ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პროკურატურას ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოსაძიებლად ორთვიან ვადას აძლევს.
როგორც ზაზა ხატიაშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, თუ საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ დანაშაულს არასრულყოფილად გამოიძიებს, ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს მიმართავს.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვითხოვ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე გია ხუხაშვილის მიმართ ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო, ადვოკატების ფარული საუბრის ჩაწერის გამო. ფაქტობრივად, გია ხუხაშვილმა დაადასტურა "რუსთავი 2"-ის ეთერში, რომ ის მონაწილეობდა გარიგებაში ორ კანონიერ სუბიექტს შორის, ამ მიზნით ის შეხვდა ადვოკატებს და მოახდინა საუბრის უკანონო ჩაწერა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ადვოკატთა ასოციაცია ბოლომდე იბრძოლებს, რომ გია ხუხაშვილი საბრალდებო სკამზე დაჯდეს", - განაცხადა ხატიაშვილმა.
საქმე ეხება პატარკაციშვილის ოჯახსა და ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე ფინანსურ დავას, სადაც მხარეების მორიგების პროცესში გია ხუხაშვილი მონაწილეობდა.
ხატიაშვილმა პრეს–კონფერენციაზე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მომენტში, როცა გია ხუხაშვილი აღნიშნულ დავაში იყო ჩართული იგი სახელმწიფო მოხელე იყო და იკავებდა პრემიერის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობას.
ადვოკატების ინფორმაციით, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ კერძო შეხვედრაზე გია ხუხაშვილმა ფარულად ჩაიწერა საუბარი, რომელსაც მათ წინააღმდეგ იყენებდა.