2013 წლის 27 დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა რეკომენდაცია, რომ მსჯავრდებულ ო.გ-ს სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განხორციელდეს სამსახურებრივი შემოწმება.
სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში უკვე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების დასრულების შედეგი ეცნობება საზოგადოებას.
რაც შეეხება აღნიშნულ მსჯავრდებულს, მის მიერ სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ჩადენილ სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, ო.გ-ს ბრალი ედება დაწესებულების კუთვნილი ნივთების განადგურებაში.
გამოძიების თანახმად, 2013 წლის 20 დეკემბერს, ღამით, ო.გ-მ ცეცხლი წაუკიდა საკანში არსებული ინვენტარს. ხანძრის შედეგად განადგურებულია 10 ცალი ლეიბი, 10 ბალიში, 10 პლედი, 10 ცალი საწოლის დიქტი, ასევე დაზიანებულია საკნის საპირფარეშოს მეტალოპლასტმასის კარი და ელექტროგაყვანილობის ნათურები.
საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა და იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ოდენობა ასცდება 150 ლარს, სახეზე იქნება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
ო.გ-სგან ასეთი ქმედება პირველი არაა, 2013 წლის 18 ოქტომბერს სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ო.გ-მ დააზიანა საკანში არსებული სათვალთვალო კამერა და ცეცხლი წაუკიდა საკანში არსებულ ლეიბს. 2013 წლის 19 ოქტომბერს, უკვე სხვა საკანში გადაყვანილმა ო.გ-მ მოტეხა სასმელი წყლის მილი, დაამტვრია კარადა, ხელების საბანი ნიჟარა, საპირფარეშოს კარები, საწოლის ე.წ. ,,დიქტი“ და დაწვა ორი ლეიბი.
ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 18-19 ოქტომბერს ო.გ-ს მიერ დაზიანებული ნივთების საერთო ღირებულებამ 455 ლარი შეადგინა.
ანალოგიური ქმედება ო.გ-მ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაშიც ჩაიდინა. მსჯავრდებულმა ფანჯრის მინა ჩაამტვრია, დააზიანა საპირფარეშოს ნივთები, ცეცხლი წაუკიდა ბალიშსა და ორ ლეიბს. დაწესებულებისათვის მიყენებულმა ზარალმა 75 ლარი შეადგინა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.
ო.გ. სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდის. წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი ქურდობისა და სატრანსპორტო საშუალების გატაცებისათვის.