"დღეს საქართველო 75 პროცენტით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა, საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა. დამეთანხმებით, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არის თითქმის ტოლფასი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია." - ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხუდონჰესი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.
კახა კალაძის ამ მოსაზრებას ეთანხმება გარემოს დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძეც:
"ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ ქვეყანას ჭირდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. ეს იქნება ხუდონი, უფრო პატარა თუ უფრო დიდი ჰესი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოხდეს საკითხის ღრმა შესწავლა და ანალიზი. ერთია, რომ ძალიან გვჭირდება რაღაცა და მაგაზე არავინ დავობს, დარწმუნებული ვარ ყველაზე ექსტრემალი გარემოსდამცველებიც კი, უბრალოდ, დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველაფერი, რათა ქვეყანას რაიმე პრობლემა არ შეექმნას." - აცხადებს მინისტრი.
ცნობილი ენერგეტიკოსების განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეებიც კი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აღნიშნული პროექტის განხორციელების საჭიროებას ხედავდნენ.
როგორც არქივში მოძიებული მასალების მიხედვით ირკვევა, მათ შორის იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც, რომელიც 90-იან წლებში "მწვანეთა მოძრაობიდან" ხუდონჰესის მშენებლობას თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა.
2002 წლის 21 აგვისტო - 1 სექტემბერი გაზეთი "ვერსია". სტატიის სათაური: "ხელისუფლება ხუდონჰესს დღემდე აშენებს"
ზურაბ ჟვანია: "როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, აშშ-ში და ევროპაში, ბიზნესმენების ჯგუფებთან შეხვედრებისას, ხშირად შემითავაზებია, რომ სერიოზულად ეფიქრათ ინვესტირებაზე საქართველოს ენერგეტიკაში, მათ შორის ხუდონჰესის პროექტის განახლებაში, ოღონდ რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. არის რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იქ არსებული ქვაბული. ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული და ასე მიგდების წინააღმდეგნი ვიყავით მწვანეთა პარტიაში ყოფნის დროსაც. ჩვენ კონსერვაციის მომხრენი ვიყავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასე მიგდების. მოკლედ, დაუშვებელია ხელაღებით იმის თქმა, რომ იქ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. იქ ჩატარებული სამუშაოები საშუალებას იძლევა ძალიან სერიოზული ობიექტი შეემატოს ქართულ ენერგოსისტემას."
რას ფიქრობენ დღეს ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ცნობილი ექსპერტები, ენერგეტიკოსები და პოლიტიკოსები, როგორია მათი მოსაზრება?
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი, პაატა ცინცაძე:
"დღეს, ხუდონის მოწინააღმდეგეებმა ძალიან ბევრი რამ არ იციან ამ პროექტის შესახებ.
როგორც "ხუდონჰესი", ასევე "შაჰ დენიზი-2" საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სიპის ინიციატივა, რომ 2014 წელი ამ პროექტების წლად გამოცხადდეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. "შაჰ დენიზის" მშენებლობის გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, უკვე აშენებულია "თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი", ეს პროექტი იქნება სასარგებლო იმით, რომ მივიღებთ დამატებითი რაოდენობით გაზს და გარდა ამისა, ის სპეციალისტები, რომლებიც თავის დროზე „შაჰ დენიზი-1“-ზე მუშაობდნენ, ისევ დასაქმდებიან.
რაც შეეხება ხუდონჰესს, ამ ჰესის მშენებლობა აუცილებელია მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხუდონის მშენებლობა აუცილებელია კიდევ ერთი ფაქტორის გამო, როგორც იცით, იქ დაუმთავრებელი, დაუკონსერვებული მშენებლობა, რომელიც გარემოს უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე მისი აშენება და ბოლომდე მიყვანა. მის დაკონსერვებას 200 მილიონი სჭირდება, ეს თანხა ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, სამაგიეროდ იგივე ბიუჯეტი აქედან ვერაფერს სარგებელს ვერ მიიღებს. ამიტომ, ეს სადგური უნდა დასრულდეს და თანაც, აუცილებლად. თანაც, ხუდონის მშენებლობით ქართული ჰიდროენერგეტიკული სკოლის გაცოცხლება მოხდება, რომელიც ერთ დროს ძალიან ძლიერი იყო და შემდგომ ჩაკვდა!"
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ არველაძე: "როგორც "ხუდონჰესის", ასევე "შაჰ დენიზი-2" აუცილებლად უნდა აშენდეს. უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გვაძლევენ ეს ობიექტები, ცხადია, რომ ერთიც და მეორეც ძალიან დადებითი მოვლენა იქნება საქართველოსთვის. ერთი მოგვიტანს დამატებით ელექტროენერგიას, მეორე კი ბუნებრივ აირს."
საქართველოს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი, გია არაბიძე: " "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის მიერ 2014 წლის "შაჰ დენიზი-2"-ისა და „ხუდონჰესის“ წლად გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორივე პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. როდესაც მომავალი წელი ამ პროექტების წლად გამოცხადდება, როდესაც ამ საკითხებზე გაიმართება კონსულტაციები, ხალხი მათ სხვა თვალით შეხედავს. ენერგეტიკა სხვანაირად ვერ გადარჩება. წლად გამოცხადება იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც 2014 წელს დაიწყება მათი მშენებლობა, ეს ნიშნავს საკითხის კარგად აწონ-დაწონვას და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას."
გიორგი აბაშიშვილი: ხუდონისა და "შაჰ დენიზი-2"-ის განხორციელება ენერგოდამოუკიდებლობისთვის აპრიორია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშანიც არ ჩანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი რესურსი, რაც საქართველოს აქვს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი ხუდონჰესზე, თუ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გვაქვს ორიენტირი. ეს არის ჩემი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვიქნებით მართლები შთამომავლობასთან, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეშლას არ გვაპატიებს. ჩვენ არ გვაქვს არგუმენტი, რის გამოც შეიძლება ხუდონჰესის მშენებლობაზე უარი განვაცხადოთ."
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე: ხუდონჰესი გრანდიოზული მასშტაბის, სიკეთის მომტანი პროექტია, რომელსაც მხარს ვუჭერ. ქვეყანა უპერსპექტივოა, თუ ენერგეტიკა არ განავითარა. ამის შესაძლებლობას კი საქართველოს, კონკრეტულად ხუდონჰესი აძლევს. ამისთვის კი უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, სადაც პროფესიონალების კრიტიკულ ხედვებს გაითვალისწინებენ. ყველა აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც კრიტიკული, მაგრამ საუბარი ემოციურ ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს. ერთადერთი რესურსი, რაც ბუნებამ საქართველოს უბოძა, ჰიდროენერგეტიკაა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გვინდა."
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი: ხუდონჰესის საკითხი წინა ხელისუფლების პერიოდშიც განიხილებოდა. მაშინ მიმაჩნდა, რომ ამ პროექტის ყველაზე სათუთი ნაწილი იყო განსახლება და ამ მხრივ გადაწყვეტილება საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ უნდა მიგვეღო. დღესაც ამ პოზიციაზე ვრჩები. ხუდონჰესის მშენებლობას მხარს ვუჭერ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაზარალდეს ხალხი. სხვა მხრივ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე: ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოსთვის აუცილებელია. ამ პროექტის განხორციელებაზე დიდ იმედს ვამყარებ. თუმცა, მაქვს ჩემი მოსაზრებაც და ვთვლი, რომ გარკვეული საკითხები დასახვეწია. ეს ეხება ეკოლოგიურ და განსახლების საკითხებს. ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზე დააყენებს. ვფიქრობ, რომ სრული ენერგოდამოუკიდებლობა მხოლოდ ხუდონის მშენებლობით არ მიიღწევა, მაგრამ ქვეყანას უფრო მეტად დამოუკიდებელს გახდის. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ პროექტი დიდწილად წაგვწევს წინ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უდავოდ დიდი მნიშვნელობის მოვლენა გახდება.
რა იქნება ყველაზე დიდი სიკეთე, რომელსაც ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოს მოუტანს? სპეციალისტებისა და ექსპერტების გათვლების მიხედვით, პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანა ასეთ შედეგს მიიღებს:
6 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიცია მილიარდ დოლარზე მეტია, რაც სერიოზული სარგებელია ქვეყნისთვის. ამავე პერიოდში (2014-2020 წლებში), ის გამოიწვევს მშპ-ს 1 %-ით ზრდას ანუ ეს მხოლოდ მშენებლობის აქტიურ ფაზაში. ამავე წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო და ქონების გადასახადების სახით მიიღებს 26 მილიონ ლარს, ხოლო თვითონ სვანეთისთვის ეს გადასახადი 5 მლნ ლარით განისაზღვრება. ექსპლუატაციის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტს შეემატება დამატებით 57 მილიონი ლარი, მათ შორის ადგილობრივ ბიუჯეტს – 18 მლნ ლარი. ელექტროენერგიის სიმძლავრე კი 470 მლნ კვ/სთ-ით გაიზრდება, რაც ელექტროენერგიის საფასურს 5,84 ცენტამდე შეამცირებს. საბოლოო ჯამში, 34 მლნ დოლარის ეკონომიას მივიღებთ. მნიშვნელოვანია საექსპორტო პოტენციალის ზრდაც, ხოლო ქართულ კომპანიებს ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით უჩნდებათ დამატებით 19 მლნ დოლარი. ეს არის ნაწილი ეკონომიკური ეფექტის, რომელიც ყველა გათვლიდან ჩანს...