდიოდა რუსეთიდან. ევროპაში ყველა მდინარეზე ჰესია, ამას უამრავი ქვეყანა აკეთებს, მაგრამ არ აქვთ პრობლემა.
არ ვხედავ პრობლემას ტყის მასებთან დაკავშირებითაც. შვეიცარია, რომელიც საქართველოზე პატარა ქვეყანაა, სამჯერ მეტ ხე-ტყეს ჭრის და ორმილიარდიანი შემოსავალი აქვთ. ამ რესურსის გამოყენება იქ გონივრულად ხდება. ხე-ტყე აღდგენადია, მაგრამ მის ჭრას აქვს თავისი წესი, რომელიც გასათვალისწინებელია.
სწორად თუ გატარდება ღონისძიებები, ეკოლოგიურ საფრთხეს გამოვრიცხავ. ეს არ არის პრობლემა, რის გამოც შეიძლება ხუდონჰესზე უარი ითქვას!