იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ იქნება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილეები, ასევე იუსტიციის მინიტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული ცვლილება უწყებას პოლიტიკური გავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლების სამართლებრივად უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
28 დეკემბერს ძალაში შევიდა ახალი კანონი “იურიდიული დახმარების შესახებ“, რომლის მიხედვითაც უფასო იურიდიული დახმარების სამსახური ხდება აბსოლუტურად დამოუკიდებელი. კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა (საგართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, სახალხო დამცველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იურიდიული დახმარების ბიუროები) უნდა უზრუნველყონ იურიდიული დახმარების საბჭოს ფორმირება. 9 წევრიან საბჭოში ერთ წევრს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი, სამს - ადვოკატთა ასოციაცია, სამს - სახალხო დამცველი, ორს - უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივიუ ბიუროები აირჩევენ.
ახალი კანონი უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას ხელისუფლებისგან და მაქსიმალურ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.